"80 წელს ვუახლოვდები. ჯერ არ მახსოვს, გაკვეთილი გამეცდინოს ან გვიან მივსულიყავი სკოლაში. გაჭირვების პერიოდში, 3 წლის განმავლობაში, 20 კილომეტრს ფეხით გავდიოდი. არ მახსოვს გაკვეთილზე ხმა ამეწიოს", _ ასე დაიწყო "გურია ნიუსთან" საუბარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მცხოვრებმა ეთერ გარაყანიძემ.
80 წლის მარტოხელა ქალბატონი, რომელსაც სათვალე არ სჭირდება, სოფელ მელექედურის სკოლაში ისტორიას ასწავლის. სოფელ გომში პატარა სახლში ცხოვრობს, ამბობს, რომ მეზობლები ყველანაირად ეხმარებიან და მარტოხელობას ვერ გრძნობს. მისი თქმით, გაჭირვებას არ უჩივის.
როგორც ეთერ გარაყანიძე ამბობს, 1953 წლიდან აჭარაში, შუახევის რაიონის სოფელ ფურტიოს 8-წლიან სკოლაში მეუღლესთან ერთად დაიწყო მასწავლებლად მუშაობა, 1955 წლიდან ამავე რაიონში, სოფელ ბრილში გააგრძელა პედაგოგიური საქმიანობა, მეუღლე ამავე სკოლის დირექტორი იყო 20 წლის განმავლობაში.
1975 წლის 20 აგვისტოს, შუახევის რაიონი მძიმე ოჯახური პირობების გამო დატოვა _ ქალბატონ ეთერს მეუღლე გარდაეცვალა. ამის შემდეგ ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურის სკოლაში გააგრძელა მუშაობა და 17 წლის განმავლობაში სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო.
80 წლის ეთერ გარაყანიძეს უამრავი ჯილდო, ღირსების მედალი და საპატიო სიგელი აქვს მიღებული, არის პრეზიდენტის სტიპენდიანტი, ბოლოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მერაბ ჭანუყვაძისგან "საპატიო შემოქმედელის" წოდება მიიღო.
_ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე _ სამი წლის განმავლობაში სოფელ გომიდან მელექედურში ფეხით დავდიოდი. სკოლაში არასოდეს დამგვიანებია. ისე ადრე მივდიოდი, დარაჯებს ეძინათ. მერიდებოდა, ვერ ვაღვიძებდი, ამიტომ უკანა ფანჯარას ვტოვებდი ღიად, რომ იქედან შევსულიყავი. თოვლის დროს ბავშვები ამბობდნენ, იქნებ, ვერ მოვიდეს ეთერ მასწავლებელიო და რომ გამოვჩნდებოდი, აი, "შემოფუმფლაო", _ იტყოდნენ. სკოლა 40 დღით, მხოლოდ შვილის სიკვდილის დროს გავაცდინე _ ერთადერთი შვილი ავარიით დამეღუპა თბილისში. ამის შემდეგ მარტო ვცხოვრობ.
ჩემი ყოფილი მოსწავლეების უმეტესობა დღეს მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ _ ილია თავბერიძე, გიზო მიქაძე, ნინო და ნანა მიქაძეები, რუსუდან ანდღულაძე… მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს, _ ამბობს ქალბატონი ეთერი და წინა წლებსა და ახლანდელ პერიოდს ადარებს: _ წინათ უფრო აინტერესებდათ სწავლა. ღმერთს მადლობა, რომ გაკვეთილზე ხმამაღალი საუბარი არ მჭირდება _ არ მახსოვს, ხმის ტონი ამეწიოს. მხოლოდ მაშინ ვიტყვი სიტყვას _ "გაჩერდი", როცა კითხვას დავსვამ და ბავშვები ერთხმად პასუხობენ.
მოსაგონარი ბევრი მაქვს. ჯერ ჩემს ხელს 2-იანი არ დაუწერია, _ ამბობს 80 წლის მასწავლებელი და ერთ ისტორიას იხსენებს:
"გაკვეთილის ბოლოს რამდენიმე წუთს ვუთმობ ბავშვების ჩანახატებს, ვაწერინებ, რა სურთ ჩემგან და რა სურდათ. ერთხელ, დასვენებაზე, ერთ-ერთი მოსწავლის დედამ მომცა ყველი და პური, ცოტა წაიხემსეო. ეს დაინახეს ბავშვებმა. ბოლო გაკვეთილზე, როცა ვთხოვე, დამიწერეთ, რა გსურთ ან გსურდათ ჩემგან,-მეთქი, ერთ-ერთმა მოსწავლემ დამიწერა _ მე ძალიან მშიოდა და მინდოდა მეჭამა ეთერ მასწავლებლის ყველი და პურიო", _ ამბობს ისტორიის მასწავლებელი და მოსწავლეების მიერ დაწერილ რამდენიმე ჩანახატს კითხულობს:
"მე ძალიან მიყვარს ისტორიის გაკვეთილი. ბევრი რამ გავიგე საქართველოს ისტორიის შესახებ. ისტორია ეთერ მასწავლებელმა შემაყვარა".
"მე ძალიან მიყვარს ისტორიის გაკვეთილი. მასწავლებელი უდიდეს ენერგიას დებს გაკვეთილის ახსნაში. მისგან გავიგე ჩვენი წინაპრების წარსულის შესახებ".