ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის კეთილმოწყობისთვის 708 888 ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული, რომელიც გამგეობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში არსებული დასასვენებელი პარკებისა და ჟორდანიას ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობას მოხმარდება. პროექტი გარდამავალია და სამ წელზეა გათვლილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს "სამკუთხედი" აწარმოებს.
აღნიშნული პროექტის გახორციელება ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იგეგმებოდა. ტენდერში გაიმარჯვა კიდეც ერთ-ერთმა კომპანიამ, თუმცა, სამუშაოები არ შეასრულა და ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა.
2015 წელს, ქალაქის რეაბილიტაციის პროექტიდან დაახლოებით 50 ათასი ლარის სამუშაოები შესრულდა, წელს 350 ათასი ლარის გახარჯვა იგეგმება, დარჩენილი თანხის სამუშაოები კი 2017 წელს განხორციელდება.
ამ ეტაპზე, ქალაქის ცენტრში კეთილმოწყობის სამუშაოები აქტუალურ ფაზაშია შესული _ მთლიანად დანგრეულია გამგეობის წინ მდებარე სკვერი და ახლა დემონტაჟის სამუშაოები ცენტრალური პარკის გარკვეულ მონაკვეთზე მიმდინარეობს.
გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში არსებული გაზონის ნაცვლად ავტომანქანებისთვის პარკინგი კეთდება, ხოლო ქუჩის საპირისპირო მხარეს არსებული ტროტუარი განახლდება.
"კარგია პარკინგი რომ კეთდება, თუმცა, ვფიქრობთ, ეს გარკვეულ უხერხულობებსაც შექმნის. ამ მონაკვეთზე ცენტრალური მაგისტრალი გადის და ისედაც გადატვირთული მოძრაობაა. თავის დროზე, იქ გაზონის და დამცავი ღობის გაკეთება იმით იყო განპირობებული, რომ ფეხით მოსიარულეთა მხრიდან გზის სავალი ნაწილის გადაკვეთის ფაქტები შემცირებულიყო. ახლა კი, პარკინგის გაკეთების შემთხვევაში, მგზავრებს ქუჩის გადაკვეთა ფეხით მოუწევთ. გარდა ამისა, პარკინგიდან სავალ ნაწილზე დასაბრუნებელი ავტომანქანები შეაფერხებენ მოძრაობას", _ ამბობენ რიგითი ლანჩხუთელები.
საგულისხმოა ისიც, რომ ყოფილი უნივერმაღის შენობის წინ, სადაც არაერთი სავაჭრო ობიექტი და ბანკია განთავსებული, ტროტუარის რეაბილიტაციის შემდეგ ავტომანქანების გაჩერება, სავარაუდოდ, აიკრძალება. აქ, ძირითადად, დისტრიბუციის მანქანებს უხდებათ გაჩერება. სიახლის გახორციელების შემდეგ კი მათაც ექმნებათ გარკვეული პრობლემები.
ლევან ჩხაიძის თქმით, დისტრიბუციის მანქანებს მოუწევთ შენობის უკანა მხრიდან მდებარე ეზოთი ისარგებლონ, თუმცა, გასათვალისწინებელია, რამდენადაა მოწესრიგებული აღნიშნული ტერიტორია საამისოდ.