გურიის ძირითადი მოსახლეობისთვის თავის და ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება თურქეთში სამუშაოდ წასვლა გახდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მდგომარეობა, საიდანაც, მაისში, ჩაის საკრეფად, დაახლოებით, 1 500 კაცი მიდის მეზობელ ქვეყანაში. დაბაში უმძიმესი სოციალური ფონია და ნასაკირალი ახალგაზრდა მამაკაცებისგან იცლება.
_ ყოველდღე ასი კაცი მიდის, ხვალაც წავლენ. მაისის ბოლომდე დაიცლება ნასაკირალი. ასეთი გახდა ცხოვრების წესი, _ გვეუბნებიან ნასაკირალელი ქალბატონები.
_ აქაურებიდან, თუ ვინმეს მუშაობა შეუძლია, ყველა მიდის თურქეთში. რომ არ წავიდეთ, რა უნდა ვქნათ? მშიერი მოვკვდებით! აქ რომ იყოს ჩაის კრეფა, იცოცხლე, აქ მოვკრეფთ, რა გვინდა უცხოეთში?! _ წუხან წასასვლელად გამზადებულნი.
დაბა ნასაკირალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიდი რაოდენობით გამოირჩევა, ეს ის დაბაა, სადაც ყველა არჩევნებში მმართველი პარტია 80 პროცენტით იმარჯვებს. თუმცა, როგორც იქაურები ამბობენ, ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება, დაპირებებიდან კი არაფერი სრულდება. მათი თქმით, ნასაკირალელებისთვის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არაფერი გაუმჯობესებულა. უმთავრესი პრობლემა კვლავ უგზოობა, უწყლობა და უმუშევრობაა.
_ როგორი გზები გვაქვს, ხედავთ; წყალი სამ დღეში ერთხელ მოდის, ისიც ახლა, თორემ ადრე სულ არ იყო _ უწყლოდ ვიხრჩობოდით. საიდან ვეზიდებოდით წყალს, ვინ იცის. დაბის ცენტრში ყველაფერი დაშლილია _ აღარც კლუბი გვაქვს _ დაანგრიეს, დანგრეულია უზარმაზარი ჩაის ფაბრიკაც.
_ 10 წელია, დაბას, რომელიც, ფაქტობრივად, პატარა ქალაქია, ყურადღება არ ექცევა, არც ერთი პრობლემა არ არის მოგვარებული, მხოლოდ გაზია გამოყვანილი, მაგრამ აქვს კი ყველას საშუალება, რომ მისი საფასური გადაიხადოს? _ ამბობენ დაბა ნასაკირალის მცხოვრებლები "გურია ნიუსთან". მათივე თქმით, სოფელში ბევრი პრობლემაა _ უმუშევრობა კი ერთ-ერთი და უპირველესი.
დაბა ნასაკირალში, მე-5 რაიონში, მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრები შუშანა აბუსერიძე წყალს საკმაოდ შორიდან ეზიდება:
"9 წელიწადია აქ ვცხოვრობთ. ამ ხნის განმავლობაში არც წყალი გვქონია და არც შუქი. ბინას ჯვარი წერია _ თქვენც ხედავთ, როგორ სახლში ვცხოვრობთ".
ინუს მიქელაძე, ელგუჯა ქათამაძე და სულიკო ვანაძე პრობლემებზე საუბარს ერთმანეთს ასწრებენ:
"უშუქობა, უწყლობა, უგზოობა, უფულობა, უმუშევრობა… ყველა სიტყვა "უ"-ზე იწყება ჩვენთან, იმდენი პრობლემაა ნასაკირალში, დღეს ვერ ჩამოვთვლით, შეიძლება ერთი კვირა დაგვჭირდეს. გზა აქ არაა, არც ქუჩის განათება, წყალი დაიწყეს და ბოლომდე ვერ მიიყვანეს. თავს რით ვირჩენთ? ყანა, ჭალა, თოხი, ბარი, მაისში თურქეთში გადახვეწა და ესაა ჩვენი შემოსავალი. სანამ რამეს არ გააკეთებენ, აქედან ხმას ვერ წაიღებენ უკვე, გამორიცხულია!"
სულიკო ვანაძე: "დედაჩემი ცუდად გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ და მანქანის ამოსაყვანად ტრაქტორი დამჭირდა, ისეთი გზაა. გაზი შემოიყვანეს, გადათხარეს ყველაფერი და დატოვეს ისე; შუქი გამოიყვანეს, დაყარეს ძველი ხაზები და დატოვეს _ ამას წინათ დენმა დამარტყა. ინდივიდუალური გამრიცხველიანება მხოლოდ ცენტრშია, გარეუბნებში კი მიტოვებულია."
დაბა ნასაკირალში მცხოვრები არჩილ გორგაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ გადაწყვიტა თავის სარჩენად ჩაი გააშენოს:
_ თავის რჩენა გვიჭირს _ სამუშაო არაა, ხელფასი არაა. ფიზიკური შრომით ვირჩენთ თავს. თურქეთში გადადიან ბიჭები, თხილის მოჭრას ვაპირებთ _ ფასი არ აქვს. სადამდე შეიძლება თურქეთში ვიაროთ? ბიჭები ცოდვები არ არიან? მთელი ცხოვრება ასე უნდა იყვნენ გადახვეწილები საქართველოდან და სხვას ემონონ? აქ რომ იყოს მეჩაიეობა განვითარებული, თურქეთში ხომ არ წავლენ? ხულოდან ჩამოვედი, 25 წელია ამ ფართობს ვამუშავებ, მე ვუვლიდი. ახლა ჩამოგვართვეს და აღარ გვაძლევენ დამუშავების უფლებას _ ვიღაცამ შეისყიდაო. წელს, სხვა გზა რომ არ მქონდა, გავრისკე _ შემოვღობე და ვამუშავებ. აბა, მოვიდეს ვინმე და გამომაგდოს აქედან! რა ვქნათ, ჩვენ რით ვარჩინოთ ოჯახები? მიწის ფართობები ისედაც არ გვაქვს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ნასაკირალში დავით ტუნაძე მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემების ნაწილს ეთანხმება, ნაწილს _ უარყოფს: _ ნებისმიერ ოჯახშია შუქი. ცრუ ინფორმაციაა, თუ გეუბნებიან, შუქი არ გვაქვსო. რაც შეეხება გზებს, არც უგზოობის პრობლემაა _ შიდა გზებიც, შესაძლებლობების ფარგლებში, სოფლის პროექტებით, დაბეტონებულია. ნაწილი შეიძლება იყოს მოსაწესრიგებელი, მაგრამ გავაკეთებთ მაგასაც. წყლის პრობლემა მე-5 რაიონში დგას, ხელით ეზიდებიანდა ეგ საკითხი მოსაგვარებელია. უმუშევრობა ნამდვილად არის _ მოსახლეობა, ძირითადად, თურქეთში მიდის და იქ მუშაობს, _ გვითხრა ტუნაძემ.