ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა და ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიაზე კამათი მოჰყვა სოფელ გურიანთაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზების საკითხს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოზურგეთელი ინდმეწარმემ სიკო მეხუზლამ, სოფელ გურიანთაში, 30-წლიანი იჯარით აიღო მუზეუმის შენობის პირველი სართული, 650 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწასთან ერთად. პირველ სართულზე სიკო მეხუზლა საბანკეტო დარბაზს აკეთებს. როგორც სხდომაზე გაირკვა, მას სურს იმ შენობის უკან 297 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყიდოს, სადაც უნდა მოაწყოს სველი წერტილები და დარბაზისთვის საჭირო ნაგებობები.
კომისიის სხდომას, დეპუტატების გარდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები _ არჩილ ყაზაიშვილი და ბადრი გობრონიძე ესწრებოდნენ.
სოფელ გურიანთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბონდო ღლონტმა თქვა, რომ მოსახლეობა, როგორც ყოფილი "პავილიონის" შენობის, ასევე, ყოფილ ადმინისტრაციულ შენობასთან არსებული 279 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გაყიდვის წინააღმდეგია.
დიმიტრი კვერღელიძის თქმით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ქონების პრივატიზებით შემოსავლების მიღება, მაგრამ ამასთანავე, არ უნდა დაირღვეს კანონმდებლობის მოთხოვნები და ხალხის ინტერესებიც იქნას დაცული:
"როგორც ვიცი, პიროვნებამ, რომელსაც იჯარით აქვს აღებული ფართი, სარემონტო სამუშაოები უკვე დაიწყო. ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედეთ ხელშეკრულების პირობებს.
შემოვდივარ წინადადებით _ ან მთლიანად გავყიდოთ შენობა, მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთით, ან გავაუქმოთ ეს იჯარა და შენობა მთლიანად გავცეთ იჯარით. ბიზნესს ხელს ნუ შევუშლით", _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
ბონდო ღლონტმა იკითხა, რამდენჯერ შეიძლება სხდომაზე ერთი და იგივე საკითხის გამოტანა:
"ამ საკითხს კომისიების წინა სხდომებზე უარი ეთქვა და აქედან გამომდინარე, საკრებულოს სხდომაზე არ გამოვიტანეთ. რამდენჯერ უნდა მოხდეს ერთი და იმავე საკითხის ხელმეორედ შემოსვლა? ვადები არ არსებობს თუ რა ხდება?"_ უთხრა დეპუტატებს დეპუტატმა.
დიმიტრი კვერღელიძე: "ბონდო, თქვენ ამ საკითხის წინააღმდეგი ხართ?"
ბონდო ღლონტი: "დიახ _ მე წინა შეხვედრაზეც ვთქვი ჩემი სათქმელი. მე ვარ სოფელ გურიანთის დეპუტატი და ამირჩია ხალხმა. ვიდრე დეპუტატი გავხდებოდი, მქონდა ხალხთან საუბარი და ჩემი პოზიცია იყო ასეთი _ იმ ადგილების იჯარით გაცემის ან გაყიდვის შესახებ უნდა იცოდეს სოფლის თითოეულმა მცხოვრებმა. მე გაყიდვის წინააღმდეგი ვარ _ ჩუმად არაფერი უნდა გაკეთდეს და ეს არც მოხდება, სანამ მე ვარ დეპუტატი. გეკითხებით _ ბოლოს და ბოლოს, ყველა კომისიის სხდომაზე ერთი და იგივე საკითხი რამდენჯერ უნდა გამოვიდეს?" _ აღნიშნა ბონდო ღლონტმა.
დიმიტრი კვერღელიძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა: "ჩვენი ინტერესია, შეიქმნას ბევრი სამუშაო ადგილები, ადამიანები დასაქმდნენ, ობიექტების გაყიდვიდან შემოსავალი მივიღოთ და ამასთან ერთად განვითარდეს ბიზნესი. კომისიის წევრი არ ვარ, მაგრამ ჩემს სათქმელს ღიად ვაფიქსირებ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მეწარმეებს, რადგან შევავსოთ ბიუჯეტი. ბიზნესი თუ არ განვითარდა, ძალიან ძნელია ბიუჯეტის გაზრდა. მთავარია, საქმეს ხელი არ შევუშალოთ და ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდეს", _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი ამბობს, რომ მთავარია, იყოს სინთეზი მუნიციპალიტეტს, კერძო ინვესტორს და საზოგადოებას შორის: "აქ მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და ვერ ვხდები, რა იწვევს გაუგებრობას", _ თქვა არჩილ ყაზაიშვილმა.
ინდმეწარმე სიკო მეხუზლა ამბობს, რომ ის რამდენიმე პროექტის გახორციელებას აპირებს: "ისედაც არაფერია გურიანთაში. ხელშეკრულების თანახმად, პირველი სართული, სადაც საბანკეტო დარბაზია, უკვე გავარემონტე და, დაახლოებით, ერთ თვეში გაიხსნება. იქ ვაპირებ ადგილობრივების დასაქმებას. მეც გურიანთელი ვარ და ნამდვილად მინდა, ჩემი სოფელი განვითარდეს".
"ჩვენი მიდგომა ასეთია _ ამ საკითხის შესახებ უნდა ვიცოდით ხალხის აზრი _ სურდათ ეს შენობა იჯარით გაიცეს თუ გაიყიდოს. ამ შემთხვევაში, ბონდო წარმოადგენს გურიანთას და ძალიან ცუდი იქნება, ბატონო ბონდო, თუ თქვენი პოზიცია, რომელიც დააფიქსირეთ, არ დაემთხვევა ხალხის პოზიციას. მაინტერესებს, რას ფიქრობთ _ ეს ფართი უნდა გაიცეთ იჯარით თუ გაიყიდოს?" _ თქვა დიმიტრი კვერღელიძე.
ბონდო ღლონტის თქმით, ის შენობის გაყიდვის წინააღმდეგია: "ამ შენობის გაყიდვის წინააღმდეგი ვარ. გაყიდვას ყოველთვის მოვესწრებით, ყველაფერზე ვიძახოთ _ გავყიდოთ, გავყიდოთ, არ გამოვა. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ხვალ ან ზეგ დაგვჭირდება და ერთი გოჯი მიწის ნაკვეთი არ გვექნება გასაყიდი," _ თქვა ბონდო ღლონტმა.
სიკო მეხუზლამ ბონდო ღლონტთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა: "რასაც ბატონი დეპუტატი ბონდო ღლონტი ამბობს, ეს მოდის ჩვენი კონფლიქტიდან ადგილობრივი არჩევნების დროს _ რადგან წარმოვადგენდი მისი მოწინააღმდეგის მხარეს.
მუნიციპალიტეტმა იჯარით მომცა 650 კვ.მ. არასასოფლო მიწის ფართობი და მასზე გამაგრებული შენობა-ნაგებობის პირველი სართული. განცხადებაში აღნიშნული მქონდა, რომ უნდა გამეკეთებინა საბანკეტო დარბაზი. სიტუაციამ მცირე რეკონსტრუქციის ჩატარება მოითხოვა. ყველა, ვისაც ეს საკითხი ეხებოდა, ჩავაყენე საქმის კურსში და გავაკეთე დოკუმენტაცია. ყველაფერს ვაკეთებ სამართლიანად. რაც შეეხება მიწის მეორე ნაკვეთს, ის არის გამიჯნული მუზეუმის შენობიდან და ორივე მხრიდან მიდის გზა.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2013 წელს დავაფუძნე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "ვაშნარი", რომლის ძირითადი მიზნები იყო ჩაის რეაბილიტაცია და გადამუშავება, ასევე, თხილის პლანტაციების გაშენება.
პირველივე დღიდან დავიწყე შენობაზე ზრუნვა, მივმართე ეკონომიკის სამინისტროს შენობის შესყიდის თხოვნით. ეს იყო გურიანთის "პავილიონის" ეზოში მდებარე შენობა. სამინისტრომ ეს ქონება სახელმწიფოს ბალანსზე დაარეგისტრირა, შეაფასა აუქციონისთვის, რაზედაც მუნიციპალიტეტის გამგეობას მოითხოვა თანხმობა. მუნიციპალიტეტისგან სამინისტრომ მიიღო უარი. მოსთხოვეს შენობა გამგეობის ბალანსზე გადმოსულიყო, რაც დააკმაყოფილეს. ამის შემდეგ გამგეობას მივმართე წერილობით, რომ სახელმწიფო საჩუქრად მაძლევს ჩაის გადასამუშავებელ დანადგარებს, ამისთვის კი საჭირო იყო, გვქონოდა, მინიმუმ, 70 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. მუნიციპალიტეტმა საკითხი განსახილველად გადასცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა და ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიას. კომისიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საკითხი განიხილონ სოფლის კრებაზე.
არ მგონია, ჩემს თანასოფლელებს კარგი საქმეების გაკეთება არ უხაროდეთ. დარწმუნებული ვარ, გურიანთელები მშენებლობის წინააღმდეგი არ არიან. ჩემს ადგილას სხვა რომ იყოს, არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არ ექნებოდა, რადგან მე ვარ, ამიტომ ხდება ხელის შეშლა", _ აღნიშნა შეხვედრაზე სიკო მეხუზლამ.
კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ ეს საკითხები უნდა გავიდეს სოფლის კრებაზე და სწორედ გურიანთელები მიიღებენ გადაწყვეტილებას.
"თავად გურიანთის მოსახლეობამ გადაწყვიტოს, მიიჩნევს თუ არა საჭიროდ სოფელში აღნიშნული ობიექტების პრივატიზებას. ამ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილებაც გურიანთელების ინტერესების თანხვედრაში იქნება", _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელს, თამაზ ტრაპაიძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.
_ რამდენად სწორია დეპუტატის მოთხოვნა, რომ კომისიამ სხდომაზე ერთი და იგივე საკითხი რამდენჯერმე არ უნდა გამოვიდეს და დიდი დრო არ უნდა დაეთმოს საკითხის განხილვას.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, კომისიის სხდომაზე განსახილველი პროექტები, განხილვის შედეგად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. ამდენად შეიძლება ამ მოტივით საკითხის გადადება.
_ უძრავი ქონებით დაინტერესებული პირი აცხადებს, რომ პრობლემის თავი და თავი პიროვნული დაპირისპირებაა. წარმოადგენს თუ არა ეს კანონდარღვევას საკრებულოს წევრის მხრიდან?
_ ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. თუ დადგინდება, რომ პიროვნული დაპირისპირების გამო ხდება გადაწყვეტილების ამა თუ იმ სახით მიღება და პირი თანამდებობრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებს, ამ შემთხვევაში საქმეს, შესაძლოა, სამოხელეო დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭოს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სოფლის კრებაზე მოსახლეობა, აპრილში გახდება ცნობილი.