მას შემდეგ, რაც საქართველოში თხილმა კომერციული დატვირთვა შეიძინა და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნით ქართულ ღვინოს გაუსწრო, ჩვენში თხილის პლანტაციების გაშენება მასობრივად დაიწყეს. ეს, ერთის მხრივ, კარგი ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკის ასაღორძინებლად, თუმცა, პროცესს ახლავს სერიოზული ხარვეზი, რაც გამოიხატება ნიადაგის სერიოზულ შეუსწავლელობასა და აგროტექნიკური ღონისძიებების სუსტ ცოდნასა თუ ზერელე დაცვაში.
გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, უკვე ათეულობით ჰექტარზე გააშენეს თხილის პლანტაციები. დღეისთვის ფერმერთა უმეტესობა თხილის მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ითხოვს. ამ ეტაპზე ძალზე სერიოზულ მავნებლად გამოვლენილია კვირტის ტკიპა, რაც ადრეც იყო ჩვენში. პლანტაციების ზრდასთან ერთად, გაიზარდა ტკიპას გავრცელების არეალი და ახლა ის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მავნებელია.
ასოციაცია "ელკანას" რეგიონული ოფისის მოწვევით, ფერმერთა დასახმარებლად, ოზურგეთში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი ზურაბ ხიდეშელი ჩამოვიდა. სოფლების: ლიხაურის, გურიანთის და შემოქმედის მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა ძალზე საინტერესოდ და პრობლემურ თემაზე აქტიური დისკუსიით წარიმართა.
ზურაბ ხიდეშელმა ისაუბრა თხილის ძალზე გავრცელებულ მავნებლებსა და დაავადებებზე. დარბაზში მსხდომმა ფერმერებმა ყველაზე მეტი კითხვა კვირტის ტკიპას შესახებ დასვეს.
_ ტკიპას მკვებავი ობიექტია თხილის კვირტები. ის აზიანებს საფოთლე და საყვავილე კვირტებს. ტკიპის წუწნის შედეგად, კვირტის შიგნით წარმოიშობა ღია მწვანე ფერის მასა, რომელიც შემდეგ მოვარდისფრო ხდება, ბოლოს კი მოყავისფრო შინდისფერია. კვირტი განიცდის დეფორმაციას და ჩვეულებრივ კვირტთან შედარებით 15-ჯერ დიდია. ტკიპები ამ დაზიანებულ კვირტებში იზამთრებენ, თებერვალსა და მარტში დებენ კვერცხებს და აპრილში უკვე კვერცხებიდან გამოდიან. ახლა, მარტში, ეს დაავადებული კვირტები ყვავილივითაა გაფურჩქნული, _ თქვა ხიდეშელმა, _ ამის მიზეზია მომეტებული ცხოველმყოფელობა, რაც გამრავლებაში გამოიხატება. ტკიპები შემდეგ გამოდიან ტოტზე. ზოგჯერ ერთი კვირტიდან 100 მატლი გამოდის, რომლის ხილვა მხოლოდ მიკროსკოპულად არის შესაძლებელი. სანამ ერთი კვირტიდან წამოსული მოედება მთელ მცენარეს, უნდა დაიწყოს წამლობა. ზღვრული ოთხი წამლობიდან, ორი მეტად ეფექტურია. უმთავრესია მომენტის დაჭერა, ანუ აგროტექნიკური ღონისძიების სიზუსტეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გაზაფხულის პირველსავე თვეს, ადრე დილით ან საღამოს (მზიან ამინდში შეწამვლა უნდა გამოვრიცხოთ) შევასხუროთ აკარიციდები: ომაიტი, ვალსარგიტი, საფმაიტი, რომლის დოზას და მოხმარების წესს, შესაბამის სამეურნეო მაღაზიებსა თუ ფერმერულ ცენტრებში ასწავლიან ყველას.
ფერმერმა აკაკი ღლონტმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება ასე მომძლავრებული კვირტის ტკიპას შესახებ. მან უშედეგო ღონისძიებად მიიჩნია ზოგი რჩევა, რაც გამოიხატება ტოტებზე ტკიპიანი კვირტების შეცლით და პლანტაციიდან გამოტანის გზით: _ ეს კოლოსალურ შრომას მოითხოვს და შეუძლებელია, განსაკუთრებით ასაკოვან ბაღებში. ახალ ნარგავებს კიდევ მოუხერხებ რამეს, მაგრამ დიდ ხეებზე ვერავინ იცოცებს. ამიტომ, დაუყოვნებლივ და დროში განსაზღვრით უნდა მოხდეს შეწამვლა, _ თქვა ღლონტმა.
ზურაბ ხიდეშელმა რჩევებისა და მითითებების კვალდაკვალ ფერმერთა არაერთ კითხვას რჩევითვე უპასუხა. კონკრეტულად, კვირტის ტკიპას საწინააღმდეგო შეწამვლამდე ჯერ პლანტაციის დათვალიერება უნდა მოხდეს. თუ ფართობში ტკიპასგან დაზიანებული კვირტების რაოდენობა არ აღემატება 3-5 %-ს, მაშინ შეფრქვევა ან შესხურება არ არის საჭირო. კვირტის ტკიპა ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იქნება, როგორც მავნებელი. მას არ უნდა მივცეთ გამრავლების საშუალება და მაქსიმალურად უნდა ვებრძოლოთ.
ფერმერები დაინტერესდნენ დანარჩენი მავნებლებითაც, რომლებიც კვირტის ტკიპას ჩამორჩებიან მავნებლობაში, თუმცა, სერიოზულ საფრთხეს მაინც წარმოადგენენ. ესენია თხილის შავი ხარაბუზა და ქერქიჭამია (იგივე ამბროზიის ხოჭო).
ზურაბ ხიდეშელის განმარტებით, თხილის შავი ხარაბუზა ძირითადად მავნეობს არასწორი აგროტექნიკით დასუსტებულ მცენარეებზე. ამიტომ ის მეორად მავნებლად ითვლება. აზიანებს თხილის გამერქნებულ ორგანოებს. იგი მაისის დასაწყისში თხილის ერთწლიანი ტოტის კანს ღრღნის და იქ დებს კვერცხს. აქვს ორწლიანი ციკლი. ამიტომ უმჯობესია, ხმელი ტოტები ამოვჭრათ ან გადავჭრათ. მავნებელი ზემოდან ქვემოთ მიჰყვება ტოტს. ხარაბუზას წინააღმდეგ საბრძოლველად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მცენარის სწორ გასხვლას და სრულყოფილ კვებას, ფიტოსანიტარიის დაცვას. თხილის შავი ხარაბუზას წინააღმდეგ ყველაზე კარგი საშუალებაა პრეპარატები _ დეციბლუ და დეცისფლუქსი (0,3 _ 4 ლიტი 1 ჰა-ზე.) ზოგადად, ფერმერებმა ხშირად და აქტიურად უნდა მიმართონ საკონსულტაციო და ფერმერული განვითარების ცენტრებს, რომელიც მათი მომსახურებისთვისაა შექმნილი.
რაც შეეხება მავნებელ ქერქიჭამიას ანუ ამბროზიის ხოჭოს, ის შედის მცენარის ქერქში, აკეთებს ხვრელებს, დებს კვერცხს, იჩეკება იქვე და მერე მრავლდება. ერთ ბუდეში ერთდროულადაა შესაძლებელი, ვნახოთ, როგორც კვერცხი, ჭუპრი, მატლი და იმაგო. ამიტომ, გაზაფულზე, ქერქიჭამიას წინააღმდეგ რეკომენდირებულია მინერალური ზეთის გამოყენება (ოვიპრონი). ქერქიჭამიას მექანიკური ხერხითაც უნდა ვებრძოლოთ, დავათვალიეროთ პლანტაცია, გამხმარი ტოტები გადავჭრათ და აუცილებლად დავწვათ.
ზურაბ ხიდეშელმა ისაუბრა ზოგად საკითხებზეც _ რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია მდიდარი ბუნებრივი და გეოგრაფიული არეალი, სადაც მავნებელიც ადვილად მრავლდება. ამიტომ, ვიდრე მომრავლებულ მავნებელს და სხვადასხვა დაავადებას შევებრძოლებით, უნდა ვეცადოთ, სხვა ნორმები დავიცვათ ასე პოპულარული თხილის პლანტაციის გაშენების დროს. კონკრეტულად: ვიდრე თხილი დაირგვება, უპირობოდ უნდა მოხდეს ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმება. გურიაში ჩაის ნამყოფი მჟავე ნიადაგებია, რასაც თხილი ვერ ეგუება. აუცილებელია ნიადაგის მოკირიანება. არანაკლებ აუცილებელია აგროტექნიკური ღონისძიებების დაცვა უკვე გაშენებულ პლანტაციაში, რაშიც შედის შემობარვა, სასუქების შეტანა, გასხვლის ვადების დაცვა, ამონაყრების მოშორება; მოუგვარებელი სადრენაჟო სისტემა ვაკე ადგილებში გაშენებულ პლანტაციებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც კარგი გარემოა მღიერების და ხავსების გასაჩენად.
რაც შეეხება თხილის ფართობში შეგროვებული ნარჩენების _ ფოთლების თუ მონაფხეკი ქერქისგან მომზადებულ კომპოსტს, ზურაბ ხიდეშელმა ურჩია ფერმერებს, რომ ასეთი კომპოსტით, უმჯობესია, გაანოყიერონ სხვა ხეხილის ბაღი და ისევ თხილის პლანტაციაში ნუ შეიტანენ.