"რესპუბლიკურმა პარტიამ" "ექსპო ჯორჯიაში" კონფერენცია გამართა. კონფერენცია პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გახსნა.
კონფერენციის პირველი ნაწილი ეკონომიკაში არსებულ აქტუალურ პრობლემატიკას მიეძღვნება, ხოლო მეორე ნაწილი საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიის" დღის წესრიგს დაეთმო. მეორე ნაწილი მედიისთვის დახურულ ფორმატში გაიმართა.
"ჩვენ გვინდა ჩვენს საზოგადოებას შევთავაზოთ ევროპული საქართველოსკენ სავალი გზები, ჩვენ გვინდა საზოგადოებას დავანახოთ ისეთი საქართველო, რომელსაც ვხედავდით მაშინ, როცა "რესპუბლიკური პარტია" შეიქმნა, ჩვენ ვხედავთ ევროპულ საქართველოს, თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს, განათლებული და თანამედროვე ახალგაზრდების საქართველოს", – განაცხადა ხათუნა სამნიძემ სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენციაში მონაწილეობენ პარტიის ლიდერები, ეროვნული კომიტეტისა და საკრებულოს წევრები "რესპუბლიკური პარტიიდან", რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ.