„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც ცოცხალ დონორთა წრე ფართოვდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელიც კომიტეტს პარლამენტის წევრმა, თამარ ხიდაშელმა გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, მოქმედ კანონის მე-3 მუხლის ტერმინთა განმარტებას ემატება ახალი პუნქტი _ „ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირი“, რომელიც რეციპიენტთან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში მცხოვრები ან მასთან იმავე ხნის განმავლობაში ახლო და სტაბილური ემოციური კავშირის მქონე პირს გულისხმობს.
კომიტეტმა მოიწონა წარმოდგენილი ცვლილებები და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.