კოჯორში, ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში მამაკაცის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობენ.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, ცხედარს მჟავა ჰქონდა გადასხმული და მარტო ფეხები ჰქონდა გადარჩენილი.
"დაფერფლილი იყო მთლიანად. სავარაუდოდ ორი წლის წინ დამარხეს. ოჯახი, ვის სახლშიც ცხედარი აღმოაჩინეს არაფერ შუაშია ამასთან. თავად ირაკლი კაკაურიძეც იყო ამოსული ოჯახთან ერთად გუშინ და მას ბორკილები არ ედო. დამნაშავე სხვა პიროვნებაა", _ განაცხადა კოჯორში მცხოვრებმა დავით მინასაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კოჯორში, მიწაში ჩაფლული მამაკაცის ცხედარი წუხელ აღმოაჩინეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაახლოებით 27 წლამდე მამაკაცის ცხედარი კასრში იყო მოთავსებული.
ადგილობრივები ამ შემთხვევას, 2014 წელს მომხდარ ყაჩაღობას უკავშირებენ, რის შედეგადაც დედა-შვილი გაუჩინარდა. დედა თბილისის ზღვაზე მოკლული იპოვეს, შვილის კვალს კი სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.