22 მაისს, ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში შუალედური არჩევნები გაიმართება. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების წარმომადგენლები საარჩევნო ბრძოლას უკვე შეუდგნენ.
დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატის, გია კალანდარიშვილის შტაბს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლევან მგელაძე უხელმძღვანელებს.
გია კალანდარიშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება თავად მიიღო:
"არავინ დამხმარებია ამ გადაწყვეტილების მიღებაში. დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ ჩემი გამოცდილება, ჩემი გონება, ჩემი აზრი, ჩემი ჭკუა სჭირდება ჩემს ქალაქს და ჩემი ეს თვისებები აუცილებლად უნდა მოვახმარო ოზურგეთს", _ ამბობს კალანდარიშვილი.
მისივე თქმით, საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ამ კვირაში ისაუბრებს: "საარჩევნო პროგრამაში აქცენტები მექნება გაკეთებული ხალხის ჩართულობაზე ყველა პროექტის დამტკიცების დროს. ასევე, ყურადღება მექნება გამახვილებული პრინციპულობაზე და სამართლიანობაზე, რომ ჩემი ამომრჩევლის უფლებები არ დაირღვეს", _ გვითხრა გია კალანდარიშვილმა.
"ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე უხელმძღვანელებს, კანდიდატი კი დაბა ნასაკირალში ნონა ტუნაძე იქნება.
"ნასაკირალი ჩემი მშობლიური სოფელია, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. კარგად ვიცნობ დაბის პრობლემებს, მის საჭიროებებს, პოტენციალს, თითოეულ მოსახლეს.
ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომითა და მთავრობის ხელშეწყობით, დაბაში სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, თუმცა, ყველა პრობლემა ერთდროულად ვერ გადაიჭრება. საჭიროა მათი ჯეროვანი შესწავლა და მოსახლეობისგან წამოსული ინიციატივების დანახვა-გახორციელება.
გადავწყვიტე, მოსახლეობის მხარდაჭერის შემთხვევაში, ვიყო ხალხის ხმა საკრებულოში და ჩემი რესურსი გამოვიყენო ნასაკირალის საკეთილდღეოდ", _ თქვა ნონა ტუნაძემ.
მისივე თქმით, მის საარჩევნო პროგრამაში მთავარი პრიორიტეტი იქნება დაბაში მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება:
"კერძოდ, არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ ვითანამშრომლო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და კოორდინირებულად გავახორციელოთ შიდა გზების რეაბილიტაციის, წყალმომარაგების სისტემისა და დაბის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები.
სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჩემი საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია", _ გვითხრა ნონა ტუნაძემ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძვის "ქართული ოცნების" კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე.
"ვხედავ იმ სასიკეთო ცვლილებებს, რაც ოზურგეთში ხორციელდება _ ინტენსიურად მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ქალაქი ლამაზდება და თანდათან იღებს ევროპული ტიპის დასახლების იერსახეს, თუმცა, არ კარგავს თვითმყოფადობას. ასრულდა ჩემი თანაქალაქელების დიდი ხნის სურვილი _ ოზურგეთი უკვე ფოლკლორის ქალაქია.
ქალაქში გვყავს ხელისუფლება, რომელიც იღვწის პრობლემების გადასაჭრელად. მიმაჩნია, რომ ჩემი რესურსები და პოტენციალი ამ გუნდთან ერთად უნდა გამოვიყენო ჩვენი ქალაქის სასიკეთოდ. ფოლკლორის სასახლის ამოქმედება, ოზურგეთში ფოლკლორისტთა ხეივნის, ღია თეატრონის მოწყობა და სხვა საინტერესო პროექტის გახორციელება არის ჩემი მიზანი", _ თქვა ვასილ ჩიგოგიძემ.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ბესო ქათამაძეს, რომელიც კენჭს იყრის დაბა ნასაკირალში, თუმცა, იგი, ამ ეტაპზე, სამომავლო გეგმებზე და საარჩევნო პროგრამაზე საუბრისგან თავი იკავებს: "ჩემს გეგმებსა და საარჩევნო პროგრამაზე დაბა ნასაკირალში ვისაუბრებ, როდესაც წარმადგენენ", _ გვითხრა ქათამაძემ.