მარადმწვანე მცენარე ბზა უძველესი დროიდანაა გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, კავკასიაში. საქართველოში მარადმწვანე კოლხური ბზა ხარობს აფხაზეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში _ კორომების, ცალკეული ბუჩქების და ველური ტყის მცენარეების სახით.
2012 წელს, ოლიმპიური სოფლის გასამწვანებლად იტალიიდან შემოტანილ მარადმწვანე ბზის სარგავ მასალასთან ერთად, გავრცელდა საშიში საკარანტინო მავნებელი _ ბზის ალურა, რომელმაც მასობრივი გამრავლება დაიწყო და 2014 წელს შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორიც, გურიაში, ოზურგეთში).
ბზის ალურამ დროის მოკლე მონაკვეთში გაანადგურა ძვირფასი მცენარის _ კოლხური ბზის დიდი ნაწილი.
ამ სავალალო მდგომარეობას დაემატა მეორე საკარანტინო დაავადების _ "ბზის სიდამწვრის" შემოჭრა გურიის ტერიტორიაზე, რომელიც აჭარაში 2010 წელს აღინიშნა. ყველაფერი ამის მიზეზი გახდა საკარანტინო ღონისძიებების გაუტარებლობა, რაზეც არაერთხელ მივუთითებდით, ვწერდით, ვსაუბრობდით, თუმცა, უშედეგოდ.
ორი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ინფორმაციებით ძნელი გახდა იმის დადგენა, თუ რომელ უწყებას ეკუთვნოდა მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ორგანიზება. ორი წელი კი საკმარისი დრო იქნებოდა იმისთვის, რომ ბზის ნარგავები და კორომები გადაგვერჩინა მავნე ორგანიზმების ვერაგული ზემოქმედებისგან.
მე იმის მტკიცება დამჭირდა, თუ რას წარმოადგენდა საკარანტინო ობიექტი. კადნიერებაში ნურავინ ჩამომართმევს თუ ქვეყნის გასაგონად შეგახსენებთ, რომ "საკარანტინო ობიექტი ეწოდება იმ მავნებლის სახეობას, მცენარეთა ავადმყოფობის გამომწვევს ან სარეველას, რომელიც არ არის ან შეზღუდულად არის გავრცელებული ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ შეიძლება შემოტანილ იქნეს ან შემოიჭრას დამოუკიდებლად და გამოიწვიოს მცენარეებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მნიშვნელოვანი დაზიანება".
ამავე დროს, მინდა, გაცნობოთ, რომ 2016 წლის იანვარში გამოჩნდა ბზის ალურას მატლები და უკვე აზიანებენ ბზის ახალ ვეგეტაციას, რომელიც უკვე დაწყებულია. აქედან ნათლად ჩანს, საქმე გვაქვს სრულიად განსხვავებულ მავნებელთან, რომელმაც მავნეობა ჯერ კიდევ ზამთარში დაიწყო (ცნობლია, რომ მწერები ზამთარში დიაპაუზას გადიან).
იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ქვეყნის და რეგიონის ხელმძღვანელობა გაგებით მოეკიდება ამ სერიოზულ საქმეს, გამოიყენებს ყველა ბერკეტს და იბრძოლებს ღვთაებრივი მცენარის _ ბზის გადასარჩენად.
ანგელინა ნიკოლაიშვილი,
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი