ქალაქ ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში, თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფების გურამ წიბახაშვილისა და თინათინ კიღურაძის ფოტო ნამუშევრების გამოფენა "ოზურგეთის კონტრასტები" გაიხსნა. გამოფენაზე ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გადაღებული ფოტოები იყო წარმოდგენილი.
გურამ წიბახაშვილისა და თინათინ კიღურაძის ტანდემი ოზურგეთში უკვე მეორედ შედგა. პირველი ფოტო ნამუშევრების გამოფენა 2005 წელს გაიმართა, სახელწოდებით "არსად ის…"
"ფოტოგრაფისთვის არ არის ადვილი ქალაქის გადაღება, რომელსაც არ იცნობს. ჩვენ უკვე მეორედ მოგვეცა საშუალება ოზურგეთის გადაღების და რა თქმა უნდა ახლა ის ახლობელი და ნაცნობი იყო ჩვენთვის. მაგრამ ყოველ მიახლოებისას პოულობ ახალ დეტალებს, თვალში გხვდება მეტი ინდივიდუალური და კონტრასტული თავისებურებანი, რომელიც კონკრეტულად ამ მხარეს, ამ ქალაქს ახასიათებს. ეს არის განსხვავებული კლიმატი, განსხვავებული განწყობა. სპეციალური ფერი, განსხვავებული დროის შეგრძნება და სივრცის განცდა.ამ გამოფენაში გვინდოდა გვეჩვენებია გადაღებული ფართო ხედები და პატარა დეტალები, რისგანაც შედგება გარემო და ადამიანები, რომლებიც ამ გარემოში ცხოვრობენ", _ ამბობს გურამ წიბახაშვილი.
გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.