პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტში ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილების და 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაყიდვის თემის განხილვა შედგა. შეკრებას, კანონმდებლების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ოპოზიციას კითხვებზე პასუხების გასაცემად მიწვეული ჰყავს ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისის მერიიდან და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილიც.
"ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის ჩემი კოლეგის და მეგობრის დავით ნარმანიას პოზიციამ იმასთან დაკავშირებით, რომ ის დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს. უბრალოდ გავოცდი ასეთი განცხადების გამო და მინდა ვურჩიო, ვთხოვო დავითს, რომ გაითვალისწინოს ბევრი რამ.
თუ დეკემბრამდე ის არ მივა საკრებულოში, შესაძლოა, დეკემბრის შემდეგ საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არა მარტო საკრებულოს. ეს არ არის სწორი პოზიცია და ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს თუ პარლამენტს, რამე დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ, ამაზე მეტყველებს ჩვენია უახლესი ისტორია“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავთ უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მესამე სექტორის და საკრებულოს ოპოზიციის მიერ ბოტანიკური ბაღის თემაზე რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და მასზე დედაქალაქის მერის დაბარებას ითხოვდა. თუმცა გუშინ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გამონაკლისის დაშვებას არ აპირებს და საკრებულოში მივა, თუმცა დეკემბერში, კანონით განსაზღვრულ ვადაში.