დღეს ცესკო-ს და #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საქველმოქმედო ასოციაცია “გურიაში“ იმყოფებოდნენ, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებს მათთვის ხელმისაწვდომი სერვისები გააცნეს.
შეხვედრაზე ახალგაზრდა შშმ ამომრჩევლებმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მათთვის უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
შეკრებილი ახალგაზრდებისთვის ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოაწყო იმიტირებული კენჭისყრის პროცედურები და მათ საარჩევნო ოლქის მუშაობის პრინციპებიც გააცნო.
ცესკოს კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის, სოფო სიჭინავას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის ღონისძიებებით მიზნად ისახავს ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას და მათი საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობას.
“ცესკოსთვის ასეთი ტიპის შეხვედრები პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ გაგვაჩნია სტრატეგია, რომლის შესაბამისად ინკლუზიური საარჩევნო გარემო არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კი გულისხმობს იმას, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა მის წარმომავლობას, ეთნიკურ კუთვნილებას, შეზღუდული შესაძლებლობებს თუ ა.შ. ყველას უნდა მიეცეს თანაბრად არჩევნებში მონაწილეობის უფლება. დღევანდელ შეხვედრა იმისთვის გაიმართა, რომ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ არჩევნებზე შშმ პირებს,“ – თქვა სოფო სიჭინავამ.