"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ასოციაციის მუდმივი წარმომადგენელი "ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული გაერთიანებების საბჭოში” (CCBE), დავით ასათიანი ე.წ. პანამის დოკუმენტებში თავისი გვარის არსებობის შესახებ განმარტებას აკეთებს.
როგორც ასათიანი აცხადებს, ის 2012 წლიდან საადვოკატო დახმარებას უწევს ერთ-ერთ პანამურ კომპანიას, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს, მათ შორის საქართველოშიც.
"დღეს ყველა მეკითხება, თუ როგორ აღმოჩნდა ჩემი გვარი Panama Papers-თან დაკავშირებულ ფრიად საინტერესო ადამიანების სიაში. მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება:
2012 წლიდან საადვოკატო დახმარებას ვუწევ ერთ-ერთ პანამურ კომპანიას, რომელსაც გააჩნია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. შესაბამისად, მათგან მიღებული მაქვს მინდობილობა, მხოლოდ, საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილებებით და მათი სახელით ვაწარმოე კიდეც რამოდენიმე სამოქალაქო საქმე ქართულ სასამართლოში, სხვათაშორის ყველა წარმატებით.
ამდენად, რაიმე მესაკუთრული, მენეჯერული თუ სხვა სახის კავშირი, გარდა პროფესიული საადვოკატო საქმიანობისა, ოფშორულ კომპანიებთან არ გამაჩნია.
P.S. რაც შეეხება ზოგადად ოფშორული კომპანიების თემას, იმ პირობებში როცა საქართველოში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტები ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ოფშორული კომპანიები წარმოადგენდა საკუთრების უფლების დაცვის ერთ-ერთ მექანიზმს (თუმც ზოგ შემთხვევაში ესეც ვერ იცავდა მესაკუთრეს). ამდენად, ბიზნესების მიერ კომპანიათა ამ სტრუქტურის გამოყენება სრულიად ლეგიტიმურია, რასაც ალბად ვერ ვიტყვით პოლიტიკოსებისა და საჯარო თანამდებობის პირების შემთხვევაში, რაც მართლაც იმსახურებს დამატებით გამოკვლევას", _ აღნიშნულია დავით ასათიანის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა ე.წ. პანამური დოკუმენტების ახალ მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის შესახებაც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მედია პროექტის _ " ორგანიზებული კრიმინალი და კორუფციის კვლევა" წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა ნინო ბაქრაძემ და დეივ ბლოსმა ისაუბრეს.
მათი ინფორმაციით, "პანამის დოკუმენტებში" 85 ქართველია მოხსენიებული, რომელთა შორისაც ბიზნესმენებიც არიან და პოლიტიკოსებიც.
ამავე თემაზე:
კბილაშვილი, ჩხარტიშვილი, ხიდაშელი, ოქუაშვილი _ ქართული სახელები "პანამის დოკუმენტებში"