ქალაქ ოზურგეთში შუალედურ არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი გია კალანდარაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ მას არანაირი ურთიერთობა აქვს პოლიტიკური პარტიებთან და "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს პასუხობს.
"კობახიძის განცხადების პასუხად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს, არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არა მაქვს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთობა." – თქვა გია კალანდარიშვილმა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით პაატა ბურჭულაძე "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია, და ამის დასტურია ქალაქ ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებზე, "ნაციონალური მოძრაობისა" და "საქართველოს განვითარების ფონდის" მიერ ერთობლივი კანდიდატის წარდგენა.
"ისინი ერთობლივად გეგმავენ და აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას ამ კანდიდატის გასაყვანად"-განმარტა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ ორი სუბიექტის მიერ ერთობლივი კანდიდატის წარდგენა „ქართულ ოცნებას" ხელს არაფერში უშლის და "ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
"ორივე სუბიექტის მიერ ერთობლივად შერჩეულ კანდიდატს ქალაქ ოზურგეთში ძალიან დიდი უპირატესობით დავამარცხებთ. ვიცით, როგორია მოსახლეობის მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ. სწორედ ეს გვაძლევს ამის თქმის საფუძველს"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.