ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დანიელი ინვესტორის ინიციატივით, სანერგე მეურნეობა მოეწყო, სადაც 40 ჰა მიწის ნაკვეთზე იტალიური ჯიშის ვერხვის ნერგები დაირგო. აღნიშნული ხის ჯიში გადამუშავების შემდეგ ევროპაში გაიგზავნება.
ამ საკითხებთან დაკავშირებით, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესთან სოსო ერქომაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დანიელ ინვესტორს, კომპანია „sustaine energy a/s“-ის დირექტორს ჯესპერ იორგანსონს შეხვდა.
„გვესტუმრა დანიელი ინვესტორი, რომელიც ლანჩხუთში 321 ჰა-ზე იტალიური ჯიშის ვერხვის გაშენებას გეგმავს. ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ უკვე დაწყებულია და თითქმის 40 ჰა-ზე გაშენებულია ნერგები. დასაქმებულია 35 ადგილობრივი მოსახლე. უახლოეს მომავალში იგეგმება საწარმოს მშენებლობაც და მოხდება პროდუქციის გატანა ევროპულ ბაზარზე. მაქსიმალურად იქნება ინვესტორის ინტერესები გათვალისწინებული და ჩვენ მზად ვართ მათთან მჭიდრო ურთიერთობებისთვის. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში პრიორიტეტულ და მოსახლეობისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელებას ყოველთვის მხარს დავუჭერთ“, _ აღნიშნა გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.
„ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი გურიის, კერძოდ, კი ლანჩხუთის მიწებს. კვლევებმა გვიჩვენა, რომ იტალიური ჯიშის ნერგების გასაშენებლად, ყველაზე კარგი ეს ნიადაგი აღმოჩნდა. სამუშაოები თავდაპირველად 40 ჰა-ზე დავიწყეთ. გავასუფთავეთ ფართობები და ნერგებიც დავრგეთ. სამომავალოდ დაგეგმილი გვაქვს ხის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, გაიხსნება სასადილო მუშებისთვის. დასაქმდება დაახლოებით 600 – მდე ადამიანი. ხეების გატანას დანიასა და ნორვეგიაში ვგეგმავთ. იქ მათზე ძალიან დიდი მოთხოვნაა“, _ განაცხადა დანიელმა ინვესტორმა, ჯასპერ იორგანსონმა.
R