ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ადგილობრივი თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნები რამდენიმე დღეში გაიმართება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე "გურია ნიუსთან" ხელისუფლების მხრიდან თავიანთ ამომრჩევლებზე ზეწოლაზე საუბრობს:
"არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები გააქტიურდნენ და ისინი ცდილობენ დარღვევით მოიპოვონ გამარჯვება. ახდენენ ამომრჩევლების დაშინებას, ადგილი აქვს მოსყიდვას და რაც ყველაზე მთავარია, არის ფაქტები, როგორ იბარებენ ღამის საათებში ამომრჩევლებს, ისინი გამოჰყავთ სახლებიდან და ცდილობენ მათთვის ფინანსური მხარდაჭერით დახმარებას და ჰპირდებიან, რომ სამსახურს დააწყებინებენ, სანაცვლოდ კი მათგან გადაბირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში და დაშინებას ცდილობენ", _ ამბობს მჟავანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს:
"მივმართავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტონ მსგავსი უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებები, მოვუწოდებ შესაბამისს ორგანოებს დაინტერესდნენ აღნიშნული ინფორმაციით. კონკრეტულად იმ ადამიანებს, კი ვინც ამ დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებენ , ვთხოვთ , რომ შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან" _ამბობს ენმ -ს ადგილობრივი ლიდერი.
პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია "გურია ნიუსთან" მჟავანაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს:
"საიდან იგონებენ მსგავს რაღაცეებს, სულ არ ვიცნობთ მაგათ დეპუტატობის კანდიდატს, მაგენი ჩვენს გაკეთებულსაც თავად იბრალებენ, ასეთი ხალხი არიან, ჩვენ გავაკეთეთო, დავით მჟავანაძე რას აცხადებს სულ არ მაინტერესებს, დაანებონ ამ სისულელეებს თავი, ფანტაზია ამოუწურავი აქვთ", _ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.