ჯანდაცვის მსოლფიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ზიკას ვირუსი შესაძლოა, ევროპაში გავრცელდეს. ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს საქართველოსა და რუსეთის შავიზღვისპირა რეგიონებში, ასევე კუნძულ მადეირაზე.
იმ ქვეყნებს შორის, სადაც სპეციალისტები ვირუსის გავრცელების საშიშროების დონეს ზომიერად აფასებენ, არიან საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ რეგიონებში ბინადრობს კოღოს ის სახეობა, რომელსაც ზიკას ვირუსი გადააქვს.
კოღო ლათინური სახელწოდებით Aedes Aegypti 50-ზე მეტ ქვეყანაში აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ზიკას ვირუსი ბრაზილიაში დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს კოღოების გავრცელების ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარონ და მოსახლეობა, განსაკუთრებით ორსული ქალები, დაავადების ნეგატიური შედეგების შესახებ გააფრთხილონ.
ზიკას ვირუსი, რომელიც ლათინური ამერიკის რეგიონშია გავრცელებული, ახალშობილებში ტვინის თანდაყოლილ დეფექტებსა და ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე არ არის შექმნილი.