“ქალაქ ოზურგეთში მდებარეობს ექადიის ტყე–პარკი, რომელიც თავისი მნიშვნელობით უნიკალურია. მე მაპატიოს მეუფე იოსებმა, რომ მის წერილობით თხოვნას, ექადიის ტყე–პარკი ეპარქიის საკუთრებაში გადაცემაზე, უარით ვუპასუხე.
მე მაპატიოს, რომ აღსარებაც კი ვერ ჩავაბარე აღდგომის მარხვაში, მაგრამ ჩემი თვალსაზრისით, ძალიან სასარგებლო იქნებოდა, თუ აღნიშნულ პარკს დაცულ ტერიტორიად გამოვაცხადებთ და მის ფუნქციას და როლს ქალაქის გამწვანების საქმეში სამართლებრივად დავაფიქსირებთ, რათა სამომავლოდ, თუნდაც წლების შემდეგ პარკის კერძო საკუთრებაში გადაცემის საშიშროება თავიდან ავიცილოთ”, _ ეს განცხადება ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ გარემოს დაცვის მინისტრთან გიგლა აგულაშვილთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.
როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, საუბარია 18 ჰექტარ ტყე-პარკზე, რომელსაც ოზურგეთის ჟანგბადს უწოდებენ და რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია.
შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ადგილს 20 წლის განმავლობაში ეპარქია იცავდა:
_ ადგილზე, რომლის გადმოცემასაც ვითხოვთ, მამათა მოქმედი მონასტერია. თავისთავად, მონასტრებს სჭირდება ტერიტორია. სხვათა შორის, არც ის ადგილია ჩვენს მფლობელობაში, სადაც მონასტერი მდებარეობს, მით უმეტეს, რომ 20 წელია ვიცავთ ტყე–პარკს და ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ახლა იქ არაფერი იქნებოდა, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას მეუფე იოსებმა.
_ მეუფეო, საუბარია 18 ჰექტარზე _ გამართლებულია, რომ მონასტერს მფლობელობაში ამხელა ტერიტორია ჰქონდეს, რომელიც, როგორც პრაქტიკა მოწმობს, შემდგომ იკეტება?
_ ამხელა თუ არა, რაღაც ნაწილი ხომ შეიძლება გადმოეცეს?! ის ადგილი მაინც, სადაც მონასტერია.
_ ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ეპარქიის მფლობელობაში გადასული ტერიტორიები უბრალო მოკვდავთათვის იკეტება. ასეთ მაგალითად ჩოხატაურის ცენტრში არსებულ პარკსაც ასახელებენ… ეს სწორად მიგაჩნიათ?
_ იქ საეპისკოპოსო რეზიდენცია და მონასტერია, სადაც ადამიანები დადიან. არ იკეტება, არ მგონია.
_ საუბარია იმ ადგილზე, სადაც კელიებია ჩადგმული. მაღალი ღობე, ავი ძაღლი და მოსახლეობისთვის მიუწვდომელი ადგილი…
_ არ არის ეს სწორი ეს ინფორმაცია _ ტერიტორია არ იკეტება. სადაც მონასტერია, იქ ღობე კეთდება. ვისაც უნდა შევა და დაისვენებს, რა პრობლემაა?
_ თუმცა, ჩოხატაურში ვერ შედიან.
_ არ შედიან, ეტყობა.
_ დაზუსტებით შეგვძლია გითხრათ, რომ ის ჭიშკარი არასდროს გაღებულა და ერთ დროს ყველასთვის საყვარელი დასასველებელი ადგილი, რომელსაც ჩოხატაურში ალტერნატივა არ აქვს, მუდამ დაკეტილია…
_ ის არის მონასტრის ტერიტორია და ვისაც უნდა მოილოცებს. შედიან იქ ადამიანები…
_ მეუფეო, ხშირად საუბრობენ ეპარქიის ბიზნესზე…
_ რა ბიზნესი გვაქვს ჩვენ? არანაირი ბიზნესი არ გვაქვს!
_ მაღაზიები, კაფეები?
_ სად არის, რომელ მონასტერშია კაფეები და მაღაზიები?
_ მაგალითად, ოზურგეთის ცენტრში საკმაოდ დიდი კვების ობიექტი თქვენს საკუთრებაშია… ჩოხატაურში საეკლესიო მაღაზია და საკონდიტრო პარკში დგას…
_ მონასტერში მსგავსი მაღაზია არსად არ არის. შეიძლება, მხოლოდ სანთლის მაღაზია იყოს…
_ მეუფეო, ჩვენ ვსაუბრობთ ეპარქიის მფლობელობაში გადაცემულ ტერიტორიებზე განთავსებულ ბიზნეს–ობიექტებზე…
_ საქართველოს ეკლესიას მიწების ერთი მესამედი და დიდი ქონება ჰქონდა. დღეს იმის ათი პროცენტი არ გააჩნია. შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ მონასტერში მაღაზია არ არის.
_ ჩოხატაურში, მონასტერთან ახლოს, არის ეპარქიის მაღაზია, სადაც საეკლესიო ნივთები და ტკბილეული იყიდება, რომელსაც მონაზვნები ამზადებენ…
_ თუ მონასტერში ცხოვრობს 20 და 30 ადამიანი, მგონი, მათ რჩენა უნდა. ეს რა პრობლემაა? მთელ მსოფლიოში ეკლესიებს აქვთ მაღაზიები, რომლითაც ირჩენენ თავს და რა გასაკვირია ეგ? მით უმეტეს, საქართველოს ეკლესიას თითქმის არაფერი აქვს. არ მესმის ესეთი რაღაცეები. არ უნდა ჰქონდეს?
_ ცენტრალურ ადგილებში მხოლოდ ეპარქიის ბიზნესს ობიექტები უნდა იყოს და ყველა ტყე–პარკები ეკლესიის უნდა გადაეცეს?
_ არ არის სწორი, რასაც თქვენ მეუბნებით და ალბათ, არც უნდა დამეწყო ამაზე საუბარი. არ ვითხოვთ ჩვენ ტყე–პარკებს. ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ მოგვცენ ის ტერიტორია, სადაც მონასტერია განთავსებული. ეს კონსტიტუციაშიც წერია. ჩვენ არავის არ ვეხებით, იქით ვეხმარებით მოსახლეობას და ვიცავთ ტერიტორიებს. თქვენ თუ გინდათ რაღაც მიზეზები გამოძებნოთ, მე არ მესმის. სხვა მიმართულებით მიგყავთ ეს საუბარი…
_ ჩვენ ვსვამთ იმ შეკითხვებს, რომელიც ხშირად ისმის…
_ მეც მაქვს კითხვა _ თუ ასეა, რას უპირებენ მაშინ იმ მონასტერს რომელიც მოქმედია? უნდა დაშალონ და გააუქმონ?
_ ეს არავის უთქვამს…
_ ექადიის ტყე–პარკის ტერიტორიაზე მოქმედი მონასტერია, სადაც ხალხი დადის, ეზიარება, წირვა ტარდება და თუ რაღაც ნაწილი არ გადმოეცემა ეკლესიას, არ იქნება სწორი. რა დრო იყო 20 წლის მანძილზე გახსოვთ და ჩვენ რომ იქ არ შევსულიყავით, ის ტყე–პარკი დღეს არ იარსებებდა.
_ ქალაქის მერის უარის შემდეგ ხომ არ აპირებთ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართოთ?
_ არა. ღვთის ნებაა, რაც მოხდება. გავა დრო და ღმერთს როგორც სურს, ისე იქნება, _ გვითხრა მეუფემ.
ქალაქ ოზურგეთის მერიაში განმარტავენ, რომ ტერიტორია, სადაც მონასტერი და კელიები დგას, შემოქმედის ეპარქიას უზურფრუქტის წესით აქვს გადაცემული.