ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა ადამ ხუხუნაიშვილმა საკრებულოს სხდომაზე პირდაპირ გამგებელს ზაზა ურუშაძეს მიმართა და ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაშისღელის უბანზე გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწის მისმარით საყვედურები გამოთქვა. ხუხუნაიშვილის თქმით, ამ ადამიანს ხელფასი არაფერში ეძლევა და ამას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.
"რომ ვიცნობდე შეიძლება არც ვთქვა, ახლობელი ადამიანი გამოდგეს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ვინაა და ამიტომ ვამბობ. ჩვენ ამ ადამიანებს ხელფასს იმისთვის ვუხდით, რომ მოსახლეობას შეხვდეს, მოიკითხოს, თუმცა, არავინ არაფერს არ აკეთებს. რამდენი რამე გაკეთდა თქვენი დახმარებით ლაშისღელეში, ეს კაცი კი ერთხელაც არ გამოჩენილა მოსახლეობასთან და ამბავი არ უკითხია, სიმართლე გითხრათ არც მე დავინტერესებულვარ ვინაა იგი. იქნებ მიაქციოთ ბატონო გამგებელო, ამას ყურადღება,"-შესჩივლა გამგებელს ხუხუნაიშვილმა.
ზაზა ურუსაძემ დეპუტატს პირობა მისცა, რომ საკითხს აუცილებლად მოიკითხავდა და გაარკვევდა, ვინ რისი მაქნისია და რაში იღებს ხელფასს.
როგორც გაირკვა, ქალაქში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე, რომელმაც ადამ ხუხუნაიშვილისგან საყვედურები დაიმსახურა და რომლის საქმიანობის კეთილსინდისიერებას სამომავლოდ ურუშაძე შეისწავლის, ლაშა დუდუჩავაა, თავადაც ლაშისღელის მკვიდრი.
ჩვენთან საუბარში საკუთარ თანაშემწეს ქალაქის მერი ლადო ნანაძე საკმაოდ დადებით და შრომისმოყვარე პიროვნებად აფასებს.
"დღეს არ არის ლაშა სამსახურში, მამამისი ოპერაციას იკეთებს და მე გავათავისუფლე სამსახურიდან. როგორ შეიძლება ლაშაზე ასე საუბარი. ერთი კვირა საყანე ფართობებიდან არ ამოსულა, თუ არაფერს აკეთებს, მაშინ მითხრან ვინ მოხნა 115 ჰექტარი. ლაშა კი არა თავად უფრო იღებენ არაფერში ხელფასს."– ამბობს ნანაძე.