საქართველოში ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას AGENDA.GE ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება ეუთო-ს გენერალური მდივნის, ლამბერტო ზანიერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმა ეუთო-ს მიმართა თხოვნით, რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი გამოგზავნონ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ლიდერმა ასევე დადო პირობა, რომ მთავრობა უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების პრინციპების დაცვას.
როგორც ცნობილია, ორმა ოფიციალურმა პირმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მაუწყებლის ინფორმაციით, კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 19 მაისს ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საჭიროა სათანადო რეაგირება მომხდარ ინციდენტზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ზანიერმა შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერა გამოხატა.