საქართველოს პარლამენტის ბალანსზე 102 ავტომანქანა ირიცხება, აქედან ყველაზე ძველი 1997 წელს, ხოლო ყველაზე ახალი 2015 წელსაა გამოშვებული.
ამის შესახებ "გურია ნიუსის" მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა.
ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, პარლამენტის ბალანსზე 2014-2015 წლებში გამოშვებული 35 Toyota Camry-ია. 2013 წელს გამოშვებული 10 ერთეული Hyundai Elantra. 18 ერთეული Shkoda Oqtavia და 2 ერთეული Shkoda Super B, რომლებიც 2008-2013 წლებშია გამოშვებული. გარდა ამისა, პარლამენტის ბალანსზე ირიცხება: 19 Volksvagen Pasat; 2007-2008 წლებში გამოშვებული 4 Mitsubishi Pajero; 2008 წელს გამოშვებული Volksvagen Touaregi; 2007 წელს გამოშებული Toyota Lendcruizer; 2010 წლის Audi Q 07; ამავე წელს გამოშვებული Mitsubishi 300; Volksvagen Ktafter და Volksvagen Multiven; Volksvagen Sharan; 2005წელს გამოშვებული Volksvagen Transporter-ია;
პარლამენტის ბალანსზე რიცხული 102 ავტომანქანიდან ყველაზე ძველები 1997 წელს გამოშვებული RAF 2203 და 1998 წელს გამოშვებული GAz 3102, ხოლო ყველაზე ახალი 2015-წლიანია.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა რა გზით შეიძინა საქართველოს პარლამენტმა 35 Toyota Camry, რადგან სახელმწიფო შესყიდვების საიტზე არანაირი ინფორმაცია არ იძებნება. უწყებაში განმეორებით მიმართვისას კი განგვიცხადეს, რომ ოფიციალური წერილით მიგვემართა და კანონის შესაბამისად გვიპასუხებდნენ.
პარლამენტიდან ინფორმაციის მიღებისთანავე აღნიშნულ ინფორმაციასაც შემოგთავაზებთ.
აღსანიშნავია რომ, სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის 100 ავტომობილი 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაზღვეულია. სადაზღვევო თანხა კი, 157 000 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებას ან ტექნიკურ მომსახურებას, პარლამენტის მიერ განხორციელებული ტენდერის პირობების შესაბამისად, 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე უწყებას შეუძლია 200 000 ლარის ღირებულების მომსახურება მიიღოს.