დონეცკში მიმდინარე ბრძოლის შედეგად ხუთი უკრაინელი სამხედრო და ორი ამბოხებული დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრორუსულმა სეპარატისტებმა 4 უკრაინელი სამხედრო ტორეცკიში ჩასაფრების შედეგად მოკლეს, ხოლო მეხუთე დაღუპულის ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა.
როგორც თვითმარქვია "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სპიკერმა, ედუარდ ბესურინმა განაცხადა, უკრაინული მხარის მიერ დონეცკის დაბომბვის შედეგად 2 მეამბოხე დაიღუპა.
მისივე თქმით, ამბოხებულებმა, უკრაინის არმიის მცდელობა გაერღვიათ ავდეევკა და იასონოვატია, დაბლოკეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე მძიმე შეიარაღების გამოყენებით ბრძოლა ისევ გრძელდება.
როგორც ცნობილია, ნატო, დასავლეთის ლიდერები და უკრაინის ხელისუფლება რუსეთს ამბოხებულებისთვის მძიმე საბრძოლო ტექნიკის და რეგულარული ჯარის გაგზავნაში სდებენ ბრალს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი ბრალდებას უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ ამბოხებულებს რუსი "მოხალისეები" ეხმარებიან.