თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დავით ახალაია, გერონტი ალანია და იოსებ თოფურიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის III ნაწილით და განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვის ვადით.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2005 წლის 5 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, მის მოადგილესთან იოსებ თოფურიძესთან, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსთან – გერონტი ალანიასთან, ოლეგ მელნიკოვთან და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ "მოდულის" შენობაში, დავით ახალაიას სამუშაო ოთახში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შს სამინისტროს მოქმედ პოლიციის თანამშრომლებს, იმ მოტივით, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას უხეშად მიმართეს".
"დავით ახალაიას, იოსებ თოფურიძესა და გერონტი ალანიას მიმართ განაჩენი დაუსწრებლად დადგა, ვინაიდან ისინი თავს არიდებენ მართლმსაჯულებას და მათზე გამოცხადებულია ძებნა", _ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.