მაესტრომ თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილს და ბექა ბაციკაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერა _ ამ ინფორმაციას "ბიზნესკონტაქტი" ავრცელებს.
სტატიის თანახმად, არხის დირექტორმა აღნიშნულის მიზეზად „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ თანამშრომლების ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობა დაასახელა.
"ვთვლით, რომ ყოვლად დაუშვებელია ტელეკომპანია „მაესტროს“ მოქმედმა თანამშრომლებმა საზოგადოების მენეჯმენტთან შეუთანხმებლად მონაწილეობა მიიღონ კონკურენტი ტელეკომპანიის ან ტელეკომპანიების თოქშოუებში, სადაც შპს „მაესტროს“ საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და მისი კომერციული ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები კეთდება.
ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მესამე პირების მხრიდან „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას და მისი კომერციული ინტერესების უხეშ ხელყოფას.
იბადება მართლზომიერი შეკითხვა: – რატომ ხდება ყოველივე ეს მაშინ, როდესაც ქვემოთ მოხსენიებულ თანამშრომლებს ყოველდღიურად 4 საათით, შეუზღუდავად, – პირდაპირ ეთერში მიჰყავთ გადაცემები „ბიზნეს კონტაქტი“, „ანალიტიკა“ და „საქმიანი დილა“ ?
აღნიშნულიდან გამომდინარე, მე, როგორც საზოგადოების დირექტორი, ვიღებ გადაწყვეტილებას :
1. ჩატარდეს შიდა სამსახურებრივი მოკვლევა ფაქტზე: 31 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ შპს „სტუდია მაესტროს“ მოქმედ თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ.
2. მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერდეთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება ტელეკომპანია „მაესტროს“ შემდეგ თანამშრომლებს: თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს.
აქვე დავამატებთ, რომ საზოგადოების დირექციამ განიხილა ბატონი გიორგი ისაკაძის „რუსთავი 2“-ის ეთერიდან გაჟღერებული შეთავაზება – აღადგინოს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ შრომითი ხელშეკრულება სიმბოლურ ფასად – 1ლარად.
განხილვის შედეგად გადაწყდა: – საზოგადოების დამაზიანებელი ზემოთმოყვანილი ფაქტის ან მსგავსი ფაქტებისაგან მომავალში პრევენციის მიზნით, უარი ეთქვას გიორგი ისაკაძეს შემოთავაზებაზე. " – ნათქვამია წერილში, რომელიც businesscontact.ge-ზე გამოქვეყნდა.
"გურია ნიუსი" "მაესტროს ხელმძღვანელებთან დაკავშირებას ამ წუთებში ცდილობს და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.