"ვიზალიბერალიზაციაზე ყველა ეხლა ამუშავდა და კარგია. თუმცა, შეიძლება ითქვას რომ აჯობებდა ადრე დაწყება და ნაკლები ხმამაღალი საზეიმო განცხადებები შედეგის მიღწევამდე!" _ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, "პრემიერმა ჰოლანდის სიტყვიერი თანხმობა მიიღო და მერკელთან დამაიმედებელი საუბარი ჰქონდა, პრეზიდენტმა ევრო პარლამენტის მხარდაჭერა გაამაგრა და აპირებს მერკელთან შეხვედრას ზაფხულში. პარლამენტის თავჯდომარეც შეხვედრებს არ იშურებს."
"ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ ბოლოს და ბოლოს ეს აქტივობა გადავიდა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე (თუმცა, ბიუროკრატიულ დონეზე, როგორც ვიცი, დაუღალავი შრომა ჩაიდო ამ საქმეში გასულ თვეებში და ესეც მისასალმებელია და სწორედ იმან განაპირობა, რომ ყველამ აღიარა ჩვენს მიერ ვალდებულებების შესრულება) რამეთუ ეს საკითხი არის პოლიტიკური და გადაწყდება პოლიტიკურ დონეზე.
აქ არც ევროპაში მყოფი ქართველების კრიმინალური მონაცემები არ თამაშობს ისეთ გადამწყვეტ როლს, როგორც წერენ ჩვენი ჟურნალისტები; არც ჩვენი დემოკრატიული პროცესი არ იქნა დაწუნებული.
ეს არის პოლიტიკური საკითხი, რადგანც ცალკეულ ევროკავშირის ქვეყნისთვის მიგრანტების პრობლემა უკვე გახდა ის ქვაკუთხედი, რომლის გამო იგებენ ან აგებენ არჩევნებს და ყველაზე სენსიტიური საკითხი ევროპელი ამომრჩევლებისთვის.
პოლიტიკური იმიტომ, რომ ძალიან რთულია საქართველოს მისცე ის, რასაც არ აძლევ ომში მყოფ უკრაინას, ან თურქეთს, რომლისგან ელი დახმარებას სირიიდან მიგრანტების ტალღის შეკავებაში.
პოლიტიკური იმიტომ, რომ რუსეთმა არ დაიშურა არცერთი მცდელობა რათა ნეგატიურად ემოქმედა რიგ ევროპის წევრ სახელმწიფოზე.
და ამ პოლიტიკურ ბრძოლაში – საქართველოს ევროპულობის წინააღმდეგ გამართული ფაქტი, რომ ნაციონალურ მოძრაობამ რუსეთის მიზნების ხელი შეუწყო და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედა.
ესეც პოლიტიკურია, სამარცხვინოა და ღალატის ტოლფასია!
და დღეს ვინც ევროპისკენ იშურებს ხელს და ევროპელ ლიდერებს ბრალს დებს იმაში, რომ ვერ მივიღეთ ჩვენი კუთვნილი, ალბათ, ცოტა იმაზეც უნდა დაფიქრდეს _ რა მოვთხოვოთ სხვას, როცა შიგნით ადგილი აქვს ღალატს, მავნებლობას და საქმის გაფუჭებას!_ წერ ზურაბიშვილი.