საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"შეგვიძლია უსაზღვროდ ვიდისკუსიოთ, რა თქვა ევროპის სასამართლომ დღეს და თქვა თუ არა ის, რისი მოსმენაც ზოგს უნდა და ზოგს – არა, მაგრამ რამდენიმე საკითხია რაც ნათლად ჩანს ჩემთვის თანმდევი დისკუსიების ანალიზიდან და მოკლედ ასე შევაჯამებ:
1: ხელისუფლება ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და ნაცვლად იმისა, რომ მის მიერ სწორად და კანონიერად გამოძიებულ საქმეებზე გვესაუბროს (მათ შორის სისტემური დანაშაულების გამოძიების შედეგებზე), კვლავ მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების ამარაა.
2. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ისე გამოეძიებინა წარსულში ჩადენილი დანაშაულები, რომ გამოძიების პროცესში არ ჩაედინა სამართლებრივი დარღვევები და ამით არ გაეჩინა შერჩვითი თუ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების აღქმა;
3. დაუსაბუთებელი პატიმრობა და პატიმრის საკნიდან გაყვანა მორალური ზეწოლის მოსახდენად და სხვა საქმეზე ინფორმაციის მისაღებად, მძიმე დარღვევებია, რაზეც სახელმწიფომ ვერც თავის დროზე მოახდინა ადეკვატური რეაგირება და არც ახლაა მზად მათ შესაფასებლად.
4. ოპოზიცია მთელ აქცენტს საქმეთა წარმოების დროს დაშვებულ დარღვევებზე აკეთებს იმ იმედით, რომ ეს დარღვევები სავარაუდოდ ჩადენილ მძიმე დანაშაულებს გადაფარავს და "წარეცხავს" ჩვენი მეხსიერებიდან.
5. ჩემი გადასახადების ნაწილი თუ ადრე 2007, 2009 და 2011 წლების დარბევების "ეფექტურობაზე" და სხვა დანაშაულებზე იხარჯებოდა, ახლა იმ ადამიანის კომპენსირებაზე წავა, ვინც სავარაუდოდ დაგეგმა და უხელმძღვანელა ამ ყველაფერს", _ აცხადებს ნაცვლიშვილი.