15 წლის ნია ასათიანი ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლეა. მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციაზე მან გააგზავნა თემა, სადაც ნაადრევ ქორწინებაზე წერს.
"საქართველოში ხშირია ნაადრევი ქორწინების შემთხვევები. ჩვენთან ადრეული ქორწინების პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. საქართველოში მცხოვრები ქალების 17 პროცენტი 18 წლის შესრულებამდე ქორწინდებიან.
ორსულობა და მშობიარობა ახალგაზრდებში, განსაკუთრებით, 18- წლამდე ასაკის მოზარდებში, როგორც დედისთვის, ასევე, ბავშვისთვის გარკვეულ რისკს უკავშირდება.
ცნობილია, რომ 15-19 წლის ასაკის გოგონებში ორსულობისა და მშობიარობის გართულებით გამოწვეული სიკვდილიანობა 2-ჯერ , ხოლო 15- წლამდე ბავშვებში 5-ჯერ უფრო მაღალია 20-30 წლის ასაკის ქალებთან შედარებით. მოზარდ გოგონებში საკმაოდ ხშირია სამშობიარო ტრავმები და ინფიცირება მშობიარობის დროს , რაც შემდგომში მათ ინვალიდობას იწვევს . ადრეულ ასაკში გოგონებს აღენიშნებათ ნაადრევი მშობიარობა, (მშობიარობის ნორმალური ვადაა მე-40 კვირა, ნაადრევია მშობიარობა ორსულობის 20კვირიდან 36 კვირამდე ) ორსულობისა და მშობიარობის სხვადასხვა გართულება ორგანიზმის მოუმწიფებლობის გამო. გარდა ამისა, მცირეწლოვანი გოგონები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ორსულობის გართულების ნიშნების შესახებ, არ თვლიან აუცილებლად ექიმთან ვიზიტებს ორსულობის პერიოდში, რაც კიდევ უფრო რისკის ქვეშ აყენებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას. მოზარდი გოგონების მიერ გაჩენილი ბავშვის სიკვდილიანობა 1-წლამდე ასაკში 1,5-ჯერ აღემატება ზრდასრული ქალების ბავშვების სიკვდილს.
გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, ადრეულ ასაკში ქორწინება მთელ რიგ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ასოცირდება.
გურიის რეგიონშიც ხშირია ნაადრევი ქორწინება, განსაკუთრებით, მთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეობით დასახლებულ უბნებში (ნარუჯა, ნასაკირალი, ლაითური) ოზურგეთში ქალთა კონსულტაციაში 1 წლის განმავლობაში ორსულთა მეთვალყურეობას გადის, დაახლოებით, 500-600 ორსული. აქედან 2% ადრეულ ასაკში ორსულობაა.
საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ პრობლემების სიმწვავის შესამცირებლად საჭიროა სქესობრივი განათლების შეტანა საშუალო სკოლებში. შეყვარებულმა მოზარდებმა უნდა იცოდნენ როგორ დააღწიონ თავი ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას ისე, რომ არ დაკარგონ ერთმანეთი. ყოველივე ეს კი დიდწილად განსაზღვრავს ორსულობისა და იძულებითი ქორწინების პრევენციას, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, პრობლემას ფიზიოლოგიურის გარდა, ასევე აქვს მნიშვნელოვანი სოციალური და კულტურული შემადგენელი, რომელთა დასაძლევად საჭიროა სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორისა და მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევა", _ ვკითხულობთ ნია ასათიანის ნაშრომში.
ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე ამბობს, რომ სკოლიდან 2015 წელს სამი გოგონა გათხოვდა.
"მე, პირადად, არ ვემხრობი ნაადრევ ქორწინებას. კარგი იქნება თუ ჯერ ახალგაზრდები ისწავლიან და შემდეგ შექმნიან ოჯახს. ხშირ შემთხვევაში, უფროსების რჩევებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მოზარდები.
ჩვენს სკოლაში არის ერთი გოგონა, რომელმაც წელს დაამთავრა სკოლა. ის ძალიან კარგი მოსწავლე იყო. 2015 წელს გათხოვდა და უკვე ჰყავს შვილი. მიუხედავად ამისა, სკოლაში აქტიურად ერთვებოდა სხვადასხვა ღონისძიებებში და სასკოლო პროცესში. ასეთი შემთხვევები გამონაკლისია.
2015 წელს კიდევ ერთი გოგო გათხოვდა, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო და გათხოვების შემდეგ სკოლაში იშვიათად დადიოდა," _ გვითხრა ფატი სიორიძემ.
"გურია ნიუსთან" ნაკლებად საუბრობენ ნაადრევად დაქორწინებულები.
"ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება და ამასთან დაკავშირებით არ მსურს საუბარი", _ გვითხრა ერთ-ერთმა ჩვენმა რესპოდენტმა.
"ადრეულ ასაკში ქორწინება არის რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს ჯერ არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკისთვის. ადრეულ ასაკში ქორწინება არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას. ეს უფლებები დაცულია გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციით," _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" პროგრამის კოორდინატორი სალომე ქინქლაძე.
მისივე თქმით, ადრეულ ქორწინებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, ერთ-ერთია ეკონომიკური მიზეზი. ზოგჯერ ოჯახის წევრები გოგოს "ზედმეტ ტვირთად" მიიჩნევენ და ამჯობინებენ, რომ გაათხოვონ. ასევე, მნიშვნელოვანია კულტურული ტრადიციებიც, როდესაც ამა თუ იმ კულტურაში ქალის განათლებასა და კარიერულ წინსვლაზე წინ მისი, როგორც ცოლისა და დედის ფუნქცია-მოვალეობებს აყენებენ.
"საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის ერთ-ერთ ქვეთავში, რომელიც ეთმობა გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებებს, ადრეული ქორწინების მაღალი რიცხვი სახელდება. ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ მოწოდებების მიუხედავად, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ადრეული ქორწინების პრაქტიკასთან მიმართებაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2014 წელს 31 ათასზე მეტი ადამიანი დაქორწინდა, აქედან კი 4 ათასამდე, ანუ 13 პროცენტი, არასრულწლოვანი გოგონაა. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ცნობით კი, 2014 წელს საქართველოში 18-წლამდე მიუღწეველ გოგონებს შორის 14% იყო დაქორწინებული, ხოლო 15-წლამდე ასაკის _ 1%, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე 7367-მა გოგონამ მეშვიდე-მეცხრე კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად, ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
საქართველოს კანონმდებლობით ადრეული ქორწინება რეგულირდება, მაგრამ არსებული ტრადიციები და კულტურა კანონს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს უნარჩუნებს,"_ გვითხრა სალომე ქინქლაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ნააადრევი ქორწინების სტატისტიკა ოზურგეთის საჯარო სკოლების ჭრილში საგანგაშოდ ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
"მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, ასეთი შემთხვევები ჩვენს რეალობაში იყო, ქორწინების გამო სწავლის მიტოვების მაჩვენებელი ოზურგეთის საჯარო სკოლებში ნულის ტოლია. დაქორწინების მიუხედავად, ასეთი ახალგაზრდები, მათი სურვილის შემთხვევაში, სწავლას საჯარო სკოლებში აგრძელებენ. ქორწინებაში მყოფი მოსწავლეები დღესაც სწავლობენ ჩვენს სკოლებში, კანონის შესაბამისად, იღებენ სრულ განათლებას და საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზეც რეგისტრირდებიან", _ თქვა ლელა იმედაშვილმა.
ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები _ წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების ინდივიდუალური შემთხვევების შესწავლის, შესაბამისი უწყებების საქმიანობის მონიტორინგისა და საინფორმაციო შეხვედრების ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას, სწორედ, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია წარმოადგენს. 2015-2016 წლებში გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და აჭარის მუნიციპალურ ერთეულებში 30 შეხვედრა ჩაატარა, რომელიც მიზნად მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას, არსებული პრობლემებისა და შესაძლო გადაჭრის გზების გამოკვეთას ისახავდა.
საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ მთავარ გამოწვევას საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე, სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება წარმოადგენს. ეს პრობლემები განსაკუთრებით მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში იჩენს თავს, სადაც სერვისებზე ხელმისაწვდომობა რიგი მიზეზების გამო რთულდება.
მისასალმებელია, რომ 2015 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომლის მომზადების საფუძველი საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება გახდა. ცვლილების მიხედვით, 17-დან 18-წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი შეიცვალა იმგვარად, რომ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ასევე, დაზუსტდა ქორწინების რეგისტრაციის პატივსადები გარემოება და დებულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით.