"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"გურია ნიუსი" ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უცვლელად გთავაზობთ:
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება 2013 წელს ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის შესაბამისობის საკითხს ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან.
§ იყო თუ არა სასამართლოს შეფასებით წინასწარი პატიმრობის გამოყენება საფუძვლიანი ?
სასამართლოს შეფასებით წინასწარი პატიმრობის გამოყენება საფუძვლიანი იყო. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ 2013 წლის 22 და 25 მაისს ადგილობრივი სასამართლოების მიერ გამოყენებული წინასწარი პატიმრობა იყო დასაბუთებული, კანონიერი და ემყარებოდა განჭვრეტად საკანონმდებლო ნორმებს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მერაბიშვილს ჰქონდა სავარაუდოდ ყალბი საერთაშორისო პასპორტი, ამასთან მის საკუთრებაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობის ნაღდი ფული, ხოლო მისმა მეუღლემ სწრაფად დატოვა საქართველო მას შემდეგ რაც მერაბიშვილი დაბარებულ იქნა გამოძიების მიერ. ასევე, მოსარჩელემ სავარაუდოდ განახორციელა ზეწოლა სასაზღვრო პოლიციის უფროსზე და პოლიციის ოფიცერზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გამოძიების სათანადოდ წარმართვის ხელშეშლის საფრთხეები და შესაბამისად წინასწარი პატიმრობის გამოყენება დასაბუთებული იყო. აქედან გამომდინარე, კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა სასამართლომ არ დაადგინა.
§ იყო თუ არა დასაბუთებული წინასწარი პატიმრობის გაგრძელების საჭიროება ადგილობრივი სასამართლოების მიერ?
სასამართლომ მიიჩნია, რომ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების საჭიროება ადგილობრივი სასამართლოების მიერ არ იქნა სათანადოდ დასაბუთებული. წინასწარი პატიმრობის გამოყენებიდან 4 თვის გასვლის შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დაასაბუთა წინასწარი პატიმრობის გაგრძელების საჭიროება და განმარტებების გარეშე უარი უთხრა აპლიკანტს წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე. ამ კუთხით სასამართლომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა დაადგინა.
§ გამოიყენებოდა თუ არა წინასწარი პატიმრობა ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გარდა, სხვა “ფარული მიზნების” მისაღწევად (კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა) ?
სასამართლომ დაადგინა, რომ საგამოძიებო ორგანოები წინასწარ პატიმრობას კონვენციასთან შესაბამისი მიზნების მიღწევასთან ერთად, ასევე იყენებდნენ არაკონვენციური მიზნებისთვისაც. ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის მიზანს წარმოადგენს არ მისცეს სახელმწიფოებს შესაძლებლობა ადამიანის უფლებების შეზღუდვას გამოიყენონ კონვენციასთან შეუსაბამო „ფარული მიზნების” მისაღწევად.
მოსარჩელის მტკიცებით, მის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის რეალურ მიზანს მისი პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება და ამით მისი პარტიის პოლიტიკური შესუსტება წარმოადგენდა. ამის დასადასტურებლად ვანო მერაბიშვილს სარჩელში მოჰყავდა სხვადასხვა ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ინსტიტუციების და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი მხედველობაში იღებს ზოგად პოლიტიკურ კონტექსტს, თუმცა, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. სასამართლოსთვის გადამწყვეტია კონკრეტული სამართლებრივად დადგენადი ფაქტები და შესაბამისად იგი ვერ დაეყრდნობა სხვადასხვა პოლიტიკურ შეფასებებს.
სასამართლომ ამგვარ მნიშვნელოვან, კონკრეტულ ფაქტად მიიჩნია, მოსარჩელის ციხის საკნიდან გაყვანა გვიან ღამით მაშინდელ მთავარ პროკურორთან შეხვედრის მიზნით, რათა მასზე ზეწოლის განხორციელებით მიეღოთ ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და ასევე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ ამგვარ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რადგანაც: 1) მოსარჩელე დეტალურად და დამაჯერებლად აღწერდა შემთხვევის დეტალებს და მზად იყო საგამოძიებო ორგანოებთან სათანამშრომლოდ. 2) სასჯელაღსრულების სამინისტრომ არ უზრუნველყო სათვალთვალო კამერების მიწოდება, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ან უარეყო აღნიშნული ფაქტი. 3) მაღალი თანამდებობის პირები, კერძოდ, პრემიერ-მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი ეწინააღმდეგებოდნენ აპლიკანტის განცხადებების საფუძველზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას. 4) სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, დაადასტურა, რომ ამგვარ შემთხვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც იგი მალევე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. 5) სახელმწიფოს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ამ შემთხვევის რაიმე სახის ყურადსაღები ახსნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ასევე ემსახურებოდა არაკონვენციური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, იგი გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა, მის საქმესთან დაუკავშირებელ, საქმეებზე დამატებითი ინფორმაციების მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა თავისუფლების უფლებასთან კავშირში. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი საქმე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელშიც სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულს კი ცხადია უარყოფითი გავლენა ექნება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.
§ უნდა გათავისუფლდეს თუ არა პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილი?
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლებრივი ვალდებულება არ არსებობს. როგორც აღინიშნა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის საკითხს. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კონვენციასთან შეუსაბამო “ფარულ მიზნებთან” ერთად, თავდაპირველად ასევე არსებობდა წინასწარი პატიმრობის გამოყენების ლეგიტიმური მიზნებიც და ამ კუთხით დარღვევა არ დადგენილა. ამასთან, ევროპული სასამართლო ამ გადაწყვეტილების ფარგლებში არ/ვერ შეაფასებდა ადგილობრივი სასამართლოების იმ გადაწყვეტილებების შესაბამისობას კონვენციის მოთხოვნებთან, რომელთა საფუძველზეც ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი და დღეის მდგომარეობით იხდის სასჯელს.
§ როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება, რა არის ხელისუფლების ვალდებულებები?
სახელმწიფო ვალდებულია მოსარჩელეს მისი უფლებების დარღვევის გამო გადაუხადოს კომპენსაცია 4 000 ევროს ოდენობით. თუმცა, გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ ამით არ ამოიწურება. მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდება, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მიიღებს სპეციალურ რეზოლუციას, რომელშიც გაწერილი იქნება ის ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები, რომელთა შესრულება აუცილებელი იქნება გადაწყვეტილების სათანადოდ აღსასრულებლად. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ ფაქტის ეფექტური და სრულყოფილი გამოძიება, რომელიც საფუძვლად დაედო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის დადგენას. გადაწყვეტილების აღსრულების ზოგად ღონისძიებად ასევე მიჩნეულ შეიძლება იქნეს გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ადგილობრივმა სასამართლოებმა მომავალში სხვა მსგავს საქმეებზე, წინასწარი პატიმრობის გამოყენებიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდგომ, კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, სათანადოდ დაასაბუთონ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების საფუძვლიანობა.
§ ვანო მერაბიშვილის სტატუსი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი ?
ევროპულ სასამართლოს ვანო მერაბიშვილისთვის არ მიუნიჭებია და ვერც მიანიჭებდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსს. პოლიტიკური პატიმრის ცნების საყოველთაოდ აღიარებული განმარტება და პოლიტიკური პატიმრის სამართლებრივი სტატუსი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში არ არსებობს და ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში არ ადგენს არის თუ არა პირი პოლიტიკური პატიმარი.
რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების შემდგომ საზოგადოებაში წარმართულ დისკუსიებს მის პოლიტიკურ პატიმრად მიჩნევასთან დაკავშირებით, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამგვარი დისკუსია არ წარმოადგენს გადაწყვეტილების სამართლებრივი მხარის შეფასებას და რჩება პოლიტიკური შეფასებების კონტექსტში. გასათვალისწინებელია, რომ ევროპული სასამართლოს მითითებით, კონვენციასთან შეუსაბამო “ფარულ მიზნებთან” ერთად, ასევე არსებობდა წინასწარი პატიმრობის გამოყენების ლეგიტიმური მიზნებიც. ამასთან, ამ გადაწყვეტილების ფარგლებში არ შეფასებულა ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ არსებული გამამტყუნებელი განაჩენების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა და მისი ბრალეულობა თუ უდანაშაულობა კონკრეტულ ქმედებებში.
მიგვაჩნია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზები კიდევ ერთხელ იქნა გამოვლენილი. კერძოდ, ზოგად პრობლემად ისევ რჩება ადგილობრივი სასამართლოების მიერ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების სათანადოდ დასაბუთება. საგამოძიებო ორგანოები თავის საქმიანობის განხორციელებისას არ მოქმედებენ მხოლოდ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და ამავდროულად არ ძალუძთ ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ გამოძიების მიმდინარეობისას დაშვებული დარღვევები. ამასთან, პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ აქვთ გააზრებული მათი მაღალი პასუხისმგებლობა ქვეყანაში თითოეული ადამიანის ძირითადი უფლების დარღვევის პრევენციის და დარღვევის შემთხვევაში მათი აღმოფხვრის აუცილებლობასთან დაკავშირებით", _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.