ლანჩხუთის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრ დეპუტათა უმრავლესობა "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ' ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას დაეთანხმა.
აღნიშნული საკითხი ბიუროს წევრებს გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა შოთა ჩაგუნავამ წარუდგინა და იქვე განმარტა, რომ ეს ცვლილება მიზნად ისახავს იურიდიულ სამსახურში ერთი საშტატო ნუსხის დამატებას.
"ამჟამად გამგეობის იურიდიულ სამსახურში სამი საშტატო ერთეული, თუმცა, იმდენად დატვირთული სამუშაო გვაქვს, რომ ერთი თანამშრომლის შვებულებაში გასვლაც კი დიდ სირთულეებს გვიქმნის', _ დასძინა ჩაგუნავამ და საშტატო ერთეულის გაზრდა "გარდაუვალი აუცილებლობით' ახსნა.
დეპუტატი ნონა მურვანიძე დაინტერესდა, თუ როგორ მოხდებოდა აღნიშნულის ფინანსური უზრუნველყოფა:
"თქვენ მიერ წარმოდგენილ საკითხი არ გახლავთ სრულყოფილი, მას თან არ ერთვის ფინანსური დასაბუთება, თუ რის ხარჯზე მოხდება ახალი საშტატო ერთეულის დაფინანსება', _აღნიშნა მურვანიძემ.
ჩაგუნავას განმარტებით, ახალი შტატი არსებული რესურსების ფარგლებში დაფინანსდება, რის შესახებაც დეპუტატებს დეტალურად გაწერილი ინფორმაცია საკითხის ფრაქციებსა თუ კომისიებში განხილვისას მიეწოდებათ.
სუფსის მაჟორიტარმა ჯუმბერ ბლაგიძემ კმაყოფილება გამოხატა იურიდიულ სამსახურში საშტატო ნუსხის დამატებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ეს შემდგომში წარმატებულად სასამართლო დავებზეც აისახება.
იურიდიული სამსახურის უფროსისთვის მიუღებელი აღმოჩნდა დეპუტატის ეს შენიშვნა – "ძალაში შესული გადაწყვეტილება მაჩვენეთ, რომელიც წავაგეთ', _ გაიოცა ჩაგუნავამ.