საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურები ხელახლა წარუდგინა, ანა დოლიძე კი, საპარლამენტო მდივნად დანიშნა.
გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს პარლამენტს მის მიერ წარდგენილ კანდიდატურებზე სერიოზულად იმსჯელოს.
"რამდენიმე თვის წინ, მე წარვადგინე მოსამართლის სამი კანდიდატურა პარლამენტში დასამტკიცებლად და მოხდა ისე, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცა ჩემს მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები.
სამივე კანდიდატურა – თამარ ლალიაშვილი, ნონა თოდუა და ანა დოლიძე უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტები არიან და პარლამენტში არცერთი პოზიცია მათ წინააღმდეგ არ დაფიქსირებულა.
ამასთან, განსაკუთრებით რთულ ვითარებაშია ჩვენი უზენაესი სასამართლო, სადაც ფაქტიურად ვეღარ ფუნქციონირებს სისხლის სამართლის კოლეგია, იმიტომ რომ იქ მოსამართლეები არ არიან", _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება, კანდიდატებთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება ანა დოლიძეს, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, პირველივე მისი დავალება და პირველივე მისი საქმიანობა, სწორედ პარლამენტში მოსამართლეების დამტკიცების პროცესთან იქნება დაკავშირებული.
"ქალბატონი ანა ახლა უკვე შეეცდება დაარწმუნოს დეპუტატები, მათ უნდა მიიღონ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
მინდა ასევე გამოვთქვა იმედი, რომ მოსამართლეთა დამტკიცების გადაწყვეტილებას მიიღებს სწორედ მერვე მოწვევის პარლამენტი.
ჩვენ ინფორმირებული ვართ, რომ პარლამენტი სექტემბერში აპირებს შეკრებას. თუ სექტემბრამდე საჭირო იქნება სხდომის ჩატარება, მე მზად ვარ, მხარი დავუჭირო საგანგებო სხდომის მოწვევას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პარლამენტი შესაბამისი ინტერესით მოეკიდება და იმედი მაქვს ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული", _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა მოსამართლეობის კანდიდატებს კიდევ ერთხელ, საჯაროდ გადაუხადა მადლობა ძალიან მაღალი იურიდიული კვალიფიკაციისთვის, და რამდენიმეთვიანი, გაურკვევლობის რთული პროცესის, ძალიან მტკიცედ გავლისათვის. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული სასამართლო სისტემა სწორედ მათი მეშვეობით გაძლიერდება.