სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაკავებულთა შორის სამი უცხოელია.
ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, თურქეთის ქალაქ იზმირში, დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დაკავებულები სავარაუდოდ, ადამიანების რეკრუტირებითა და "ისლამური სახელმწიფოს" დაფინანსებით იყვნენ დაკავებული.
გარდა ამისა, თურქულმა გამოცემა "Hurriyet"-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილეობდა, შესაძლოა, ეთნიკური ჩეჩენი ვინმე ოსმან ვადინოვი იყოს.
გამოცემის თანახმად, თურქული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ის სტამბოლში სირიის ქალაქ რაქადან ჩავიდა, რომელიც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" არაოფიციალურ დედაქალაქად მიიჩნევა.
წყაროებმა უსაფრთხოების სამსახურიდან დაუდასტურეს სააგენტო "როიტერს", რომ სამი თვითმკვლელიდან სულ მცირე ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა.