ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატი, გიგი წერეთელი, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მისი კანდიდატურის მხარდაჭერას "პოლიტიკურ ხრიკს" უწოდებს. დეპუტატი ასევე საუბრობს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე მისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით.
განცხადება ამის შესახებ გიგი წერეთელმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
„რაც უფრო გაარკვიეს, რომ მეტია ჩემი შანსი, უფრო დაიძაბა ვითარება და განსაკუთრებით უფრო უსიამოვნო იყო მათთვის საზოგადოების რეაქციაც მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ მაქვს შანსები,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.
გიგი წერეთელი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ შეცვალა რუსეთის დელეგაციამ მისი დამოკიდებულება გიგი წერეთლის კანდიდატურის მიმართებაში.
„იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონოდა პოზიციების თანხვედრა რუსეთთან, რაც იყო ძალიან უხერხული, ამიტომ სასწრაფოდ მოხდა კომუნიკაცია და დილით გამოვიდა დელეგაციის ხელმძღვანელი და გამოაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთო,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა და დასძინა, „ვინაიდან ასე იქცევიან, ე.ი. ეშინიათ, ე.ი. მაქვს ძალიან სერიოზული შანსები და ვფიქრობ, რომ ეს ბოლოს საქართველოს გამარჯვებით უნდა დამთავრდეს და არა გიგი წერეთლის“.