საქართველოს პარლამენტის უმცირესობის დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, კახეთში გლეხები ატმის მოსავლის გაყიდვას ვერ ახერხებენ.
ამის შესახებ ღვინიშვილი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე წერს.
"ეხლა ვიყავი გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყის ატმის ბაზრობაზე. საშინელ დღეშია მოსახლეობა, მიუხედავად იმისა , რომ ატამს ძალიან დაბალი ფასი აქვს, მაინც ვერ ასაღებენ. იმის ნაცვლად , რომ ხელისუფლებამ რაიმე ზომები მიიღოს, ბაზრობაზე მიბილიზებული იყნენ სოფლისა და რაიონის გამგეობის თანამშრომლები და ხალხს მუქარით აიძულებდნენ ეთქვათ რომ ატამს კარგი ფასი აქვს! ეს არის "ქართული ოცნება!", _ წერს ღვინიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 1 ივნისიდან 28 ივნისამდე ექსპორტირებული ატმის მოცულობამ 942 ტონა შეადგინა, მაშინ როცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელი 52 ტონას შეადგენდა.
უწყების ინფორმაციით, ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთი ფედარაციაში (61%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (25%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.
კახეთის რეგიონში ატამს შპს. "ქართული ხილის კომპანიაშია" იბარებს. აღნიშნულ სამაცივრე-სასაწყობე კომპანიას დღეში დაახლოებით 80 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხების შესაძლებლობა აქვს.