2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 25 ივნისის ჩათვლით არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიული პირს „შემოქმედის ეპარქიის განვითრების ფონდს“, რომლის დამფუძნებელი შემოქმედის ეპარქიაა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 90000 ლარი აქვს მიღებული.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #45 დადგენილების თანახმად, 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა _ 65 000 ლარი უნდა მოხმარებოდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე ამ თანხიდან უნდა გადახდილიყო ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედის ეპარქიის კომუნალური გადასახადები და დაფინანსებულიყო სხვადასხვა რელიგიური ღონისძიებები.
2016 წლის ბიუჯეტში მცირე ამ კუთხით მცირე ცვლილება შევიდა. საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის #56 დადგენილებით დაკონკრეტდა რომ გამოყოფილი თანხა _ 55 000 ლარი უნდა მოხმარებოდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების, ეკლესია-მონასტრების მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას და შემოქმედის ეპარქიის კომუნალურ გადასახადებს (გამოყოფილი თანხიდან ეპარქიას ამ დროის მონაცემებით 25 000 ლარი აქვს ათვისებული).
თანხების გადარიცხვა სუბსიდირების ხელშეკრულების საფუძველზე ხდება, რომლის საგანი საკრებულოს დადგენილებაა.
ხელშეკრულებაში ვკითხულობთ: „მიმწოდებელი (ანუ მერია) ვალდებულია გადაურიცხოს შესაბამის საბანკო ანგარიშზე მიმღებს თანხა არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობისა, ეტაპობრივად მიმღების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად; აწარმოოს მონიტორინგი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.
მიმღები (შემოქმედის ეპარქიის განვითრების ფონდი) ვალდებულია: ხელშეკრულების განსაზღვრული თანხა გამოიყენოს ფონდის საქმიანობისთვის, სუბსიდიის მისაღებად მიმწოდებელს მიაწოდოს სრულყოფილი დოკუმენტაცია, მიმწოდებელს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის გადარიცხული სუბსიდიის მიზნობრივად ხარჯვის თაობაზე.
გურია ნიუსის მიერ ოფიციალურად მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები შემოქმედის ეპარქიას არამიზნობრივად აქვს დახარჯული.
მაგალითად, გამოყოფილი თანხებიდან სხვადსხვა სამშენებლო მასალები შეძენილია ჩოხატაურსა და ლანჩხუთში არსებული მონასტრებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშფაქტურების თანახმად, სამშენებლო მასალების 99% (ღორღი, ცემენტი, გაჯი, ქვიშა, ურო, მილი ნიჩაბი და ა.შ) თბილისშია შეძენილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში გარკვევით არის განმარტებული თუ რას უნდა მოხმარდეს გამოყოფილი თანხები და დაკონკრეტებულია, რომ იგი უნდა მიიმართოს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით, შემოქმედის ეპარქიას სხვადასხვა სახის ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა აქვს შეძენილი და არა მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია/მონასტრებისთვის.
მაგალითად: 2015 წლის 18 თებერვალს 80 ლარის ღირებულების გაჯი, 24 ლარის წებოცემენტი, 850 ლარის ღირებულების კედლის ქვაბი, 50 ლარის ღირებულების გათბობის ქვაბის მილი, 684 ლარის რადიატორი ალუმინის, 27 ლარიანი რადიატორის კომპლექტი, 80 ლარის ღირებულების რადიატორის ვენტილი, 75 ლარის თეთრი საშრობი, 2.5 ლარის ღირებულების თითბერის სარქველი, 1 ლარის ღირებულების გადამყვანი და 9.2 ლარის ღირებულების მილი, 30 ლარის ღირებულების ბილერის კომპლექტი, 5 ლარიანი ვენტილი, 64 ლარიანი კოლექტორი, 18 ლარიანი თათბერის კოლექტორი, მისი სამაგრი _ 7.8 ლარის ღირებულების და 9.6 ლარის ღირებულების პაკლი მიტანილია მისამართზე _ თბილისი ბალანჩივაძის 29 (ხილიანი) კორპუსი 39 ბინა #75 სართული 12.
2015 წლის 7 აპრილს ბალანჩივაძის 39-ში , ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით ნაყიდი 1126.7 ლარის ღირებულების ლამინატი, 20 ლარის დუბელი, 190 ლარი პლინტუსი და 12.2 ლარის ღირებულების ლამინატის პარკეტის ქვეშ დასაფენიც მიიტანეს.
ამავე წლის 26 აპრილს ამავე მისამართზე მიტანილია 177 ლარის ღირებულების უნიტაზი, 85 ლარიანი ავზი, 90 ლარიანი უნიზატის საფარი (ნელი ხურვით) და 47 ლარიანი ჩამრეცხი მექანიზმი.
27 აპრილს ხილიანზე მიიტანეს ბიუჯეტის ფულით ნაყიდი 1000 ლარის ღირებულების სარეცხი მანქანა.
დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ ამავე ბინაში მიტანილია: 480 ლარის ღირებულების საწოლი მატრასით, 500 ლარის ღირებულების გაზქურა, 1200 ლარის ღირებულების ჰაერგამწოვი ღუმელი, 500 ლარიანი ქურა, 300 ლარის ღირებულების გასაშლელი მაგიდა, 370 ლარის ღირებულების წინა და უკანა ხუნდები, 390 ლარის წყლის რადიატორი.
როგორც გურია ნიუსმა გაარკვია აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობს, ბინა, რომელიც 35 კვადრატია, შეძენილია 2014 წელს და მისი მეპატრონე ვინმე ანა მეფარიშვილია.
კიდევ ერთი მსხვილი შენაძენი, რაც დოკუმენტებში ფიქსირება 6540 ლარის ღირებულების მაგიდა და სკამებია.
2016 წლის 21 ივნისს გამოწერილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, შემოქმედის ეპარქიას, ხარაგაულში შეძენილი აქვს 150 ცალი სკამი და 24 ცალი მაგიდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ის გამონაკლისია, როცა შეძენილი სკამების და მაგიდების ტრანსპორტირების დასრულების ადგილად ოზურგეთი, 9 აპრილის ქუჩაა დაფიქსირებული.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბიუჯეტში გათვალისწინებულია, რომ გამოყოფილი თანხებით ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეპარქიის კომუნალური გადასახადების გადახდაც უნდა მოხდეს. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ იხდიან კიდეც _ 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ივნისამდე ელექტროენერგიის დანახარჯი 3836 და 32 თეთრია.
რაც შეეხება გაზს _ ქალაქ ოზურგეთის მერიამ, რომელიც ეპარქიას თანხებს ურიცხავს, მხოლოდ ერთი დოკუმენტი მოგვაწოდა.
სოკარის ქვითარზე, რომელიც 22 ივნისითაა დათარიღებული ირკვევა რომ ეპარქიის დავალიანება 2603 ლარს შეადგენს და ივნისში მხოლოდ 206 ლარია გადახდილი.
შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები ამბობს, რომ ის არ არის ვალდებული ბიუჯეტის თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია ჩვენ მოგვაწოდოს.
„არანაირი ვალდებულება არ მაქვს თქვენ ინფორმაცია მოგაწოდოთ რაზე გადმორიცხა გამგეობამ თანხა. ამის საბუთები ჩვენ გვაქვს. მე ვარ ეკლესია და არანაირი ვალდებული არ ვარ ჟურნალისტებს მივაწოდო ინფორმაცია რაში იხარჯება. რაც დაიხარჯა ამის ინფორმაცია ხომ მოგაწოდათ ქალაქ ოზურგეთის მერიამ? მეტი რა კითხვები გაქვთ ვერ გავიგე“ _ გვითხრა მეუფემ.
მისივე განმარტებით, ასეთი საკითხები ჟურნალისტების გასარჩევი არ არის:
_ ქალაქ ოზურგეთში ერთადერთი მონასტერია _ წმინდა ნინოს სახელობის რეზიდენცია, რომელშიც 30 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქში ასევე არის საკათედრო ტაძარი და თქვენ რას არკვევთ ვერ გავიგე, _ ჩვენი დაინტერესება მიუღებელი აღმოჩნდა შემოქმედის ეპარქიის წინამძღვრისთვის.
_ ჩვენ იმის გარკვევას ვცდილობთ რაში დაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები…
_ მე ვარ ეპისკოპოსი. არც ხელფასი მაქ და არაფერი. რაც მაქ ყველაფერს ეკლესიას ვახმარ. 150 ეკლესიაა შემოქმედის ეპარქიაში აშენებული და ქალაქი მაგას რომ ვერ ააშენებდა, ალბათ, გასაგებია. მე მაქვს კითხვა, თქვენ რატომ დაინტერესდით ამით.
_ ჩვენ, ჟურნალისტები ბიუჯეტის ხარჯვით ყოველთვის ვინტერესდებით. პირველად არ ვსაუბრობთ ჩვენ ამ თემაზე მეუფეო. წლების წინაც იგივე შეკითხვები გვქონდა…
_ გასაგებია რომ ჟურნალისტები ხართ, მაგრამ მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული თქვენ ინფორმაცია მოგაწოდოთ.
_ თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ კერძო პირთან გაქვთ მიტანილი ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ნივთები და ეს როგორ გავიგოთ?
_ არავითარ კერძო პირთან არ მიმიტანია.
_ დოკუმენტებში ეს ნათლად ჩანს მეუფევ _ თბილისი, ხილიანზე კორპუსი 29, ბინა 75, სართული 12. ბინა არის ანა მეფარიშვილის სახელზე.
_ ეგ შეიძლება ვაყიდინე, იქ მივიტანე და შემდეგ იქიდან წამოვიღე.
_ იმ მისამართზე ძალიან ბევრი რამაა მიტანილი _საწოლი, მაგიდა, ლამინატი, სარეცხი მანქანა…
_ ზუსტად არ მახსოვს. შეიძლება დავავალე, იყიდა და აქეთ წამოიღო ჩემმა მანქანამ. დიდი მანქანა მყავს „გრუზავიკი“.
_ ყველაფერი 35 კვადრატულ ბინაში მიიტანეს იმისთვის რომ მერე ოზურგეთში წამოეღოთ? ამისთვის აიტანეს სარეცხი მანქანა მეთორმეტე სართულზე?
_ დიახ. თბილისში ვყიდულობდი და აქ მომქონდა. და თქვენ რას არკვევთ, გამომძიებელი თუ ხართ მითხარით.
_ ვინ არის ანა მეფარიშვილი, ეკლესიის წარმომადგენელია?
_ არ არის ეგ თქვენი საქმე.
_ გასაგებია. კიდევ ერთ დეტალს დავაზუსტებთ _ ხრეში, გაჯი, ცემენტი, ღორღი _ ყველაფერს თბილისში რატომ ყიდულობთ და ამხელა გზაზე რატომ ახდენთ ტრანსპორტირებას?
_ ზოგი იქიდან მოვიტანე, ზოგი აქედან. ძალიან ბევრი რამე მაქვს მე ნაყიდი, ზოგი არც ჩამიწერია.
_ სულ ახლახანს 150 ცალი სკამი და მაგიდა შეგიძენიათ. რისთვის შეიძინეთ?
_ კრებები რომ მაქვს რეზიდენციაში იმისთვის.
_ ეს სკამები და მაგიდები იმ საბანკეტო დარბაზისთვის არ შეგიძენიათ, რომელიც ახლახანს გახსენით?
_ იქაც მაქვს და აქაც მაქვს ბევრი სკამი, მაგაზე მეტი მაქვს და რაში გაინტერესებთ ეგ ინფორმაცია?! კარგით, ამოწმეთ, ამოწმეთ და ღმერთიც შეგამოწმებთ, _ გვითხრა მეუფემ.
„გურია ნიუსი“ ამ თემაზე მუშაობას ისევ აგრძელებს. ჩვენ ამ დრომდე ველოდებით სრულ დოკუმენტაციას ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან იმის შესახებ, თუ რაში დაიხარჯა ეპარქიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.
პირველადი, ოფიციალური მიმოწერით ცნობილი ხდება, რომ არცერთ მუნიციპალიტეტში შესაბამისი დოკუმენტაცია დაცული არ არის და მათ მხოლოდ ზედაპირული ციფრები აქვთ. ხელახალი მოთხოვნით, მიგვითითონ რის საფუძველზე არ ინახება დოკუმენტაცია გამგეობებში, სამივე მუნიციპალიტეტს რამდენიმე დღის წინ მივმართეთ.
გამგებლები ამბობენ, რომ დოკუმენტებს ეპარქიიდან ელოდებიან და შესაბამისად, ამ მასალის გაგრძელებას და იურისტების შეფასებებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.