“დაახლოებით 10 დღეა, კუმისში, შავებში ჩაცმული, სახეშეღებილი ერთი ან რამდენიმე კაცი დადის. მოსახლეობას აშინებს, ღამე სახლში შედის, აღვიძებს და ეჯღანება, უცნაურ ხმებს გამოსცემს, სადაც სახლში ვერ შედის კარს, ფანჯრებს “ჩხაპნის“... მოსახლეობას შიშისგან გული მისდის, ბავშვებს ვეღარ სძინავთ. დღეს უკვე დღეც იყო სახლში შესული, გვერდით სოფლის მცხოვრებლებიც იგივეს ჩივიან… სავარაუდოდ, რამდენიმეა და გაფანტული არიან…. პატრული დასდევს, მარა უშედეგოდ (საოცრად სწრაფი, ჭკვიანი და მოქნილია) არ ვიცი ვინ უნდა მოვნიშნო ამ პოსტზე (არც ინიშნება), მაგრამ ხომ შეიძლება ზომების გამკაცრება?! იმდენად ჭკვიანურად მოქმედებს, მეეჭვება ჭკუიდან შეშლილი იყოს . სანამ მსხვერპლი იქნება, იქნებ იქამდე გამოფხიზლდეთ!!!” _ აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, მისი ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში ამოუცნობი მოვლენა ხდება.
მომხმარებლის ამ პოსტს ადგილობრივები ეხმიანებიან. როგორც ერთ-ერთი მათგანი წერს, რამდენიმე დღეა სახლში ჩარაზულები არიან და მარტო გარეთ გასვლა ეშინია.
სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, დაახლოებით, 10 დღეა, უცნაური მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც ადგილობრივების სახლებში შედის და ხალხს აშინებს. მათივე ცნობით, შავებში ჩაცმულ მამაკაცს სახე გამურული აქვს და ძალიან სწრაფად გადაადგილდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივმა მოსახლეობამ პოლიციაში განცხადება შეიტანა. სამართალდამცველები შეტყობინების საფუძველზე შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ.
კუმისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” სოფლის სკოლის პედაგოგს მაკა სუხიშვილს ესაუბრა.
სუხიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად შეშინებულია, რომ ღამით მორიგეობენ.
“ვიცი, რომ დაახლოებით 10 დღეა, რაც სოფელში ფიქსირდება ეს მოვლენები. დღეს უნდა შევხვდეთ იმ ოჯახებს, რომლებთანაც ეს მოვლენა დაფიქსირდა. გუშინ ვრეკავდი ერთ-ერთ ქალბატონთან, რომლის ოჯახშიც სავარაუდოდ იყო ეს პიროვნება, თუმცა ის გოგონა საერთოდ აღარ პასუხობს ტელეფონს. თქვეს, რომ დროებით გავიდა სოფლიდან. დაუჯერებელი ამბავია რასაც ადგილობრივები ყვებიან, გადმოცემით ვიცი, რომ ეს ადამიანი, რომლისაც ასე ეშინია მოსახლეობას, ღობეებზე ერთი ნაბიჯით გადადის, ასე რომ ვთქვათ, ღობეებზე დაფრინავს. რამდენიმე ადგილობრივმა დაინახა, ამბობენ რომ მამაკაცია, თუმცა ზუსტად ვერცერთი ვერ აღწერს. სახეც არ უნახავს არავის, გარბის”, _ ამბობს სუხიშვილი.
მისივე ინფორმაციით, გუშინდლამდე უცნაური მამაკაცი სოფელში მხოლოდ ღამით ჩნდებოდა, თუმცა, გუშინ უკვე შუადღისას შენიშნა ერთმა ოჯახმა.
“დაახლოებით, 2 საათისკენ შენიშნეს ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში. როგორც თვითმხილველი ამბობს, ნახევრად ჩამჯდარ მდგომარეობაში ნახა. ვიდრე ვიღაცას შევეხმიანე, მანამდე გაიქცა, ღობეზე გადახტაო”, _ ამბობს სუხიშვილი და დასძენს, რომ აქამდე მსგავსი მონაყოლის დაჯერება უჭირდა თუმცა, გუშინდელს შემდეგ ფაქტის რეალურობაში ეჭვი არ ეპარება.
“დღე მოხდა ამის დაფიქსირება. გუშინდლამდე არ მჯეროდა”, _ ამბობს სუხიშვილი.
“გურია ნიუსის” კითხვაზე: ხომ არ არის ეს მოსახლეობაში გავრცელებული ჭორი და რამდენად სანდო ადამიანები არიან ფაქტის თვითმხილველები? – სუხიშვილი გვპასუხობს:
“ის გოგონა, ვისზეს წეღან გესაუბრეთ, რომ ნახა და ახლა უკვე მობილური აქვს გათიშული, სოფლიდან წავიდა. სხვა სოფელში ცხოვრობს, იქედან არის გამოთხოვილი კუმისში და თავის მშობლებთან გადავიდა. ამ გოგონას მონაყოლის ძალიან მჯერა, თუმცა, პირადად დაკავშირებას ვეღარ ვახერხებ. ძალიან გაუგებარია ჩემთვის, რომ ამდენი დღის განმავლობაში ამდენ ოჯახში შევიდა და ვერავინ ვერ დააფიქსირა მისი სახე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმემ თქვა “ბენდენა” ჰქონდა აკრულიო, ზოგი ამბობს ნახშირის ზოლები აქვს წასმული და ისე დადისო”, _ ამბობს სუხიშვილი და დასძენს, რომ “რამდენიმე თვის წინაც ამბობდა მოსახლეობა ჩვენს ფანჯარასთან ვიღაცამ გაიარაო, თუმცა, ამბობდნენ და მთავრდებოდა ეს ამბავი”.
“მუდმივი ხასიათი ამას არ ჰქონია. ახლა რამდენიმე ოჯახში დაფიქსირდა და ღამეში ორ-სამ ოჯახში ფიქსირდება. რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ხალხი პანიკამ მოიცვა, მაგრამ როგორც ამბობენ, უცნაურ ხმებსაც გამოსცემს. ძაღლის ყმუილის მსგავსი ხმის გამოცემა შეუძლიაო. ერთ-ერთ მაცხოვრებელთან მომიწია ამ საკითხზე საუბარი და ამბობს, რომ მე სახლში გავიქეცი რომ დავინახე, ის ჭიშკრის გარეთ გაიქცაო. რამდენად ემთხვევა ამ ადმიანების ნათქვამი, ესეც გასარკვევია. ამბობენ, რომ მხარბეჭიანი მსხვილი მამაკაცია, რომელიც ასე თავისუფლად ხტება ღობეებზე. ფაქტია, რომ ხალხი პანიკამ მოიცვა; ძირითადად მოზარდი თაობა. ბავშვებს ეშინიათ. რამდენიმემ ისიც კი თქვა, ფანჯარაზე ბადის ახევას ცდილობდაო”, _ ამბობს სუხიშვილი და დასძენს, რომ პატრული რამდენჯერმე გამოიძახეს სოფელში.
“გუშინწინ საღამოს და გუშინაც გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. პირველად სასაცილოდ ჩათვალეს ეს ამბავი. თუმცა გუშინ მე თვითონ ვნახე კრიმინალური პოლიციის მანქანა ჩემს უბანში. ღამის სამ საათამდე გარეთ ვიყავით. ბავშვები ვერ იძინებენ. ძირითადად გარეთ გვიწევს ყოფნა. ყველა ცდილობს ფხიზლად იყვნენ“, _ ამბობს სუხიშვილი.
აღნიშნულის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში კუმისში საპატრულო პოლიციის გამოძახების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ პოლიცია მოკვლევას აწარმოებს.
“პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებას. მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს. წინასაგამოძიებო ღონისძიებები ტარდება. დგინდება რასთან გვაქვს საქმე; სამართალდამცავებისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ხალხის აზრია ცნობილი. რაც მთავარია, არავისთვის არც მატერიალური და არც ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია”, _ განგვიცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში და დასძინეს, რომ განაცხადი აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით 3 დღის წინ შევიდა.
“გურია ნიუსი” კუმისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სხვა თვითმხილველების მონათხრობს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
რა ინფორმაციას ფლობს კუმისის გამგებელი სოფელში მიმდინარე მოვლენებზე