ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა უკვე მეორე დღეა განხილვის საგანია. სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა მედიასაშუალებაში განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. გუშინ ამ ავტომაგისტრალიზე ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა 4 კი დაშავდა.
დაშავებულთა შორის ქართველი მორაგბეები, გიორგი ლომინაძე და მერაბ კვირიკაშვილი არიან. ისინი ავტომობილში მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ავტოავარიის მიზეზად ზოგი ავტობანს ასახელებს, ზოგი გადაჭარბებულ სიჩქარეს.
არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია დღეს თბილისის საკრებულოს დეპუტატის, შალვა ოგბაიძის მიერ "ფეისბუკზე" გამოქვეყნებულმა სტატუსმა და ფოტომ. ფოტოზე ნაჩვენებია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის ერთი მონაკვეთი, სადაც ოთხზოლიანი მოძრაობა უცებ წყდება და გზა ორზოლიანი ხდება. ოგბაიძის განმარტებით "ეს საშიში, კონფლიქტური წერტილია" და გამოუსწორებლობის შემთხვევაში ავარიების რიცხვის ზრდა გარდაუვალია.
თუმცა, როგორც საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ოგბაიძემ "ფეისბუკში" ავტომაგისტრალის ფრაგმენტული ფოტო ატვირთა, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის რეალურ სურათს ვერ ასახავს.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარე გიორგი სეთურიძე აცხადებს, "ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე არის მხოლოდ და მხოლოდ სატრანსპორტო კვანძები, რომლებიც შეიძლება ითქვას რომ ოთხზოლიანია. რაც შეეხება ისეთ ადგილს, რომ უცაბედად გზა ოთხზოლიანიდან ორზოლიანში გადადიოდეს, ასეთი არ გვაქვს".
"საერთაშორისიო წესებიდან გამომდინარე გზის ამ მონაკვეთზე ყველა ნორმა დაცულია. ამასთანავე, ოთხზოლიანი ავტომაგისტრალებიდან განსხვავებით აქ ჩვენ გვაქვს სიჩქარის შეზღუდვა დაწესებული და 90 კმ-სთ მაქსიმუმია, რაც დაშვებულია. რამდენადაც მითხრეს, ბატონ შალვა ოგბაიძეს ძველი ფოტო აქვს გამოქვეყნებული. მას შემდეგ ამ მონაკვეთზე დამონტაჟებულია ავტოსაგზაო ნიშნები, შეზღუდვები და ა.შ. ეს არის გზის გახსნამდე გადაღებული ფოტო.
ნუ ვეძებთ რაიმე დამატებით მიზეზს, ამ ავარიის მიზეზი არის უყურადღებობა, სიჩქარის გადაჭარბება და გასწრების დროს არასწორი მანევრირება. ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება, რომ წესებს ვარღვევთ. დარღვევის გამოვლენებს ახდენს საპატრულო პოლიცია, რომელიც ამ მონაკვეთზე ძალიან აქტიურად მუშაობსდა ბევრი მძღოლიც არის დაჯარიმებული. გარდა ამისა, მე როგორც ვიცი, ფოტოზე მითითებულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა საერთოდ არ მომხდარა", _ ამბობს სეთურიძე და გარდაცვლილთა ოჯახს უსამძიმრებს.
ამასთანავე, სეთურიძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც, წინა ხელისუფლების დროს შემუშავებული პროექტით გზა ოთხზოლიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ეს პროექტი შეცვალა. სეთურიძე აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
"გზის ზოლიანობას, ორიანი იქნება, ოთხიანი, ექვსიანი თუ მეტი განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ ამ გზებზე მოძრაობის ინტენსივობა. საერთაშორისო დონორების მიერ როცა დადგა ამ გზის დაფინანსების საკითხი, მაშინ ჩაითვალა, რომ ეს გზა იქნება ორზოლიანი, რადგან მანდ იყოფა მოძრაობა და ნაწილი ქუთაისზე გადადის, ნაწილი ტრანზიტული მოძრაობაა. დღეს თუ დააკვირდებით, ეს გზა არ არის გადატვირთული, მით უმეტეს, მაშინ, როცა არ არის სეზონური მოძრაობა. გზას თავისუფლად შეუძლია გაატაროს ის ავტოტრანსპორტი, რომელიც მასზე მოძრაობს. რაც შეეხება იმას, რომ თავიდან სხვა პროექტი იყო, ეს სიცრურა. პროექტი თავიდანვე იყო გათვალისწინებული ზუსტად ისე, როგორც დღეს არის, ახალი ხელისუფლების პერიოდში დაიხარჯა მეტი თანხა, გამოვისყიდეთ მიწის ფართობები იმისთვის, რომ სამომავლოდ ეს გზა ოთხზოლიანი გახდეს. იმით აპელირება, რომ ეს გზა თავიდან ოთხზოლიანი უნდა ყოფილიყო და ჩვენ გადავაკეთეთ ორზოლიანად, აბსოლუტურად მცდარია", _ აღნიშნავს სეთურიძე.
ჰქონდა თუ არა თბილისის საკრებულოს დეპუტატს ზუსტი ინფორმაცია ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალის აღნიშნულია მონაკვეთის შესახებ, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი" შალვა ოგბაიძეს დაუკავშირდა.
როგორც ოგბაიძე ამბობს, მას ფოტოსურათი ქუთაისიდან ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიაწოდა; სოციალურ ქსელში კი, კომენტარი სწორედ ამ ფოტოსურათის მიხედვით გააკეთა.
"ფოტო როდის არის გადაღებული არ ვიცი. მომხმარებელმა მომაწოდა და კომენტარის გაკეთება მთხოვა. ნეტავ, ჩემი კომენტარი ამ საკითხზე უკანასკნელი იყოს და აღარავინ დაიღუპოს მომავალში", _ აღნიშნავს ოგბაიძე.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი ავატოავარიების რისკის შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიების საჭიროებებს ხედავს და ამბობს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს აქვს თავისი შეფასების პარამეტრი, რომელიც იზომება წინა წლებთან შედარებით ავარიების მატება-კლებით. ჩვენთან სამწუხაროდ, 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 25%-ით მეტი – 602 ადამიანი დაიღუპა. წლევანდელი სტატისტიკა უფრო მზარდია. შარშან 10 000-ზე მეტი ავარია მოხდა, საიდანაც 5 00-ზე მეტი ადამიანი დასახიჩრდა, 602 დაიღუპა.
როცა ავარია ხდება, იმ მონაკვეთზე, სადაც ეს მოხდა სვამენ შავ წერტილს. როცა ერთიდაიგივე ადგილზე ხდება ავარია, ეს წერტილები შავ ლაქას ქმნის, რაც უკვე სტატისტიკაა. ხომ არ შეიძლება ყველა მძღოლი დამნაშავე იყოს, ყველას არ შეეძლო მანქანის ტარება ან გადააჭარბოს სიჩქარეს?! მაგალითად, ვაკე-საბურთალოს გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც ბენზინგასამართი სადგურია, მარცხენა მხარეს ყველა ნაძვის ხეს კანი აქვს ამძვრალი.
ბოლო 15 წელიწადში ამ ადგილზე 38 კაცია დაღუპული. ყველაზე უნდა ვთქვათ, რომ საჭე ვერ დაიმორჩილა? აქ გზაზე უნდა გაკეთდეს თვლის ამრეკლი, იქნება ავარიები, მაგრამ მსხვერპლით აღარ დამთავრდება. გარდა ამისა, არსებობს კიდევ სხვა ნიშნებიც, რაც მძღოლს მინიშნებას მისცემს წინ რა ელოდება.ხორკლიანი გზა, რომელზეც საბურავები ხმაურს დაიწყებს და მძღოლს გამოაფხიზლებს, მოციმციმე შუქნიშანი, გამაფრთხილებელი აბრა და ა.შ. ავტომაგისტრალებზე მძღოლი დაახლოებით ერთი კილომეტრით ადრე უნდა "შეშინდეს". ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის ამ მონაკვეთზე გაცილებით უკეთ შეიძლება მძღოლის ინფორმირება, ვიდრე ახლაა", _ აღნიშნავს ოგბაიძე.
"გურია ნიუსი" რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სპეციალურად დამზადებულ ვიდეორგოლს გთავაზობთ, სადაც ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის ის მონაკვეთი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ნათლად არის ასახული.