ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედი ფრაქციის "ლანჩხუთი -ევროატლანტიკური მომავლისთვის" წევრები ადგილობრივ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ. მათ ამის შესახებ განცხადება ფრაქციის სხდომაზე გააკეთეს, სადაც გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძეც ჰყავდათ მიწვეული.
ფრაქციის წევრებმა საკუთარი განცხადების დასტურად საქართველოს პრემიერის 27 მაისით დათარიღებული N964 განკარგულება მოიყვანეს, რომლის თანახმადაც, გასული წლის ოქტომბერში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 850 ათასი ლარი გამოეყო და მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა.
"არასდროს არ ვიტყვი, რომ თანხა არ მოვიდეს და რამე არ გაკეთდეს, მაგრამ გარკვეულ ეჭვს ის აჩენს, რომ წელს, 9 ივლისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო თანხა ათ დღეში ჩამოირიცხა, თანაც მილიონ 600 ათასი ლარი, 2015 წლის სტიქიის 850 ათასი ლარი კი, წელიწადნახევრის შემდეგ. ახლა ისე გამოდის, რომ ეს ორივე თანხა მუნიციპალიტეტს ერთად აქვს დასახარჯი ამ წინასაარჩევნო პერიოდში. არც ერთი ტელევიზიით არ მინახავს, რომ 2016 წლის 9 ივლისის სტიქიის შედეგად ლანჩხუთის სოფლები დაზიანებულიყოს, გურიაში სტიქიამ ყველაზე მეტი ზიანი ოზურგეთს მიაყენა, თუმცა, მას 800 ათასი ლარის ფარგლებში გამოუყო მთავრობამ, ლანჩხუთს კი, მილიონ 600 ათასი ლარი. ალბათ, ჩვენც გვაჩვენებენ იმ ობიექტებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზიანდა ლანჩხუთში. ამ საკითხს აუცილებლად შეისწავლიან არასამთავრობო ორგანიზაციები. გასული წელს ლანჩხუთის სოფლებში ნამდვილად მოხდა სტიქია, რისი თანხაც მაშინვე უნდა ჩამორიცხულიყო და არა ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში. თანაც, რისი გაკეთებაც მაშინ ერთ ლარად შეიძლებოდა, ახლა იგივე საქმეს 1,5 ლარი სჭირდება" , _ აღნიშნა ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა გია გოგუაძემ.
ფრაქციის წევრთა მოსაზრებით, აღნიშნული თანხა არა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის გულის მოსაგებადაა გამიზნული.
რა არგუმენტები აქვს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო თანხებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან წამოსული ბრალდებების საპასუხოდ მუნიციპალიტეტის პირველ პირს ზაზა ურუშაძეს, საამისოდ გამგეობის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს მაკა სულაბერიძეს დავუკავშირდით. თუმცა, სულაბერიძის თქმით, გამგეობა ოპოზიციის ამ ბრალდებებზე კომენტარს არ გააკეთებს.