იორდანია, განათლების სისტემის რეფორმის კუთხით, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე-პრემიერის, განათლების მინისტრ მუჰამად სნეიბათის შეხვედრისას აღინიშნა.
საუნივერსიტეტო პროგრამების მიმართულებით, თანამშრომლობა შედგება საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრთან, მათ შორის ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა: ტექნოლოგიები, არქეოლოგია, არაბისტიკა და ა.შ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილი ფუნდამენტური რეფორმების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს, უმაღლესი განათლების სისტემა მოთხოვნაზე მეტად ორიენტირებული გახდეს, ხოლო მეორეს მხრივ, პროფესიულ განათლებაში, სახელმწიფომ, კერძო სექტორთან ერთად, გერმანული ე.წ დუალური განათლების მოდელით, დააფინანსოს მოთხოვნადი პროფესიების სწავლება.
იორდანიის ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველო, რეგიონში, განათლების სისტემის რეფორმების კუთხით ლიდერია და იორდანიის სურვილია, გაიზიაროს გამოცდილება, რათა თავადაც გახდეს რეგიონული ლიდერი. მუჰამად სნეიბათმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიაში მიიწვია და აღნიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტი, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე დაესწრნენ.