როგორია განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის ხედვა, რას ფიქრობს გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებზე, განათლების მინისტრზე, პედაგოგებზე და როგორია "ქართული ოცნების" ლიდერის სამომავლო გეგმები _ ამ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ივლიტას ბიბლიოთეკაში", "Post ალიონის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ვრცლად ისაუბრა, რაც "გურია ნიუსისა" და "Post ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული გადაცემის _ "მონოლოგიდან _ დიალოგამდე" მთავარი თემა იყო.
_ წინა საარჩევნო პერიოდში, როცა ემოციები მატულობს, კარგია მსგავსი შეხვედრები. სამწუხაროდ, ჩვენთან საარჩევნო ტრადიციად იქცა, რომ ყველა ერთმანეთს ებრძვის და შეურაცხყოფს. ჯობს, რომ ეს ტრადიცია დავამთავროთ და ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს ქვეყანა, _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქართველო განვითარების ერთ-ერთ რთულ პერიოდს გადის:
_ ეს არჩევნები არ არის მარტო არჩევნები _ ეს არის საეტაპო არჩევნები, როცა ჩვენ უნდა დავადასტუროთ, რომ ვართ მომწიფებული საზოგადოება, გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ევროპელები და ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები. ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი შეხედულება ქვეყნის განვითარებაში უფრო სწორია, ვიდრე სხვების და როცა ამ პროცესს გავივლით, არ უნდა აღმოჩნდეს ისე, რომ ისინი, ვინც სხვას ამტკიცებდნენ, იქნებიან მოძულებულები. ეს არის დღევანდელი გამოწვევა, ამ გამოწვევის გასამკლავებლად ყველა ერთად უნდა შევიკრათ, ვიგრძნოთ, რომ ეს არჩევნები არის ყველა ჩვენგანის გამოცდა და ტესტი, _ თქვა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო განათლების რეფორმაზე საუბარს და აღნიშნა, რომ განათლების სისტემას სათავეში კარგი მენეჯერი ჰყავს, რომელიც "ძალიან შორს არის პოლიტიკისგან".
_ განათლების სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული. გვაქვს გეგმები, რომ ეს სისტემა უფრო მეტად იყოს მოთხოვნაზე ორიენტირებული. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ პირდაპირ ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ უმუშევრობას _ ვაფინანსებთ იმ პროფესიებს, რომლებიც შეიძლება იყოს პოპულარული, მაგრამ არა იმდენად მოთხოვნადი.
ჩვენს ახალგაზრდებს ვამყოფებთ ილუზიაში _ დაამთავრებენ სასწავლებელს, მიიღებენ პროფესიას და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს პროფესია არ არის საინტერესო. ამ დროს, მეორე მხრივ, ქვეყანაში გვაქვს გამოკვეთილი მოთხოვნა რაღაც პროფესიებზე და ეს პროფესიები არ ისწავლება, იმიტომ, რომ არ არის პოპულარული. ეს ჩვენი ბრალია, რადგან რეალობაზე სწორად არ ველაპარაკებით ახალგაზრდებს, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მასწავლებლებს სხვანაირი მიდგომა სჭირდებათ:
_ უნდა მოხდეს რეფორმირება, როგორც უმაღლესი განათლების, ასევე, პროფესიული, საშუალო განათლების და ასე შემდეგ. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პედაგოგებს დიდი პატივი უნდა ვცეთ და არ შეიძლება მოსწავლეების თვალში ვაფიქსიროთ მათი უპატივცემულობა. არ მიმაჩნია სწორად პედაგოგთა გამოცდების საჯაროდ ჩატარება და შემდეგ იმის აფიშირება, თუ მასწავლებლების რამდენი პროცენტი ჩაიჭრა. მე არ ვამბობ, რომ განათლების ხარისხი და მასწავლებლების მომზადების დონე არ უნდა გაიზარდოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ სხვანაირი მიდგომაა საჭირო. მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ განათლების სისტემა სერიოზულ ცვლილებებს გადის და დიდი იმედი გვაქვს, ამ ცვლილებების შედეგად, თაობა, რომელიც დაამთავრებს სკოლებსა და სასწავლებლებს, იქნება მეტად მომზადებული ცხოვრებისთვის, უფრო კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის გარეთ, _ ამბობს კვირიკაშვილი.
მთავრობის მეთაურმა რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში რამდენიმე პუნქტი ახალგაზრდებს ეხება:
_ არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ვფიქრობთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან გარღვევას მოახდენს ქვეყნის განვითარებაში. ეკონომიკური განვითარება აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ამ გეგმაში გათვალისწინებულია და რამდენიმე კომპონენტი ასევე ახალგაზრდებს ეხება_ ეს არის დამწყები ბიზნესის ფონდი, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ახალგაზრდებისა და ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებისთვის. ეს ფონდი ყველანაირი უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე აძლევს საშუალებას ახალგაზრდებს, დაიწყონ თავიანთი ბიზნესი. ფონდი უკვე ფუნქციონირებს თბილისში, შესანიშნავ ტექნოპარკში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა.
ეკონომიკური რეფორმების ნაწილში გვაქვს, ასევე, მნიშვნელოვანი საგადასახადო რეფორმა _ მომავალი წლის იანვრიდან რეინვესტირებული მოგება, რომელიც ისევ ჩაბრუნდება ეკონომიკაში, არ დაიბეგრება. ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა საგადასახადო ადმინისტრირებაში, როცა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ვერ ხდება ანგარიშების დაყადაღება, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო; აღსანიშნავია დაგროვებითი საპენსიო რეფორმის დაწყება მომავალ წელს _ ეს მთლიანად, თვისობრივად ცვლის საპენსიო სისტემას და სიბერეს უზრუნველყოფს, _ აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს სერვისებს ახალი ფუნქციები ემატება, რაც სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის:
_ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც წინა მთავრობის პროექტებზე ამბობს _ ეს არ ვარგა, გადავხაზოთ და გადავაგდოთ. პირიქით, ძალიან ბევრი კარგი პროექტია. მიუხედავად ბევრი ნაკლოვანებებისა, რომელიც ჰქონდა წინა მთავრობას, იუსტიციის სამინისტროში გატარებული რეფორმა იყო კარგი პროექტი. ჩვენ, ახლა ვაფართოებთ და ვქმნით კიდევ ახალ სივრცეს, სადაც ფიზიკური პირების გარდა, მომსახურების მიღება შეეძლება იურიდიულ პირებს, კომპანიებს. ნებისმიერი სერვისი _ ლიცენზია ბუნებრივ რესურსებზე, სახელმწიფო ქონების მართვა, ენერგეტიკის პროექტების მომსახურება, სუვერენული ფონდის მომსახურება _ ყველაფერი იქნება ერთ სივრცეში და ამასთან ერთად ფიზიკურ სივრცესთან ერთად იქმნება ციფრული სივრცე, სადაც ყველა ეს სერვისი ხელმისაწვდომი გახდება. ეს იქნება რევოლუციური პროექტი ქვეყანაში, რაც სამეწარმეო გარემოს კიდევ მაღალ საფეხურზე აიყვანს, _ განაცხადა კვირიკაშვილმა და "ივლიტას ბიბლიოთეკაში" შეკრებილ საზოგადოებას გეგმის მეოთხე პარაგრაფიც გააცნო:
_ მეოთხე ბლოკი არის სივრცითი განვითარება ანუ ინფრასტრუქტურული პროექტების, ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაციის გეგმა, რომელიც გულისხმობს 4 წელიწადში ყველა დიდი პროექტის დამთავრებას _ აღმოსავლეთიდან დასავლეთში ჩქაროსნული მაგისტრალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის ტურისტულად მიმზიდველ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები; ეს არის ანაკლიის პორტის პირველი ფაზა, რომელიც დასრულდება სამ წელიწადში და უკვე შესაძლებელი იქნება გემების მიღება; თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; სვანეთის დამაკავშირებელი გზა აბასთუმანთან და მთლიანობაში ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამატებით სამუშაო ადგილებსა და რეგიონულ განვითარებას შეუწყობს ხელს _ ეს არის ჩვენი გეგმები, მაგრამ ეს გეგმები ვერ იქნება ხელმისაწვდომი, თუ არ გვექნება სტაბილურობა და ამ სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია ინტეგრაციის პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ასოციაციის ხელშეკრულების ქვეშ _ თავისუფალი შეთანხმება ევროპასთან, მასთან დაკავშირებული რეფორმები და, რა თქმა უნდა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც სამხედრო რეფორმასთან ერთად, გულისხმობს დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას.
ამავე დროს, უნდა გავატაროთ სწორი სამეზობლო პოლიტიკა _ იმ სივრცეში, სადაც ჩვენ ვართ, მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი რისკებს, რათა მომავალში ავიცილოთ შესაძლო სამხედრო კონფლიქტი საქართველოში.
ეს ყველაფერი ერთად და უმთავრესი _ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არის გარანტი, რომ ქვეყანა შეუქცევად მდგრად განვითარებაზე გადავა და ვერაფერი შეცვლის საქართველოს მართლა ევროპულ დღის წესრიგს, _ განაცხადა მთავრობის მეთაურმა.