”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, რესპუბლიკელების მიერ "ქართული ოცნების" დატოვება ვარშავის სამიტის შემდეგ, დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული და ბრალდება, რომ შეფასებებს გაბრაზებულთა პოზიციიდან აკეთებენ არასამართლიანია.
”ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ვარშავის სამიტის და გარკვეული ვალდებულებების შესრულების შემდეგ ჩვენი მინისტრები დატოვებდნენ თანამდებობებს. ამიტომ, არაარგუმენტირებული და არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ განაწყენებულის პოზიციიდან ვლაპარაკობთ. პირიქით, თინა ხიდაშელი ყველა თავის კომენტარში არის ქართული ჯარის გულშემატკივარი. სწორედაც, რომ სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის ჯარში გადაყვანა, ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკა გრძელდება. სუს-ი აძლიერებს ქვეყანაში საკუთარ გავლენებს და ამ პოლიტიკის დადასტურებაა ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მაშინ, როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პირი მართავდა. ეს არის ”ოდეერის” ინსტიტუტის საჯაროდ და ღიად გაგრძელება, რასაც ჩვენ ვებრძოდით და ვებრძვით. აქედან გამომდინარე, შეფასება, რომ გაბრაზებულზე ვლაპარაკობთ, უსამართლოა. ”ოდეერებთან”, მოსმენებთან დაკავშირებით ვიყავით გაბრაზებულები და ყოველთვის ვიქნებით”, _ თქვა კორძაიამ.