„სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს თელავში მომხდარი ფაქტის გამო, პროვოკატორს უწოდებს.
“ეს იყო პროვოკატორი, რომელიც შემოვარდა აქ, მას ეხატა პუტინის სურათი და ეწერა შეურაცხმყოფელი, უცენზურო სიტყვა. მას ჰგონია, რომ ჩვენ გვიწყობს პროვოკაციას, მაგრამ სინამდვილეში ის პროვოკაციას უწყობს ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს, ქართველ ხალხს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სარკინიგზო მაგისტრალი რუსეთთან, აფხაზეთის გავლით, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები და საერთოდ, უნდა გვქონდეს რუსეთთან აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება, ვიდრე დღეს საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა აბსოლუტურ უმრავლესობას გააჩნია. ჩვენ ოკუპაციის თემას განვიხილავთ მთლიან კონტექსტში და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად. თუ ჩვენ რუსეთს ვაიძულებთ, რომ მაინცდამაინც იყოს მტრულად განწყობილი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მივიღებთ მტრობას. ამიტომ, ეს პოლიტიკა თავიდან ბოლომდე არის შესაცვლელი. მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია იმიტომ, რომ ჩვენ ვიქცევით არასწორად“, _ ამბობს კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თელავში, პარტია „სოციალისტური საქართველო" ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე, ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თემურ ფიფიამ ჟურნალისტს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით მაისურზე დაწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო ხელი დაარტყა. რომან ქევხიშვილმა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.