რუსეთ-საქართველოს ომიდან ზუსტად 8 წელი გავიდა. აგვისტოს ომმა 162 სამხედრო მოსამსახურე შეიწირა.
8 წელია ყველა იმ ადამიანებს იხსენებენ და პატივს მიაგებენ, რომელთა სიცოცხლეზეც ჩვენმა თავისუფლებამ გაიარა. ეს ადამიანები თითოეულ ჩვენგანს სტკივა, ეამაყება! ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც ჩვენი სიცოცხლე საკუთარის ფასად დაიცვეს.
აგვისტოს ომმა გურიას 9 ვაჟკაცი წაართვა _ 9 გმირი, რომელთა სახელები საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი.
კაპიტან–ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე ოზურგეთიდან
2008 წელს მხედრული მამაცობისთვის მედალი მიიღო. იმავე წელს, გარდაცვალების შემდეგ კი მედალი – ქაქუცა ჩოლოყაშვილი.
იგი ფოთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე მსახურობდა. ფო¬თის პორტის დაბომბვისას კასეტურმა ბომბმა იმ¬სხვერპლა მისი სიცოცხლე. ომში რომ წავიდა, 29 წლის იყო.
მაკა დარბაიძე, მეუღლე: „პირველი შვილი იყო. 1979 წლის 30 მაისს, სოფელ გურიანთაში დაიბადა. ორი ძმა ჰყავს. საშუალო სკოლაც გურიანთაში დაამთავრა. ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბიძამ უკრაინაში წაიყვანა. სწავლობდა სამხედრო აკადემიაში და პარალელურად მუშაობდა.
უკრაინიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ გავიცანი. ერთმანეთს დეიდაჩემთან შევხვდით. ჩემი დეიდაშვილის ქორწილში ამიხსნა სიყვარული. მაშინ 22 წლის ვიყავი, თეიმურაზი 5 წლით იყო უფროსი… სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ბოლოს გავიპარეთ და დავოჯახდით. წლისთავზე გოგონა შეგვეძინა, რომელსაც თემურის დედის სახელი – ნადია დავარქვით…
ერთად წელიწადი და რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ… ბავშვი 10 თვის იყო, ომში რომ წავიდა…“
კაპრალი თამაზ ნიკიტინი ოზურგეთიდან
მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წელი
დედა ომში წასულ შვილს შეეხმიანა. შვილი მალავდა, რომ ცხინვალში იბრძოდა, დედას მოესმა აფეთქების ხმა და “ვაიმე დედა”… კავშირი გაწყდა… 26 წლის ვაჟკაცი გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე.
მოუთმენლად ელოდა შვილს, საბა მისი გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, შობა ღამით…
თამაზ ნიკიტინი 1982 წელს დაიბადა ქუთაისში. მშობლებისთვის მეორე ვაჟი იყო.
ნელი მჭედლიძე, დედა: “თავისებური ბავშვი იყო. სულ სადღაც ეჩქარებოდა, სულ რაღაცის მოსწრებაზე იყო, ხშირად მითქვამს, დამშვიდდი, გააანალიზე და ისე მოიქეცი-მეთქი, მაგრამ წამებში რეაგირებდა ყველაფერზე. ძალიან სულსწრაფი იყო”.
ძმებმა ერთად მოიარეს ბაღი, სკოლა, სამხედრო ლიცეუმი, ჯარი…
ძმები სასაზღვრო ძალებში მსახურობდნენ. ჯარ¬ისკაცური შემართება გენებში ჰქონდათ _ ბიჭების ბაბუა თეთრგვარდიელი იყო, წითლებმა დახვრიტეს…
დედა: “იმდენად კარგი მონაცემები ჰქონდათ, რომ სავალდებულოს სანამ მოიხდიდნენ, შემოგვთავაზეს, აკადემიაში გაეგრძელებინათ სწავლა. მაშინ დიდი თანხები იყო საჭირო, საშუალება არ გვქონდა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მაშინ ვალერი ჩხეიძე იყო, მან გვითხრა, რომ თუ ნახევარს გადავიხდიდით, სწავლის საფასურის ნახევარს დეპარტამენტი გადაუხდიდა, მაგრამ ამის საშუალებაც არ გვქონდა, ობლები იყვნენ, მამა ადრე გარდაეცვალათ. შემდეგ უკრაინაში გაგზავნა შემომთავაზეს, მაგრამ 4 წელი უნდა ესწავლათ, შემდეგ კიდევ 4 წელი უკრაინაში ემსახურათ, ჩემთვის ეს ძალიან ძნელია“
კაპრალი ზაურ თენიეშვილი ოზურგეთიდან
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
ზაურ თენიეშვილი ცხინვალში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, მანამდე კი, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები გადაარჩინა….
სულ რაღაც 21 წლის იყო, თუმცა ცხოვრებაში იმაზე ბევრად მეტის გაკეთება მოასწრო, ვიდრე მის ასაკს შეეფერება… სწავლა, სამსახური, ოჯახის რჩენა და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის სამაგალითო თავდადება… კაპრალ ზაურ თენიეშვილს, როგორც დედისერთას, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ეხებოდა, თუ¬მცა კომისარიატში საბუთების შესავსებად მისული ახალგაზრდა, მოულოდნელად სამხედრო სამსახურით დაინტერესდა…
დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეუცვლია, კონტრაქტი გააფორმა და შეიარაღებულ ძალებში რიგითი ჯარისკაცის სტატუსით ჩაეწერა. ზაურს მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, პირველი ჯგუფის ინვალიდი დედის და მოხუცი ბებიის რჩენა 12 წლიდან საკუთარ თავზე აიღო. მის მშობლიურ ოზურგეთში, დღესაც კარგად ახსოვთ, როგორ აგროვებდა პატარა ბიჭი ჯართს და როგორ ცდილობდა ოჯახისთვის ყოფა შეემსუბუქებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში მოეწყო, სტომატოლოგიის განხრით, კაბინეტის გახსნაზეც ფიქრობდა…
ხელფასი საკუთარ თავზე მეტად ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ემეტებოდა.
ნანი თენიეშვილი, ზაურის დედა: “წინააღმდეგი ვიყავი ჯარში რომ წასულიყო, მაგრამ არ დაიშალა. ვაზიანში გაანაწილეს, სულ 8 თვე იმსახურა. პირველად სამი თვის ხელფასი ერთად მისცეს. იმ დროს გამზრდელი ბებია დაეღუპა, რომელსაც ხანდახან ჩემს წინ აყენებდა. ბებიის დაკრძალვას მოახმარა პირველი ხელფასი.
ვაზიანში სამხედრო სამსახურის შემდეგ რუსთავში დეიდაშვილთან რჩებოდა… პირველად სწორედ მას გაუმხილა შეყვარებულის შესახებ. ერაყშიც უნდოდა წასვლა, მაგრამ სწორედ შეყვარებულის გამო გადაიფიქრა, მალე ცოლადაც აპირებდა მოყვანას”.
კაპიტანი მერაბ ახობაძე ჩოხატაურიდან
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
4 წლის იყო მომავალი მეუღლე რომ გაიცნო – კარის მეზობლებს გოგონა შეეძინათ. მთელი ბავშვობა ერთად გამოიარეს. 17 წლის იყო სიყვარულში რომ გამოუტყდა თამარ რამიშვილს. 7 წელი უყვარდათ ერთმანეთი, თან ისე ჩუმად, რომ მშობლებმა ბოლო წუთს გაიგეს, როცა 2004 წელს დაქორწინდნენ.
მაშინ მერაბი 24 წლის იყო და, უკვე მეშვიდე წელი, ჯარში მსახურობდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სამხედრო აკადემიაში განაგრძო.
აკადემიის დამთავრების შემდეგ, კრწანისში იყო განაწილებული, შტაბის უფროსად მუშაობდა, შემდეგ მეოთხე ბრიგადაში გადავიდა და სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
თამარ რამიშვილი, მეუღლე: „4 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ძალიან უნდოდა რომ გოგო გვყოლოდა და ნატვრა აგვიხდა. ლიკა 3 წლის იყო მერაბი რომ დაიღუპა. ძალიან ჰგავს მამას. კარგად ახსოვს მამა, ყველაფერი იცის, არაფერი დაგვიმალავს…
2004 წელს რომ შეტაკება იყო ცხინვალში, მაშინაც იქ იყო. 2008 წელსაც მისი დისლოკაციის ადგილი ზუსტად იმ ადგილას იყო, სადაც 2004 წელს…
მერაბის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, სწავლებების დროსაც ვაკითხავდი ბავშვთან ერთად პოლიგონზე, ახლა ნამდვილად მიკვირს, როგორ ვარ მის გარეშე, თურმე შემძლებია…
ჩვენი გამომშვიდობების სცენა მუდამ ერთნაირი იყო – ტირილი ლიფტთან.
კითხვა ყოველთვის ერთი და იგივე – „ამ საღამოს ხომ მოხვალ?“
პასუხიც ერთი და იგივე – „არ ვიცი“… ასე იყო 6 აგვისტოსაც. ტირილით გამოვემშვიდობე… იმ საღამოს აღარ მოსულა. 7 აგვისტოს სამ საათზე თვითონ დამირეკა, ცხინვალში მივდივარო. ავტეხე ტირილი… მითხრა, ტელეფონი მიჯდება, ხშირად არ დამირეკო, უნდა გავთიშო და როდესაც ჩავრთავ მე თვითონ დაგირეკავო, სხვასაც ჰყავს ცოლი, შენსავით ისტერიკაში არ ვარდებიან. ხომ იცი რა მაგარი ქმარი გყავს, არაფერი არ მომივაო…
8 აგვისტოსაც ველაპარაკე, 9 აგვისტოს დილით მითხრა, ისეთი რამ, რაც არასოდეს უთქვამს – ლიკას მიხედე, მე არაფერი მიჭირს და არაფერი არ მომივა და არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი…
9 აგვისტოს საღამოს უკვე ვეღარ ვუკავშირდებოდი. ვლოცულონდი, რომ ცოცხალი მენახა, თუნდაც დაჭრილი, თუნდაც უფეხოდ, უხელოდ, ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო… ყველა საავადმყოფო შემოვიარე თბილისში. ვერაფერი გავიგე, ვერსად მივაგენი. 10 აგვისტოს ჩოხატაურში წავედი, ბავშვი მყავდა იქ დატოვებული. გორი მაშინ გავიარე, როცა იბომბებოდა. ჩოხატაურში ჩავედი და გავიგე, რომ შტაბის უფროსი დაიღუპა. მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო… ვრეკავდი მერაბთან, არ მპასუხობდა. არც მისი ორი ძმაკაცი პასუხობდა, ვისთან ერთადაც იყო…
თან მქონდა მერაბის თანამშრომლების სია, ვურეკავდი ყველას, ვერაფერს ვიგებდი… 11 აგვისტო თენდებოდა, მერაბის ერთ-ერთ თანამშრომელთან რომ დავრეკე, მითხრა დაჭრილი ყოფილაო. როდის დაიჭრა-მეთქი, ვკითხე. სამი დღის წინო. ანუ მკვდარია-მეთქი? – ჩავეძიე. კიო და გამითიშა ტელეფონი… ვერ ვიჯერებდი, იმიტომ, რომ მიცვალებული არ მინახავს.
საბოლოოდ დეენემით გაირკვა, რომ დაღუპული იყო…
დაგეგმარების უფროსი იყო და წესით არ უნდა ებრძოლა, ბრძოლა უნდა ემართა, მაგრამ იბრძოდა. სამი ძმაკაცი, რომლებიც კურსელები იყვნენ, სიკვდილის ბოლო წუთებამდე ერთად იყვნენ. სამივე შტაბის თანამშრომელი იყო, არც ერთს არ ეკუთვნოდათ ბრძოლა, მაგრამ წინ წავიდნენ, რომ ჯარისთვის მაგალითი მიეცათ და სამივე ბრძოლის ველზე დაიღუპნენ.
ვისაც არ გამოუცდია, ვერავინ მიხვდება ეს რა ტკივილია. რამდენიმე დღის წინ, ლიკა მიმყავდა დაბადების დღეზე და ძალიან განიცდიდა, რომ იქ ყველა ბავშვს მამა მოიყვანსო და ყოველთვის აქვს განცდა, რომ სხვა ბავშვს უფრო მეტი აქვს, რადგან მას მამა ჰყავს. სანამ ახალ სახლში გადავიდოდით, ყოველთვის ამბობდა, მამა მკვდარი არ იქნება, ახალ სახლში მარტო არ გაგვიშვებსო.
აუცილებლად მოვაო… მერე თქვა, ეტყობა მართლა მკვდარია, თორემ აქამდე მოვიდოდაო. მამამისის ფოტოებს ყოველთვის უყვება მთელი დღის განმავლობაში რა გააკეთა, თუ ვტუქსავ, მიდის და მამის სურათს ეუბნება… ყველას უყვება, რომ მამამისი გმირია. სტუმრად ვიყავით და ბავშვებისთვის უთქვამს, რომ თქვენ კი გყავთ მამები, მაგრამ მამაჩემი უფრო მაგარია – გმირიაო.“
სერჟანტი ფილიპე მგალობლიშვილი ჩოხატაურიდან
მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
7 აგვისტოს ერგნეთის ტეკთან ავტომანქანების კოლონა მიდიოდა. ზაზა ერთ-ერთ მანქანას მართავდა… ახალი ნაოპერაციევი ფეხი ჰქონდა, მაგრამ ომში მაინც წავიდა. გამოგადგებითო, უთქვამს მეგობრებისთვის. საჰაერო დაბომბვის დროს დაიღუპა, ქორწინების მეცხრე წლისთავზე.
ჩხიკვიშვილი თამარი, მეუღლე: „ბოლოს 6 აგვისტოს მელაპარაკა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო, მაგრამ მაშინ, რომ ველაპარაკე ტელეფონით, ისეთი ცივი და გაყინული ხმა ჰქონდა, ვერ მივხვდი რატომ იყო ასეთი… ვუთხარი დაწყნარდი კიდევ დაგირეკავ-მეთქი… იმის მერე ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი უკვე გათიშული იყო.
სად იყო და როგორ იყო არ მეუბნებოდა… 7 აგვისტოს ბავშვებთან ერთად ურეკში ვიყავით. ჩვენი მეგობარი გოგოა, მეოთხე ბრიგადაში მუშაობს, იმან დამირეკა და მითხრა, ვაზიანი დაბომბესო…
მირეკავდნენ ნათესავები და ზაზას ამბავს მეკითხებოდნენ. ამ დროს უკვე გამორთული ჰქონდა ტელეფონი. ნათესავები მამშვიდებდნენ, ნუ გეშინია, ფილიპე არც დაჭრილების სიაშია და არც გარდაცვლილებშიო. 10 აგვისტოს, იმ ტყვიების ზუზუნში, ბიძაშვილმა და მეზობელმა ღამე ჩამოასვენეს გურიაში… ყველას სცოდნია, მაგრამ არაფერს გვეუბნებოდნენ… მეორე დღეს გავიგეთ… 15 აგვისტოს, სოფელ ერკეთში, დედათა მონასტრის ეზოში დავკრძალეთ…
ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არა. ყოველდღე უფრო მიმძაფრდება ეს ტკივილი…
ბოლო პერიოდში უფრო თბილი და მოსიყვარულე გახდა. მისმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბოლო პერიოდში სამსახურში ძალიან ხშირად გახსენებდაო.
იმ ღამეს, როცა ომი დაიწყო, სახლში მარტო არ გაჩერებულა, მეგობრისთვის დაურეკავს და ჩემთან ამოდიო უთქვამს. კომპიუტერთან დამჯდარა და სიმღერებს იწერდნენ, ყოველ მეორე სიმღერაზე ამბობდა თურმე, ეს თამუნას უყვარსო…"
კაპრალი მურთაზ ირემაძე ჩოხატაურიდან
მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
მოწინავე პოზიციაზე იბრძოდა, ომის დაწყების პირველივე დღიდან. 9 აგვისტოს კი სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა მისი სიცოცხლე.
-სიკვდილზე არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა, ერთმანეთის იმედით და ვაჟკაცური რწმენით ვიბრძოდითო – იხსენებენ თანამებრძოლები, რომლებიც გმირი მეგობრის ხსოვნას უკვდავყოფენ და კვლავ სამშობლოს სამსახურში რჩებიან, მურთაზის გმირობის გასაგრძელებლად.
გურამ ირემაძე, მამა: “ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვიყავით. მეხმარებოდა შრომაში, მეც, რაც შემეძლო გვერდით ვედექი, ამ მხრივ გული არ მწყდება. ცოლის მოყვანაზე არ ფიქრობდა, მე ახლა ომში წასასვლელად ვემზადებიო, ერაყში მიდიოდა.
დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ყველგან, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, მასთან ერთად კონტრაქტით 6 ბიჭი წავიდა.
ასმეთაური, დოლიძე რომ დაიჭრა, უფროსად ჩემი შვილი დანიშნა, მას გადააბარა ყველაფერი თურმე. ჩემი შვილის დაღუპვის შემდეგ, უფრო ახლოს გავეცანი სამხედროების ცხოვრებას. ვიცი რა უჭირთ, რა უხარიათ, რა აწუხებთ. ხშირად გვაქვს შეხვედრები მეოთხე ბრიგადაში, იქ სადაც ჩემი შვილი მსახურობდა. ხშირად მივდივარ ვაზიანში."
კაპრალი ემზარ წილოსანი ლანჩხუთიდან
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
კაპრალი ემზარ წილოსანი ცხინვალთან ახლოს სოფელ შინდისში, ტრაგიკულად დაიღუპა. ემზარი 29 წლის იყო, როცა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოსთვის გმირულად დაეცა.
თეონა წილოსანი, მეუღლე: „1978 წლის 7 ოქტომბერს, ქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. პირველი შვილი იყო. ერთი და ჰყავს… სკოლაში კარგად სწავლობდა… სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სავალდებულო სამხედრო სამსახური ლანჩხუთის ბაზაზე მოიხადა.
ერთმანეთი 2006 წელს გავიცანით. თავიდან მობილურით ვკონტაქტობდით, მერე ერთმანეთს შევხვდით, ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და ბოლოს დავქორწინდით…
ორი წელი და ერთი თვე ვიცხოვრეთ ერთად. პირველი ბიჭი შეგვეძინა, მეორე – გოგო… მეორე ბავშვი ომამდე ერთი თვით ადრე გაჩნდა.
შვებულება ჰქონდა აღებული და ერთი თვე ჩვენთან გაატარა. ძალიან ბედნიერი იყო, სამომავლოდ ბევრი გეგმა ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა…
მოსწონდა ჯარისკაცური ცხოვრება და კიდევ აპირებდა კონტრაქტის გაგრძელებას… სენაკში მსახურობდა, წოდებით კაპრალი იყო… მძღოლად მუშაობდა."
კაპრალი რუსლან წულაძე ლანჩხუთიდან
მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
შვილი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე _ რუსლან წულაძე გააფთრებული ებრძოდა, შინდისში ვერაგულად ჩასაფრებულ მტერს… იმ დღეს დედამ არ იცოდა, რომ შვილი უკვე აღარ ჰყავდა… დილით, შინიდან გამოვიდა – ეკლესიაში მიდიოდა.
დედა: “მეზობლები სხვანაირად მიყურებდნენ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, თურმე ყველამ იცოდა ჩემი შვილის გარდაცვალების ამბავი…”
დედა ავტობუსში ავიდა, მის უკან ზურგით მეზობლის გოგონა იჯდა და თანასოფლელს უყვებოდა, სამი ძმანი რომ არიან, იმათგან ერთი მოუკლავთო.
დედა: “შევცბი… იმ გოგოს ვკითხე, ვისზე ლაპარაკობ-მეთქი, გაოგნებული მიყურებდა… მერეღა მითხრა, თქვენ არ იცნობთ, ოზურგეთში ცხოვრობსო… თურმე ჩემი შვილის სიკვდილის ამბავს უყვებოდა…”
დედა ტაძარში შევიდა. ყველა მას უყურებდა და ტიროდნენ…
დედა: “გამიკვირდა… ვიფიქრე, ქვეყანაში ომია და ყველა დაძაბულია-მეთქი… მეც ავტირდი… თურმე ჩემს შვილს დასტიროდა ხალხი ტაძარში…”
ტაძრიდან გამოსულმა დედამ მეუღლეს მიაკითხა სამსახურში. მეუღლე სამსახურში არ დახვდა…
დედა: “გამიკვირდა… ცუდად ვიგრძენი თავი… იქვე მეზობლის ბიჭი ვნახე და ვთხოვე ქვიანში, ჩვენს სოფელში ავეყვანე…”
დედა შინ დაბრუნდა და… მიხვდა რა უბედურებაც ტრიალებდა მის თავს…
რუსლან წულაძე 1983 წლის 30 აგვისტოს დაიბადა, ლანჩხუთში. ლიდია ინშუნა და ვალერი წულაძე სამ ვაჟკაცს ზრდიდნენ…
დედა: “რუსლანი ძალიან განსხვავდებოდა ძმებისგან… საოცრად მოსიყვარულე იყო.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი სიკეთე და ძალა ყველას ეყოფოდა. მშვიდი და გაწონასწორებული იყო, უყვარდა ბუნება, სილამაზის აღქმა შეეძლო. ხატავდა, ხისგან ულამაზეს ფიგურებს აკეთებდა, პატარა ზომის ქანდაკებებს ასხამდა…
უსაქმოდ არასდროს იჯდა, ყოველთვის რაღაცით იყო დაკავებული. საქართველოს ისტორია უყვარდა უზომოდ. ოცნებობდა საქართველოს ყველა კუთხე შემოევლო… სამხედრო საქმისადმი მიდრეკილება პატარაობიდანვე ჰქონდა, 8 წლის იყო, რომ მოვიდა მითხრა, მეზობლის კაცი სამხედრო ფორმას ყიდისო. ფული არ გვქონდა…
წავიდა და სთხოვა სიმინდში გაგვიცვალეო… სიმინდში გავუცვალეთ იმ კაცს ფორმა… იმ ფორმით დადიოდა მე-10 კლასამდე, რომ გაიხდიდა დაკეცავდა და კოხტად დადებდა… რომ ჰკითხავდნენ ფორმა რატომ გაცვია, ჯარისკაცი ხომ არა ხარო, იცინოდა და “კიო” პასუხობდა… კითხულობდა წიგნებს იარაღზე, სამხედრო ტექნიკაზე, ყველაფრის ცოდნა უნდოდა…”
ნიგოეთის სკოლა დაამთავრა, შემდეგ სამხედრო ვალი მოიხადა სენაკის ბაზაზე. შემდეგ კვლავ სოფელში დაბრუნდა. სამი თვის შემდეგ კი პოლკოვნიკი გია ჭელიძე ნახა შემთხვევით.
დედა: “შინ რომ მოვიდა მითხრა, გადავწყვიტე კონტრაქტი დავდო და ჯარში დავბრუნდეო. მეორე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონში მსახურობდა, გამნაღმველი იყო, სერჟანტი… ძალიან კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით, ერთხელ მითხრა, – მე ამ ყველაფერს სამშობლოს სიყვარულის გამო ვაკეთებო. რუსლანს უსაზღვროდ უყვარდა საქართველო…
როცა ვკითხავდი, სიბერემდე ჯარში დარჩენას ხომ არ აპირებ – მეთქი, გაიცინებდა და მეტყოდა, სანამ საჭირო იქნება იქ დავრჩებიო… ცოლის მოყვანა უნდოდა. შეყვარებული ჰყავდა, მაკა ერქვა. ხშირად ამბობდა ბევრი შვილი მინდა მყავდესო… მაკა დღესაც მეხმიანება, მკითხულობს… მასაც ჩემს შვილად მივიჩნევ. 21 ნოემბერს აპირებდა ქორწილის გადახდას, არ დასცალდა…”
დედა გაიხსენებს რომ 20 ივნისს, შინ ათდღიანი შვებულებით ჩასული შვილი, გაუთავებლად ქორწილზე და… ომზე ლაპარაკობდა.
დედა: “გავბრაზდი, სულ ომს რატომ ახსენებ-მეთქი… გაეცინა, პასუხი არ მოუცია… მოგვიანებით კი მითხრა, დე, ომი რომ დაიწყოს, შენ ისეთი ხარ, იქ ჩამომაკითხავ და ძებნას დამიწყებ, იქაურობას აიკლებ, “რუსლანჩიკ, შვილო სად ხარო”… ძმები იცინოდნენ, მე ხმა არ ამომიღია, არ მომეწონა ეს ხუმრობა…. შინიდან რომ გადიოდა, ვურჩიე, ლამაზი შავი ზედატანი რომ გაქვს, ის ჩაიცვი-მეთქი.
გახედა, გამოხედა ამ ზედატანს და მე გამომიწოდა, ეს შენ გქონდეს, გამოგადგებაო… არ მომწონდა მისი საქციელი… სახლიდან გასვლის წინ, ვერცხლის ჯვარი მაჩუქა და დამიბარა ეს შენ ატარეო…. ჩვევად მქონდა, ჯარში რომ მიდიოდა დავლოცავდი ხოლმე და პირჯვარს გადავსახავდი, იმ დღეს მისი საქციელით ნაწყენი ვიყავი და უგულოდ გადავსახე პირჯვარი.
გამომხედა ნაღვლიანი თვალებით… არასოდეს დამავიწყდება ის თვალები… 5 აგვისტოს დამირეკა, პოლიგონზე მივყავართ სავარჯიშოდ და ტელეფონი გამორთული რომ მქონდეს, არ შეგეშინდესო. მე ეჭვი არ შემპარვია, არ მეგონა ასეთი დაძაბული სიტუაცია თუ იყო… ომი რომ დაიწყო შიშმა ამიტანა… 9 აგვისტოს დამირეკა, ოსიაურში ვარ, ომში არ მივყავართ, ნუ გეშინია, ტირილს მორჩიო, მკაცრი ხმით მითხრა. უცებ აფეთქების ხმა გავიგე, ისევ მომატყუა, წვრთნებს გავდივართ, ნუ გეშინიაო… მას შემდეგ სულ გამორთული ჰქონდა ტელეფონი…. არ მეგონა თუ რამე მოუვიდოდა…. “
რუსლან წულაძის გამოსვენება 17 აგვისტოს მოხერხდა უწმინდესის ძალისხმევით… დედამ არ ისურვა შვილის ცხედრის ნახვა… უნდოდა ისეთი ხსომებოდა, როგორიც იყო – სიცოცხლით სავსე…
დედა: “შინდისში, იქ სადაც ჩემი შვილი დაიღუპა, წელიწადში ორჯერ მივდივარ. პირველად რომ ჩავედი ომი ახალი დამთავრებული იყო, მიწას სისხლის კვალი ეტყობოდა, ირგვლივ ქაოსი სუფევდა, ჩემი შვილის დაღუპვის ადგილიდან მიწა წამოვიღე, როცა მოვკვდები მინდა, რომ გულზე დამაყარონ… მეორედ რომ ჩავედი, სისხლიანი მინდორი უკვე მწვანედ იყო აბიბინებული, იმ ადგილას სადაც ჩემი შვილი და მისი მეგობრები დაიღუპნენ ჯვარი იყო აღმართული, გული გამინათდა…
სანამ ცოცხალი ვარ, შინდისში სულ წავალ იმ ადგილს არასდროს მივატოვებ, რადგან იქ დაიღვარა ჩემი შვილის სისხლი, ის ხომ მხოლოდ 24 წლის იყო… სული მტკივა ჩემი შვილის არყოფნის გამო… ადრე სიცოცხლე არ მინდოდა, ახლა პირიქით, მინდა ვიცოცხლო დიდხანს და ბევრი რამე გავაკეთო მისთვის… ჩვენი სოფლის ცენტრში, მემორიალი დაუდგეს ჩემს შვილს.
მინდა პატარა სამლოცველო ავაშენო რუსლანის სახელზე, სადაც ყველა დაღუპული გმირის მოგონებას შეძლებს ხალხი. ყველა დაღუპულ ჯარისკაცს მინდა მოვეფერო.
ისინი ღმერთთან არიან. მინდა ყველა შვილმკვდარ დედას ვუთხრა, რომ გამაგრდნენ, ჩვენი შვილები სამშობლოსთვის დაიღუპნენ და მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში…”
ვასილ სმირნოვი ლანჩხუთიდან
დაიბადა 1890 წელს. 1999 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. 2004 წელს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის სამაჩაბლოში იბრძოდა, სადაც დაიჭრა კიდეც. 2007 წელს ერაყში მისიით იმყოფებოდა და სამშობლოში 2008 წლის თებერვალში დაბრუნდა.
ქუთაისის 32-ე ბატალიონის წევრი იყო, რომელიც ცხინვალში 7 აგვისტოს გადასხეს. ცხინვალში 5 დღე იბრძოდა, შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით ჯარისკაცებს ტერიტორიის დატოვება მოუხდა. გორში ჩამოსული ვასილი მიკროავტობუსით სახლში ბრუნდებოდა რა დროსაც რუსებმა საჰაერო იერიში განახორციელეს და მიკროავტობუსი ააფეთქეს. ვასილი ადგილზევე დაიღუპა.
მის ცხედარს ახლობლებმა სამ დღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს.
,,ბოლო დღეებში კონტაქტი მქონდა ვასილთან. იმ ავადსახსენებელ დღესაც დამირეკა. მშიერი, დასვრილი მოვდივარ და თბილი წყალი დამახვედრეო. რომ არ დაბრუნდა ვიფიქრე რუსის გვარი აქვს და იქნებ ტყვედ ჩავარდა მეთქი _ რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი შვილი აღარ იყო, _ იხსენებს ვასილ სმირნოვის დედა.
სტატიაში გამოყენებულია მასალები წიგნიდან „გმირები“