"იმ ძალას, ვინც ოფიციალურად გვთავაზობს ოკუპანტის მონობას, სივრცეს არ დავუთმობთ" _ წერს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
"ყველამ იცის ჩემი და ზოგადად ეროვნული ბიბლიოთეკის ღია პოლიტიკა. ჩვენი შენობის კარი არ დახურულა არავისთვის (თუ ცხადია, ფიზიკურად ადგილი გვქონდა) – მიუხედავად პოლიტიკური და თუ სხვა შეხედულებისა, ჩვენ ვაძლევდით საშუალებას ნებისმიერ, რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს გამოეხატა საკუთარი აზრი და ასეც გავაგრძელებთ.
უბრალოდ, არის წითელი ხაზები და ერთ ასეთ წითელ ხაზს წითელი წარსულისკენ მივყავართ.
ამ შემთხვევაში, მე ავიღებ საკუთარ თავზე პასუხიმგებლობას და იმ ძალას, ვინც ოფიციალურად გვთავაზობს ოკუპანტის მონობას, სივრცეს არ დავუთმობთ. დილით ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: დღეს ორი ქართველი გაუტაცებიათ სამეგრელოდან ისევ, გუშინ ტელევიზიიდან რაღაც გატაცებული საუბარი მომესმა თქვენთვის ნაცნობ თემაზე.
დიდებული და ზუსტი ენაა ქართული, მოხერხებულად სვამს ორ მნიშვნელობას ერთ სიტყვაში: გატაცებულები ვართ – ზოგი თევზაობისას რუსი ჯარისკაცების მიერ, ზოგიც ,,თევზაობისას" რუსული პენსიით", _ წერს კეკელიძე.