"ჩვენ მივესალმებით თავისუფალ აზროვნებას სტუდენტებში და მათ შორის სკოლაშიც", _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ივლიტას ბიბლიოთეკაში", "გურია ნიუსისა" და "POST- ალიონის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, გურულ ახალგაზრდებთან საუბრისას გააკეთა.
მთავრობის მეთაური, ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის თათია ქილიფთარის იდეამ მოხიბლა, რომელიც სკოლებში თვითმმართველობის გაძლიერებას ეხებოდა:
_ პირველ რიგში, მინდა მივესალმო თქვენს გეგმებს და გითხრათ, რომ პატივს ვცემ იმას, რომ ლიბერალურ ღირებულებებს უჭერთ მხარს; პატივს ვცემ იმას, რომ ცდილობთ ის პროფესიები დააფინანსოთ, რომლებიც სამომავლოდ უფრო გამოყენებადია და პატივს ვცემ იმას, რომ მასწავლებლების კვალიფიკაციის დონის ამაღლება გსურთ. ბიზნესსექტორში არსებული სიახლეები, გამოწვევები ახსენეთ და ქვეყნის მშენებლობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეთ ყურადღება. ჩემი აზრით, ახალგაზრდები ჩართულობას უნდა სწავლობდნენ სკოლაში და ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემა სწორედ ესაა _ სკოლების თვითმმართველობა. არც ერთი პოლიტიკოსისგან, არც ერთი საარჩევნო კამპანიის დროს არ მსმენია, რომ ეს საკითხი ვინმეს წინ წამოეწიოს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ბავშვებიდანაც ნაკლები გამოხმაურებაა; თუმცა, მიმაჩნია, რომ დემოკრატიულ-ლიბერალური ღირებულებების გააზრება თვითმმართველობით იწყება, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე კარგი საშუალება სკოლის დეცენტრალიზაციისთვის. მე ვიყავი სკოლის თვითმმართველობის წევრი. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლას არ ჰქონდა ბიუჯეტი და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ სკოლის ასოციაციას რესურსცენტრი და საერთოდ განათლების სამინისტრო, ხელი გვეშლებოდა, ბავშვებს გაგვეკეთებინა ის, რაც მოგვწონდა. მე ვფიქრობ, სკოლებში თვითმმართველობის განვითარება განათლების სისტემის მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს და ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, _ მიმართა თათია ქილიფთარმა პრემიერს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასეთი იდეა არავისგან მოუსმენია და თუკი სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ჩარევა გახდება საჭირო, ის მზად არის: თვითმმართველობის სისტემის ცვლილებაზე ბოლო დროს ბევრი დებატი გაიმართა. სტუდენტთა ნაწილი ერთ მოდელს ემხრობა, ნაწილი _ მეორეს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ შესთავაზა მათ პლატფორმის შექმნა, რათა მოხდეს მსჯელობა, თუ რა სახის თვითმმართველობა გვინდა, როგორი გვინდა და როგორ ავიცილოთ თავიდან სახელმწიფოს ჩარევა და მანიპულირება. ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ სტუდენტების აზრით მანიპულირება მოვახდინოთ; პირიქით, ჩვენ მივესალმებით თავისუფალ აზროვნებას სტუდენტებში და რა თქმა უნდა, სკოლაშიც. ძალიან საინტერესო იდეაა, რაც თქვენ მომაწოდეთ, არავისგან მომისმენია და რა თქმა უნდა, მივესალმები. თუ ამისთვის საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დამატებითი წახალისება, დიდი სიამოვნებით. დარწმუნებული ვარ, რომ დამამთავრებელ კლასებში ბევრ ახალგაზრდას ექნება სურვილი ასეთი ტიპის პლატფორმის შექმნის _ ადგილის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების მობილიზებას სკოლის ადმინისტრაციასთან, _ აღნიშნა პრემიერმა თათია ქილიფთარის კითხვის პასუხად.
არაფორმალური განათლების აუცილებლობაზე მთავრობის მეთაურს ზურაბ თავართქილაძე ესაუბრა, რომელიც ასევე დაინტერესდა პრემიერის პოლიტიკური იდეოლოგიით:
_ დღეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ისეთი სკოლაა, სადაც კარგი და ხარისხიანი განათლების მიღება შეიძლება და ის არ არის მხოლოდ დედაქალაქში და დიდ ქალაქებში. მაგალითად, გურიაში, ჩოხატაურში ბევრი კარგი სკოლაა, თუმცა სკოლებში ვიღებთ მხოლოდ ფორმალურ განათლებას. ჩვენ შეიძლება კარგი ცოდნა გვქონდეს, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვაცნობიერებთ, რომ უბრალოდ ვერ ვიყენებთ ამ ცოდნას _ ამ ფორმალურ ცოდნასა და ნებისმიერ ცხოვრებისეულ მომენტებს შორის არის ნაპრალი. შესაბამისად, ამისთვის საჭიროა არაფორმალური განათლება, რომელიც ავსებს ამ ნაპრალს. თქვენი აზრით, თუ არსებობს ჩემ მიერ დასახელებული პრობლემა დღეს და როგორ შეიძლება სკოლის დონეზე გადაიწყვიტოს ეს პრობლემა, როგორ უნდა დავნერგოთ სკოლაში არაფორმალური განათლება?
და მეორე კითხვაც მინდა დაგისვათ _ თქვენ ახსენეთ ბიზნესსექტორის განვითარება და ასევე გადასახადების გაუქმება და შემცირება, რომელიც 2017 წლიდან იგეგმება. ეს ცალსახად ლიბერალიზაციაა, თუმცა, მეორე მხრივ, სახელმწიფო ახორციელებს სუბსიდირებას ძალიან ბევრ სფეროში. პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური იდეოლოგია ეკონომიკის მხრივ და ამ სუბსიდირების როლი _ რამდენად მომგებიანია, როგორ უნდა გახორციელდეს _ უნდა იყოს პერიოდული და შემდეგ უფრო დიდ გეგმებს ისახავს, თუ უნდა შეწყდეს?
პრემიერის განმარტებით, არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია:
_ მე არ ვიცი, დღეს სკოლებში თუ არის ამ ტიპის პროექტები, ან ცალკეულ სკოლებში თუ პილოტირდება, მაგრამ საინტერესო იქნებოდა ამაზე მსჯელობა. გეთანხმებით, რომ ერთია ფუნდამენტური დისციპლინები შეისწავლოთ და მეორეა, ალბათ, უნარები შეიძინო, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ეს ცოდნა გამოიყენო სხვადასხვა პროფესიების მიმართულებით. ალბათ, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ერთადერთი ეს შემიძლია გითხრათ, საჭიროა რომ ამაზე გარკვეული დისციპლინა შეიქმნას. მე მოვინიშნე თქვენი შეკითხვა და აუცილებლად მექნება საუბარი მინისტრთან, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იყო დრო, როცა საკადრო გადაწყვეტილებებს ერთი ხელის მოსმით იღებდა,თუმცა, დღეს ამ საკითხზე ბევრს ფიქრობს:
_ ცხოვრებისეული გამოცდილება გასწავლით რაღაცეებს _ ადამიანის ემოციური განწყობაც იცვლება დროთა განმავლობაში. მე, როგორც საკმაო გამოცდილების ადამიანს კერძო სექტორში, როგორც ყოფილ მენეჯერს, შემიძლია ვთქვა, რომ გადაწყვეტილებებს, თუნდაც საკადროს, ერთი ხელის მოსმით ვიღებდი, როცა 35 წლის ვიყავი. დღეს ბევრს ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება მივიღო თუ არა _ ამას გასწავლით ცხოვრება, გაჭირვებაც, რომელიც მეც ბევრჯერ მაქვს ნანახი, როგორც ყველა ადამიანს.
მე, ალბათ, მემარცხენე ვერასოდეს გავხდები. საქართველოში არ გვაქვს ფუფუნება, ვიყოთ მემარცხენეები _ ეს იქნება უპასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე. ამას ვამბობ აბსოლუტურად ცხადად. თუ მაინცდამაინც კონკრეტული პასუხი გაინტერესებთ _ მემარჯვენე ცენტრისტი ვარ. ჩვენს პარტიას ჰქვია სოციალ-დემოკრატიული _ მე გამაჩნია გარკვეული პროტესტი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უფრო ასახავს ჩვენი პარტიის აფინირებას ევროპელ პარტნიორებთან, ვიდრე მიმართულებას.
ჩვენ ვართ მემარცხენეები ჯანდაცვის სექტორში, მაგრამ ეს იყო აუცილებელი რეფორმა იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ, უბრალოდ, ვიღუპებოდით. მოდით, ვთქვათ პირდაპირ: ადამიანებს აღარ ჰქონდათ არანაირი საშუალება, რომ ემკურნალათ და ამისთვის სახლის დაგირავება, მევახშეებისგან სესხის აღება უწევდათ; ეს იმდენად ეგზისტენციალური საკითხი გახდა ქვეყნისთვის, ჩვენ რომ აქ მემარცხენე მიდგომით არ ჩავრეულიყავით, არაფრით არ შეძლებოდა, რადგან ერის ყოფნა-არყოფნაზე იყო ლაპარაკი. ამიტომ, ჯანდაცვაში ვართ მემარცხენეები, უფრო სწორად, საწყის ეტაპზე ვიყავით. დღეს ხდება ამ პრობლემის კორექტირება; მე, მაგალითად, არ უნდა მიმკურნალოს სახელმწიფომ, რადგან მე საკმაოდ დიდი ხელფასი მაქვს. რომ შევაჯამოთ, ჩვენ ვართ ცენტრისკენ გადახრილი მემარჯვენეები.
რაც შეეხება სუბსიდირებას _ ყველა პროგრამა, რაც ჩვენ გაგვაჩნია სუბსიდირების მიმართულებით, არის ისე სტრუქტუირებული, რომ ის არ არღვევს კონკურენტულ გარემოს. სოფლის მეურნეობის სუბსიდირება არის მხოლოდ და მხოლოდ დამწყებ ეტაპზე. მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში, ეს არის 7 წელი. არასასოფლო წარმოების პროგრამა "აწარმოე საქართველოში" სუბსიდირებას ახდენს მხოლოდ ორი წელი. არცერთი პროგრამა არ შედის კონკურენციაში კერძო სექტორთან; საპარტნიორო ფონდიც კი, რომელიც სახელმწიფო რესურსებს იყენებს კერძო სექტორის წასახალისებლად. ჩვენ ბიძგს ვაძლევთ ეკონომიკას საწყის ეტაპზე, რაც არავითარ შემთხვევაში არ იძლევა კონკურენტული გარემოს დამახინჯებას _ ეს არის მთელი ფილოსოფია ძალიან მოკლედ ჩამოყალიბებული, _ აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ლანჩხუთელი ნინო ტანდურაშვილი დაინტერესდა, დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს და მოხდება თუ არა სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა:
_ განათლებას შესაბამისი სახსრები ესაჭიროება და სამწუხაროდ, საქართველოში ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ სწავლის საფასური გადაიხადოს. ეს პრობლემა განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს აწუხებთ, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან. მე ვსარგებლობ ამ სტატუსით; ჩემსავით ბევრი ბავშვია, ჩემი მეგობრები, რომლებსაც არ ჰქონდათ საშუალება, რომ ერთი წელიც კი მომზადებულიყვნენ და მიეღოთ შესაბამისი განათლება, რომელიც სკოლაში არ მიიღება. სახელმწიფოს დამოკიდებულება როგორია ამ საკითხის მიმართ: ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ბავშვები დააფინანსოთ? თუ მეტყვით, რომ დაფინანსება ნიშნავს გრანტს, გიპასუხებთ, რომ გრანტის აღება ძალიან რთულია. ამას ემატება კიდევ ერთი მნიშნელოვანი პრობლემა _ ხშირად, საცხოვრებლის არარსებობა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ბავშვები კარგავენ სტუდენტის წოდებას და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა ხდება იძულებული, რომ დაჯდეს სახლში. ამიტომ მაინტერესებს, სახელმწიფო რა ცვლილებებს შეიტანს განათლების სისტემაში ამ ყველაფრის შესაცვლელად...
_ ირაკლი ღარიბაშვილის აზრი იყო სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენება. დიდი კომპლექსი შენდება, სადაც იქნება საშუალება, რომ სტუდენტებმა იცხოვრონ. ეს ძალიან კარგი ინიციატივა იყო და ვფიქრობ, რომ ასეთი ინიციატივა მომავალშიც იქნება. რაც შეეხება რეპეტიტორებს და მომზადებას საყოველთაო გამოცდებისთვის _ აქ მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო. ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი განათლების ახალ მინისტრთან. მეთორმეტე კლასის საკითხი საკმაოდ პრობლემატურად დგას. ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა დახარჯოს რესურსი ამ მიმართულებით. გეთანხმებით, რომ კონკურენტულ გარემოს საგრძნობლად აზიანებს ის, რომ ყველა ბავშვს არ აქვს საშუალება, ერთნაირად დახარჯოს რესურსი, რაც საბოლოო შედეგებზე აისახება. ხშირ შემთხვევაში, უნარიანი ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, გარეთ თუ არ რჩებიან, იმ უნივერსიტეტებში ვერ ხვდებიან, სადაც მათ სურთ, _ განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერისა და ახალგაზრდების საუბარი იყო სწორედ გადაცემის "მონოლოგიდან _ დიალოგამდე" პირველი ბლოკის თემა. მეორე ბლოკში კი შეხვედრაზე დასმულ საკითხებზე, არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და მოგვარების გზებზე ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, სკოლებში თვითმმართველობის გაძლიერება მოსწავლეებზეა დამოკიდებული:
_ მათ უნდა წარმოადგინონ ინიციატივები, პროექტები, რომლებიც აუცილებლად დაფინანსდება. ამაზე საუბარი ჰქონდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერს, რომლებმაც ახალგაზრდებს თანადაფინანსება შეპირდნენ, თუმცა მე არ მახსენდება პროექტი, რომელიც ახალგაზრდების მიერ იყო ინიცირებული, _ აღნიშნა იმედაშვილმა და მოსწავლეებს მოუწოდა ამ მიმართულებით უფრო გააქტიურდნენ.
ლელა იმედაშვილმა განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ახალი ტიპის მასწავლებლები სჭირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასაკოვანი მასწავლებლები სახლში უნდა წავიდნენ:
_ უამრავი პროგრამა ხორციელდება, ინტენსიურად მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადება, რაც ძალიან კარგია, _ აღნიშნა იმედაშვილმა.