„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“ მიმდინარე წლის 16 ივნისს საკრებულოს მიერ მიღებულ განკარგულებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება. ახალი რეგულაციით განსაზღვრული იქნება, როგორც სააგიტაციო მასალის ზომები, ასევე, ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ ერთ ობიექტზე გასაკრავი სააგიტაციო მასალის მაქსიმალური რაოდენობა.
გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მართვის სამსახურის უფროსის, გოგი ფაცურიას თქმით, რომელმაც საკითხი განსახილველად ჯერ ბიუროს წევრ დეპუტატებს წარუდგინა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოებისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სკვერებში, გარე განათების ბოძებსა და მოსაცდელებში პლაკატების მაქსიმალური რაოდენობის დადგენის საკითხი.
„სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სკვერებში არსებულ მწვანე ნარგავებზე მაქსიმალურ რაოდენობად თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის განისაზღვროს ერთი პლაკატი ერთ ნარგავზე, ასევე ერთი პლაკატი ერთი სუბიექტისთვის განათების ბოძზე. რაც შეეხება მოსაცდელებს, აქ არაუმეტეს ორი ცალისა ერთი საარჩევნო სუბიექტსათვის“,- განმარტავს გოგი ფაცურია.