"ამ დოკუმენტების საფუძველზე ნაწარმოები პიარი იმით დაგვისრულდა, რომ არც სააკაშვილი იძებნება და არც ადეიშვილი", _ ასე უპასუხა გიორგი მარგველაშვილმა „გურია ნიუსის“ კითხვას, თუ რატომ არ ხსნიდა გრიფით საიდუმლოს მიხეილ სააკაშვილის ხარჯების ამსახველ დოკუმენტაციას.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, მან თავიდანვე იცოდა, რომ ეს საქმე ცუდად დამთავრდებოდა:
_პრეზიდენტებს არცერთ ქვეყანაში სუშის ქვითრისთვის არ იჭერენ. არც ბოტოქსებისთვის, არც მასაჟისტების ჩამოყვანისთვის და არც პიჯაკების შეძენისთვის. ქვითრებით ვერავინ დაიჭირეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეს რომ გავიდა, შედეგი ყველამ ვნახეთ.
თან ეს ეხებოდა ადამიანს, რომელზეც ჩვენ გვქონდა სერიოზული ბრალდებები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ხალხი იყო ნაწამები, რომ ტელევიზიები და მიტინგები იყო დარბეული და ამ დროს საბუთი მიგვაქვს, რომ ამ ადამიანმა სუში ჭამა!
ეს იყო არასწორად დაგეგმილი პოლიტიკური პროცესი, რომლის შედეგებზეც ძალიან მარტივად შეგიძლიათ იმსჯელოთ _ აღარავის ეძებენ, _ აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა „გურია ნიუსის“ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას.