"ტერორისტული აქტი", "ძალიან მძიმე დივერსიული აქტი", "დიდი უბედურება" – ასეთ კვალიფიკაციას აძლევენ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუადააკავა; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კი, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილია დაკავებული.
თუმცა, მოსალოდნელი იყო თუ არა ნამდვილად ტერორისტული ან დივერსიული აქტი საქართველოში, ამას გამოძიება და შემდგომი პროცესები გვიჩვენებს.
უსაფრთხოების ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია შესაძლოა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდეს, რაც რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული.
რა მიზეზებზე საუბრობენ უსაფრთხოების ექსპერტები, რატომ ხედავენ რუსულ და უკრაინულ კვალს გავრცელებულ ინფორმაციაში და ვინ იჭერს "კუდიანებს", – ამ თემაზე "გურია ნიუსი" უსაფრთხოების საკითხების ექსპერტს ბესო ალადაშვილს ესაუბრა:
_ვერ ვიტყვით გადარჩა თუ არა საქართველო, ან იყო თუ არა ტერორისტული აქტის მცდელობა. ჯერ ძიება უნდა დასრულდეს, შემდეგ სასამართლო პროცესები. პირველი შეფასება ის არის, რომ ინფორმაცია, რაც დღეს გამოქვეყნდა, ძალიან მწირი იყო. რამდენიმე საინტერესო დეტალი დაჟღერდა, ერთი ის, რომ როგორც ირკვევა, სუს-ს უკვე რამდენიმე თვეა ეს პიროვნებები ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა არსებოდეს ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები ამ პირების შეხვედრების, მოლაპარაკებების შესახებ. დღევანდელი ტექნიკის პირობებში ეს პრობლემა არ უნდა იყოს. რაც მთავარია, ვიდეოჩანაწერები უნდა იყოს, რადგან, სამწუხაროდ, აუდიოჩანაწერის გაყალბება უფრო მარტივი და რეალურია.
მე არ მინდა დღევანდელი ინფორმაციაც "ნაციონალების" დროინდელ დაჭერებს დაემსგავსოს. ე.წ. "ზაპიხებს"რომ იჭერდნენ და 4-5 ძალიან გახმაურებული საქმეა ასეთი, რომელიც ლეგიტიმურ ეჭვს იწვევს. თუნდაც, ვახტანგ მაისაიას, სიმონ კილაძის, ფოტოგრაფების, "ენვერის" ან თუნდაც "კოჭოიას" საქმე. ამ საქმეებში მტკიცებულებები თითქმის არ იყო. მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის ბრალია, რომ ეს საქმეები 4 წელი არ იქნა გამოძიებული. ფოტოგრაფების ან ვახტანგ მაისაიას საქმე ავიღოთ, სადაც თუ კარგად ვნახავთ, მტკიცებულებები კი არა, პარადოქსული და კურიოზული ფაქტებია მოყვანილი. მე არ მინდა ასეთი დონის იყოს ეს ინფორმაციაც. როგორც ყველა რიგით მოქალაქეს, მინდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და უშიშროების სტრუქტურები გამართულად მუშაობდნენ. არ ვიჩქაროთ შეფასებებში, დაველოდოთ მტკიცებულებებს და ამ ფონზე სუს-მა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების დიდი ინტერესი და მტკიცებულებების თუნდაც ნაწილი – აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები გამოაქვეყნოს.
_თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ტერორისტული აქტის მიზანი, როგორც ეს დღეს გაჟღერდა? ხომ არ უკავშირდება ეს წინასაარჩევნო პერიოდს?
_ამ ეტაპზე 4 სავარაუდო ვერსია შეიძლება იქნეს განხილული. დავიწყებ ყველაზე ნაკლებსავარაუდო მიზეზით, თუ ნამდვილად იგეგმებოდა ასეთი დივერსია ან ტერაქტი, მასში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ან ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების მონაწილეობა, ჩემი აზრით ნაკლებად სავარაუდოა.
_რატომ გამორიცხავთ ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მონაწილეობას?
_იმიტომ, რომ ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს აქვთ თავისი ხელწერა. ერთი ის, რომ მათი შეტევის ობიექტი ყოველთვის ხალხმრავალი ადგილია, რათა მეტი რეზონანსი ჰქონდეს და სამწუხაროდ, მსხვერპლიც მეტი იყოს. რიგითი ტერაქტი, რომელიც მხოლოდ ნავთობსადენს დააზიანებს, ვერანაირ დივიდენდებს და ქულებს რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში ვერავის მოუტანს. მეორეც, რამდენადაც მე ვიცი, შვიდივე ბრალდებული ქრისტიანია და ქართველები არიან. როგორც წესი, ისლამური ტერორისტული ორგანიზაციები არამუსლიმებს არ ენდობიან. აქედან გამომდინარე დღევანდელი გახმაურებული ინფორმაციის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი ნაკლებსავარაუდოა. დანარჩენი სამი ვერსია თანაბრად შეიძლება განვიხილოთ – ერთი რომ ეს იყოს რუსეთის სპეცსამსახურების ჩანაფიქრი. თუმცა სამივე ვერსია, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება – არასტაბილურობის შემოტანა ან სხვა რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევა. რუსეთის სპეცსამსახურები ამ საქმეში გაწაფულები არიან, ალბათ, გახსოვთ, 2006 წელს ზუსტად იგივე გაზსადენის აფეთქება, როდესაც საქართველო რამდნიმე კვირით დარჩა ბუნებრივი გაზის გარეშე. არ არის გამორიცხული, რუსეთის სპეცსამსახურებს ახლაც გარკვეული გეგმა ჰქონდეთ, რის განხორციელებასაც იწყებენ. თუმცა, ეს ვერსიაც ნაკლებსავარაუდოდ მეჩვენება. ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ განწყობას, სადაც რუსეთის ინტერესები კიდევ უფრო უნდა იყოს დაცული. მგონი, პირიქით, დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში რუსეთის პოლიტიკური ვექტორი ისეა დაცული, როგორც არასდროს 1991 წლიდან. ბევრი პოლიტიკური პარტია არ მალავს პრორუსულ განწყობას. ასე რომ, რუსეთს, მგონი, პირიქით, სტაბილური სიტუაცია უნდა რომ თავისი ხალხი შეიყვანოს საქართველოს პარლამენტში, როგორც ეს ლავროვმა თქვა. დარჩა მეორე და მესამე ვერსია, რომ ეს ყველაფერი მართლაც უკრაინულ კვალზე გავიდეს, საქართველოდან გაქცეულმა და უკრაინას თავშეფარებული "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილს მართლაც ჰქონდეს ქვეყნის მოღალატური გეგმა. ყველაფერი შეიძლება დავუშვათ ამ შემთხვევაში.
_ბატონო ბესო, ამ შემთხვევაში თქვენ მიხეილ სააკაშვილს გულისხმობთ? მას შეიძლება ჰქონდეს რაიმე "მოღალატური გეგმა" როგორც აღნიშნეთ?
_რა თქმა უნდა, მას ვგულისხმობ. თავცხელა ხალხი იქაც საკმაოდ არიან. არ არის გამორიცხული… მაგრამ მე კითხვის ნიშანსაც ვსმვამ, რას მოუტანს ეს მას? თუ ეს მტკიცებულებებით დადასტურდა, ეს "ნაციონალური მოძრაობის" დიდ მარცხს გამოიწვევს. თუმცა, ეს ვერსიის სახით მაინც შეიძლება დავუშვათ. და ბოლოს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღევანდელ სპეცსამსახურებში საკმაოდ არის შემორჩენილი ძველი თანამშრომლები შევარდნაძის თუ "ნაციონალების" დროიდან, იმ პერიოდში კი, ხშირი იყო რეალური ან მოგონილი ტერაქტები, არ არის გამორიცხული, რომ ეს ჩვეულებრივი "კუდიანებზე ნადირობა" და არჩევნების წინ პოლიტიკური ქულების ჩაწერა იყოს.
_მხოლოდ ეს ოთხი სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს?
_ეს შემიძლია ვივარაუდო იმ მწირი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ხვალ და ზეგ თუ კიდევ იქნება რაიმე ინფორმაცია გამოქვეყნებული, სხვა ვერსიებზე საუბარიც შეიძლება. დაველოდოთ მტკიცებულებებს.
_ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, პოლიტიკოსებმა სხვადასხვა შეფასება მისცეს ფაქტს, ზოგი ამბობს, რომ ტერაქტი აღიკვეთ, ზოგის აზრით ეს დივერსია იყო. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?
_ამ მტკიცებულებებით, რაც გამოქვეყნდა ამას ტერაქტის დეფინიციაში ვერ გავიყვანთ. ალბათ, უფრო დივერსიული აქტია სტრატეგიული ობიექტის წინააღმდეგ. გრაფიკები რომ დახატეს, ესეც ცოტა სასაცილო იყო. შეიძლებოდა დოკუმენტური ვიდეომასალა დაერთოთ ბრიფინგისთვის. გამოქვეყნებული მასალით, აფეთქებები იგეგმებოდა ტყეში, რისი მიზანიც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესუსტება იყო. ეს წმინდა წყლის დივერსიაა. ამას უნდა მოყვეს ამ დივერსანტების ჯგუფის შემდგომი მოქმედებები. ბევრი კითხვა იბადება იმასთან დაკავშირებითაც დააზარალებდა კი საქართველოს ამ გაზსადენის აფეთქება? რა თქმა უნდა, სამწუხარო იქნებოდა, თუმცა, არა სავალალო. კითხვები ბევრია პირველ ეტაპზე, ვიდრე პასუხები. ამიტომ უნდა დაველოდოთ რას გვიწყალობებს სუს-ი ან ჩვენი ხელისუფლება, რა ინფორმაციას მოგვაწვდის.
_რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ინფორმაცია, რომ სუს-ი რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა ამ ადამიანებს, მათ შორის პოლიციის მოქმედ თანამშრომელს და ის უწყებიდან არ გაათავისუფლეს?
_ვერსიები ძალიან ბევრი შეიძლება დავუშვათ აქაც, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად არის, რომ ეჭვმიტანილს ტოვებენ ადგილზე და ბევრ ფუნქციასაც აძლევენ, თუმცა ეს ყველაფერი გაძლიერებული თვალთვალის ქვეშ მიმდინარეობს, რომ მან სხვა პირებზე, თანამონაწილეებზე გაიყვანოს გამოძიება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყებოდა და ამ ინფორმაციის საფუძველზე დაინიშნებოდა ოპერატიულ-ტექნიკურ-აგენტურული ღონისძიებები. წესით, ყველა წუთი, დღე და საათი ამ ეჭვმიტანილებისა დოკუმენტირებული უნდა იყოს ვიდეო-აუდიო მასალით. სხვანაირად მტკიცებულება მყარი არ იქნება.