ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რომან როგავა განზრახ მკვლელობაში და პირადი დოკუმენტის გატაცებაში დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108 და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებიდან გვატყობინებენ, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ქ.ზუგდიდან სოფელ ახალსოფლის მიმართულებით ტაქსით მოძრაობისას რომან როგავამ გადაწყვიტა დაუფლებოდა ტაქსის მძღოლ სოსო ეხვაიას კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას და მის კუთვნილ ნივთებს.
დანაშაულის ჩადენის მიზნით რომან როგავამ სოსო ეხვაიას, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი „ფოლკსვაგენ პასატის“ ავტომანქანით თავი მიაყვანინა სოფელ ახალსოფლის კოლხიდის უბანში, ცენტრალური გზიდან მოშორებულ, მოფარებულ და დაუსახლებელ ადგილზე და მოკვლის მიზნით ქვისა და ჩაქუჩის გამოყენებით თავს დაესხა. მიუხედავად სოსო ეხვაიას წინააღმდეგობისა, რომან როგავამ მას კეფის, შუბლის, სახისა და სხეულის სხვა მიდამოებში სხეულის მრავლობითი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. სოსო ეხვაია მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ რომან როგავამ ავტომანქანის გატაცება სცადა, თუმცა გასაღები ვერ იპოვა, რის შემდეგ დააზიანა ავტომობილის საჭის მოპირკეთების ქვედა პანელი და შეეცადა მანქანის დაქოქვას. მიუხედავად ამისა, რომან როგავამ ვერ შეძლო დაუფლებოდა ავტომანქანას, რის შემდეგაც მოიპარა სოსო ეხვაიას ფულადი თანხა _10 ლარის ოდენობით, ნოკიას მოდელის მობილური ტელეფონი, სოსო ეხვაიას სახელზე გაცემული მართვის და ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა რომან როგავა 2015 წლის 25 დეკემბერს ქ. ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ქვეპუნქტით _ განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით.