№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე დეპუტატობის ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული. კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის თქმით, ოზურგეთში რეგისტრაცია დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გოჩა ძიმისტარაშვილმა გაიარა.
“დეპუტატობის კანდიდატებს რეგისტრაციის გასატარებლად შეუძლიათ, ცესკოში ან საოლქო კომისიაში მობრძანდნენ. ამ ეტაპზე ჩვენთან მხოლოდ ერთმა კანდიდატმა შემოიტანა განაცხადი და ის უკვე დარეგისტრირდა დეპუტატობის კანდიდატად", _ გვითხრა ზვიად თენიეშვილმა.
ძიმისტარაშვილს ჯერ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კენჭი პარტია "თავისუფალი საქართველოს" სახელით ეყარა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც “თავისუფალი საქართველო“ და “პატრიოტთა ალიანსი" წინასაარჩევნოდ გაერთიანდნენ.
“დავტოვე “თავისუფალი საქართველო“, რადგან ეს პარტია კოალიციაში “პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად ეცდება ხმების მოპოვებას.
არანაირი საქმე არ მაქვს ისეთ პარტიასთან, რომელიც ხელისუფლებასთანაა დაახლოებული", _ ამბობს გოჩა ძიმისტარაშვილი, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსის" სიით მოხვდა, რომელიც აპრილში დატოვა და კუკავას პარტიაში გადაინაცვლა.